მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა მთაწმინდის რაიონში, მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

„დავიწყეთ მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია-განახლება. სამუშაოების პირველი ეტაპი მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლას მოიცავს, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. გაუბედურებული და განადგურებული იყო ყველა არსებული კომუნიკაცია. იქ, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებით შევდივართ, პირველ ეტაპზე, გვინდა, რომ კომუნიკაციების თვალსაზრისით, ყველაფერი იყოს მოწესრიგებული. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება გამწვანება, დამონტაჟდება განათების ბოძები. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება. თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ არსებული მოედანი მთლიანად გადაკეთდება, ასევე, გაჩნდება საავტობუსე ზოლები. საკმაოდ საინტერესო პროექტია, რომელიც ჭავჭავაძის გამზირის გაგრძელებაა. სამუშაოების დასრულებას, დაახლოებით, ნოემბერში ვგეგმავთ, რომლის შემდეგაც, ავტომობილებით გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი. მომავალ წელს კი ვგეგმავთ კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, განახლდება წყლისა და წყალარინების სისტემები, გაზმომარაგების მილები. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება და დამონტაჟდება განათების ქსელი LED სანათებით. მოეწყობა ტროტუარები, მოსაცდელები, საავტობუსე ზოლები და ველობილიკი. ასევე, დამონტაჟდება მიწისქვეშა ურნები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ადაპტირდება შშმ პირებისთვის.

სარეაბილიტაციო არეალი ვარაზისხევიდან ჭოველიძის ქუჩის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს. პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 388 000 ლარით ფინანსდება.

კახა კალაძესთან ერთად, ადგილზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ლევან ნაროუშვილი, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი, ასევე, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე იმყოფებოდნენ.

21 ივნისი 2022