თბილისის მერიაში მთავრობის 2022 წლის ბოლო სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის 2022 წლის მთავრობის ბოლო სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თბილისის ბიუჯეტი უპრეცედენტო მოცულობის - მლრდ 632 მლნ ლარის ოდენობის იქნება.

მისი თქმით, გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით, მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად, 326 მლნ ლარით მეტი დაიხარჯება.

„საკრებულოს წინაშე წარვდექით, სადაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ ჩავაბარეთ ანგარიში, თუ რა გავაკეთეთ 2022 წელს. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, რასაც 2023 წელს გავაკეთებთ. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. მომავალი წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალი იქნება - მილიარდ 632 მილიონი ლარის ოდენობით. ამხელა ბიუჯეტი თბილისის მუნიციპალიტეტს არასდროს ჰქონია. 2017 წელს, როდესაც ჩემი მერობის პირველი ვადა დაიწყო, დედაქალაქის ბიუჯეტი 800 მლნ-ზე ცოტა მეტი იყო. 2022 წლის ბიუჯეტთან შედარებით კი, მომავალი წლის 326 მლნ ლარით მეტია. გარდა ამისა, მომდევნო წელს, მუნიციპალიტეტი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან მოზიდული სახსრებით, ჯამურად, 166 მლნ ლარის ღირებულების პროექტებს განახორციელებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მომავალ წელს ყველაზე მეტი თანხა - 515 მლნ ლარი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება.

„მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ბიუჯეტის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის მიმართულებით 515 მლნ ლარი გამოიყოფა, გარემოს დაცვის მიმართულებით - 200 მლნ ლარი, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით - 500 მლნ ლარი, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამისთვის“ - 39 მლნ ლარი; ავარიული სახლების ჩანაცვლებისა და გამაგრების პროგრამა კვლავ გრძელდება. ასევე, მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს ახალი ავტობაზის მშენებლობა და 2023-24 წლებში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, მომავალ წელს წერეთლის გამზირის, რამდენიმე ქუჩისა და ხიდის რეაბილიტაცია განხორციელდება.

„გარდა ამისა, განხორციელდება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც 25 მლნ ლარია გამოყოფილი, ასევე, დიდუბის ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩის, მშვიდობის ხიდის, სულხან-საბას და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია; რეაბილიტირდება წინამძღვრიშვილის N1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი; სრულად განახლდება ვაზისუბანში და დიღმის მასივში არსებული პარკები, ასევე, ციციშვილის პარკი. მუხიანის პარკის, პირველი რესპუბლიკის პარკის, ე.წ. სამხედრო ქალაქის მიმდებარედ გაშენდება დიდი პარკი. განხორციელდება ნარჩენების მართვის მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, მეოთხე უჯრედის მშენებლობის სამუშაოები, რომელიც რამდენიმე წელს გაგრძელდება. ასევე, „თბილსერვის ჯგუფისთვის“ შესაბამის ტექნიკას შევიძენთ. კახეთის გზატკეცილზე განხორციელდება მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაცია. რასაკვირველია, ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ყველანაირი მზაობა გვაქვს, ქალაქისთვის და აქ მცხოვრები ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ. მუშაობას 24-საათიან რეჟიმში გავაგრძელებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ თანამშრომლებისთვის ხელფასების 10%-ით მატება გრძელდება, რისთვისაც მუნიციპალიტეტი დამატებით თანხებს გამოყოფს. ხელფასების მატება მუნიციპალიტეტის მერიისა და მის დაქვემდებარებაში არსებული უწყებების თანამშრომლებს შეეხება.

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაცხადებული პოლიტიკის ფარგლებში, თანამშრომლებისთვის ხელფასების 10 პროცენტით მატება გრძელდება. ამ ყველაფრის მიზანია, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულებს ჰქონდეთ მეტი სტიმული და ინტერესი, დარჩნენ აღნიშნულ სექტორში, ემსახურონ ქვეყანას და მის თითოეულ მოქალაქეს, გაზარდონ მათი საქმიანობის ეფექტიანობა და რაც მთავარია, პასუხისმგებლობა - მეტი სიფრთხილე, ყურადღება თითოეულ საკითხზე მუშაობისას, თითოეული მოქალაქის მიმართვის განხილვისას, თითოეული გადაწყვეტილების მიღებისას. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს გადაწყვეტილებები ძირითადად, ეხება და ცვლის არა ერთი ან ორი, არამედ ათასობით მოქალაქის ყოფას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა საახალწლოდ დაგეგმილ აქტივობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გალაკონცერტი 31 დეკემბრის ღამეს, ევროპის მოედანზე გაიმართება.

