თბილისში მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა დაიწყო

თბილისში მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა დაიწყო. 

სამშენებლო სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ,  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა გახსნეს.

პროექტის ფარგლებში გაკეთდება ახალი  მეტროსადგური, კერძოდ, ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მეტროსადგურ „უნივერსიტეტამდე“. ასევე,  პროექტის განხორციელების შედეგად დელისსა და ვაჟა-ფშაველას მეტროსადგურებს შორის მეორე გვირაბიც ამუშავდება. პროექტს  მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 83,000,670.45 ლარია. მეტროს მშენებლობა სამუშაოების დაწყებიდან 24 თვეში დასრულდება.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით,  დედაქალაქში არსებული საცობების ფონზე, დამატებითი მეტროსადგურის მშენებლობა მისასალმებელია.

„დამატებითი მეტროსადგურების მშენებლობა ნამდვილად მისასალმებელია და შვებას მისცემს ამ მჭიდროდ დატვირთულ უბანს. ვაჟა-ფშაველას ბოლო და პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი, ეს ის დასახლებები და სასწავლებლებია, რომლებიც  დამატებით, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებას საჭიროებენ, რადგან მგზავრების საკმაოდ დიდი ნაკადია. 30 წელია, რაც  აქ მშენებლობა დაიწყო და დაკონსერვდა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთი გვირაბი დასრულდეს, ასევე გაკეთდეს მეორე გვირაბი და უსაფრთხოების ყველანაირი წესებისა და ნორმების დაცვით თანამედროვე მეტროსადგური, როგორც ეს ამ პროექტითაა გათვალისწინებული“,- განაცხადა დავით ნარმანიამ 

პროექტის ფარგლებში გაკეთდება არსებული გვირაბების რესტავრაცია საერთო სიგრძით 2,6 კმ. მშენებლობის ფარგლებში მოეწყობა სადგურის მიწისქვეშა და მიწისზედა შენობები, გაკეთდება მეტროდან ამოსასვლელები ვაჟა-ფშაველას გამზირზე და სანდრო ეულის ქუჩაზე, ჯამში 4 ამოსასვლელი. გაკეთდება სალიანდაგო ხაზები, მოეწყობა ელექტროქვესადგური, ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟე სისტემები, ასევე, სიგნალიზაციის მართვისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები. გაკეთდება სათადარიგო ამოსასვლელები.

თბილისის მეტროს მეორე ხაზის გაგრძელება დელისის სადგურიდან უნივერსიტეტის მიმართულებით 1985 წელს დაიწყო და 1993 წელს შეჩერდა. მშენებლობა 1998 წელს განახლდა და 2000 წლისთვის გაიხსნა ვაჟა-ფშაველას სადგური, სადაც დღემდე დელისსა და ვაჟა-ფშაველას შორის მოწყობილი ორი პარალელური გვირაბიდან მხოლოდ ერთი მუშაობს. მეორე ხაზი კი ამ დრომდე არ არსებობს. ვაჟა-ფშაველას და უნივერსიტეტის სადგურებს შორის გვირაბები გაყვანილია, მაგრამ სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. პროექტის განხორციელების შედეგად, დელისსა და ვაჟა-ფშაველას მეტროსადგურებს შორის მეორე გვირაბიც ამუშავდება, ხოლო დედაქალაქში არსებულ 22 მეტროსადგურს 23-ე მეტროსადგური დაემატება.

„დიდი მნიშვნელობა აქვს მეტროს განვითარებას თბილისში, განსაკუთრებით პიკის საათებში არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე. ეს არის ერთ-ერთი უსაფრთხო ტრანსპორტი. ვფიქრობ, მეტროს განვითარების კონცეფცია ორი მიმართულებით უნდა წავიდეს: ერთი-გაიზარდოს ისეთი უბნების რაოდენობა, რომლებიც  დატვირთული იქნება და მეორე-არსებული მეტროს გამოყენება უნდა მოხდეს მაქსიმალურად ეფექტურად“,- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა.

„დაგეგმილი გვაქვს, რომ ორ წელიწადში დავასრულოთ მშენებლობა.  სამუშაოები უკვე დაწყებულია. რემონტდება ოფისი, სადაც ადმინისტრაცია იქნება განთავსებული. ეს ისტორიული მნიშვნელობის პროექტია და მისი ღირებულება 83 მილიონი ლარია. ქალაქ თბილისს დაემატება ერთი ახალი მეტროსადგური  ევროპული, თანამედროვე სტანდარტებით“,- განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ესპანურ-იტალიური ერთობლივი საწარმო „ASSIGNIA KOBRA “ ახორციელებს.

მეტროსადგურის პროექტი ესპანურმა საკონსულტაციო კომპანია “ევროსტუდიომ“ მოამზადა. თბილისის მეტრო 1966 წელს გაიხსნა. დღეისთვის ის ორი ხაზისგან შედგება, საერთო სიგრძით-27 კმ.  დედაქალაქში ამჟამად 22 სადგური ფუნქციონირებს, რასაც მშენებლობის დასრულების შემდეგ 23-ე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი მეტროსადგური დაემატება.

 

 

 

28 ივლისი 2015