კახა კალაძე: მინდა ვისურვო, რომ თბილისელობა და ტოლერანტობა მუდამ იყოს სინონიმი და თბილისური ცხოვრების თანმდევი

დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში არსებულ უმცირესობათა საბჭოს ინიციატივით, თბილისის საკრებულოში ტოლერანტობის დღე აღინიშნა. ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

თბილისის მერმა ტოლერანტობის დღე ყველა იმ ადამიანს მიულოცა, ვისთვისაც რელიგიური, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნება მთავარ ღირებულებას წარმოადგენს.

„მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო ყველას, ვისთვისაც რელიგიური, ეთნიკური, კულტურული მრავალფეროვნება წარმოადგენს იმ მთავარ ღირებულებას, რაც აძლიერებს ჩვენ ქვეყანას. მე არ შევუდგები ისტორიულ ექსკურსს, ისედაც ყველასთვის ცნობილია და მსოფლიო დონეზეც აღიარებული, თუ რატომ მიიჩნევა თბილისი ერთ-ერთ ყველაზე ტოლერანტულ ქალაქად. დღეს, ამ მოცემულობაში, მე როგორც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირი, ვგრძნობ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას, გავუფრთხილდეთ, დავიცვათ და შევინარჩუნოთ ის დიდი მონაპოვარი, რაც მემკვიდრეობის სახით, ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. ასევე, ვიზრუნოთ, რათა შევქმნათ სრულიად თანასწორი გარემო ნებისმიერ უბანში, დასახლებასა და რაიონში ინფრასტრუქტურული განვითარების, სერვისების ხელმისაწვდომობის, სპორტული თუ კულტურული ცხოვრების დანერგვის თვალსაზრისით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქალაქის მთავარ სიმდიდრეს მოქალაქეები წარმოადგენენ, რომლებიც თბილისის რეალობას და სახეს ქმნიან.

„განსაკუთრებით, ხაზი მინდა გავუსვა იმ კულტურული და ისტორიული არეალების მოვლა-პატრონობის მნიშვნელობას, სადაც იკითხება ჩვენი ქალაქის დიდი ტრადიციები, სხვადასხვა ეთნიკურ თუ რელიგიურ ჯგუფებთან თანაცხოვრების ისტორიები, მაგრამ ამ ქალაქის ყველაზე მთავარ სიმდიდრეს, რასაკვირველია, წარმოადგენენ ჩვენი მოქალაქეები. სწორედ ისინი ქმნიან თბილისის რეალობას, მის სახეს. მიხარია, რომ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებას ატარებენ სხვადასხვა რელიგიის და ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ თბილისის, როგორც მრავალეთნიკური ქალაქის განვითარებაში. მინდა ვისურვო, რომ თბილისელობა და ტოლერანტობა მუდამ იყოს სინონიმი და ჩვენი თბილისური ცხოვრების თანმდევი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის საკრებულოში რამდენიმე კუთხე მოაწყვეს და თითოეული ეთნოსისთვის დამახასიათებელი სამეურნეო ყოფის, ასევე, ისტორიულ-მატერიალური კულტურის ნიმუშები წარმოადგინეს. დღესვე, საკრებულოსთან არსებული უმცირესობების საბჭოს წევრებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სხვადასხვა სათვისტომოს წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ტოლერანტობის დღე 1996 წლიდან გაერო-ს გენერალური ასამბლეის ინიციატივით აღინიშნება.

16 ნოემბერი 2022