„მინდა, ყველა - ადგილობრივი მოსახლეობა თუ თბილისის სტუმრები, მოვიწვიო საახალწლო გალა-კონცერტზე, რომელიც ევროპის მოედანზე, 31 დეკემბრის ღამით, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე დაიწყება. ადგილზე ვიქნები და მექნება შესაძლებლობა, რომ ერთად შევხვდეთ 2023 წელს. საახალწლოდ მორთული ჩვენი დედაქალაქი ულამაზესია. გვაქვს ასევე, „საახალწლო სოფელი“, რომელსაც რუსეთთან და რუსულთან არანაირი კავშირი არ აქვს. ყოველ საღამოს ჩვენი თანამოქალაქეები იკრიბებიან და დროს სასიამოვნოდ ატარებენ. 31 დეკემბერს კი, ყველას გელოდებით საახალწლო გალაკონცერტზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ ახალი წლისა და შობის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება. გახანგრძლივებულ საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება.

„შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით, ახალი წლის ღამეს გახანგრძლივებულად, 03:00 საათამდე იმუშავებს მეტრო, ავტობუსი და რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი, ხოლო შობის ღამეს - მეტრო. გახანგრძლივებულ საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება. მინდა, მადლობა გადავუხადო სატრანსპორტო კომპანიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ახალი წლის საათებში განაგრძობენ მუშაობას და ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებს მოემსახურებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მთავრობის 2022 წლის ბოლო სხდომაზე მადლობა გადაუხადა თბილისელებს, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს და აწ გარდაცვლილ ილია ელოშვილს, რომელიც მისი მოადგილის პოსტს წლების განმავლობაში იკავებდა.

„დღეს 2022 წლის ბოლო მთავრობის სხდომაა და მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ თბილისელს იმ უდიდესი მხარდაჭერისთვის, რომელსაც მუდმივად ვგრძნობ პირადად მე და დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანაგუნდელებიც. ეს მხარდაჭერა და თანადგომა უდიდესი სტიმულია იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ. ამ გამოწვევების და სირთულეების ფონზე, თქვენი თითოეული მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, არის კრიტიკაც, რომელსაც მე, პირადად, თუ ჯანსაღია, ვიღებ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შეუცდომელი არავინაა. ყოველთვის ვაკეთებთ ანალიზს, რა იყო შეცდომა, რა უნდა გამოსწორდეს, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე ეს შეცდომები არ განმეორდეს. მე, როგორც დედაქალაქის მერი, როგორც თბილისელების არჩეული ადამიანი, ყოველთვის გავაგრძელებ ამ კომუნიკაციას, რადგან კარგად მაქვს გააზრებული, რამხელა პასუხისმგებლობა და ტვირთია, იყო თბილისის მერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე, მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს და მის თანაგუნდელებს, ვინც კეთილსინდისიერად ემსახურება ქალაქს.

„მადლობა ყველას, დაწყებული მეეზოვიდან, ვიცე-მერის ჩათვლით. მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ ამ წლების განმავლობაში. ვიცი, რამდენად რთულია, რომ ხშირად გვიწევს ღამეების თენება, მაგრამ სასიხარულოა ის, რომ ამის გამო, საუკეთესო შედეგებს ვიღებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ აქვე, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მერის გარდაცვლილ მოადგილეს, ილია ელოშვილს.

„განსაკუთრებული მადლობა კი მინდა გადავუხადო ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში იყო იქ, სადაც ყველაზე ფაქიზი, სენსიტიური თემები და პრობლემები იყრიდა თავს. ილიას დაზარალებულები, ილიას უსახლკაროები, ილიას მარტოხელა მოხუცები, ილიას ბაგა-ბაღები - ასე მოვიხსენიებდით გუნდში მის საკურატორო თემებს. გაჭირვებაში მყოფი ადამიანებისთვის გადაჭრილი ყოველი საკითხი, მოგვარებული პრობლემა ნამდვილი ზეიმი იყო მისთვის. დღეს ვერ დავასრულებ ჩემს გამოსვლას ისე, არ ვახსენო ილია ელოშვილი - მეგობარი, თანამებრძოლი, პროფესიონალიზმის და წესიერების მაგალითი; ადამიანი, რომელიც 2022 წელმა გამოგვაცალა. მინდა, მადლობა გადავუხადო ილიას დედას, რომ ასეთი კაცი გაზარდა, ასეთი ადამიანი გვაჩუქა ყველას. მადლობა ილიას მამას ამ ყველაფრისთვის“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე მოსახლეობას დამდეგი ახალი წელიც მიულოცა და ქვეყანას მშვიდობა უსურვა.

„ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ-წელს, შობას. პირველ რიგში, მინდა, გისურვოთ ჯანმრთელობა, რაც თითოეული ადამიანისთვის უძვირფასესი და ყველაზე მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, მინდა, ვუსურვო ჩემს ხალხს, ჩემს სამშობლოს მშვიდობა. მინდა, ვუსურვო მშვიდობა ყველა იმ ქვეყანას, იმ ადამიანს, სადაც დღეს უდიდესი პრობლემებია. მთელ მსოფლიოს, ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს მინდა, ვუსურვო მშვიდობა და სიმშვიდე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

30 დეკემბერი 2022