თბილისის მერის მოადგილე „ქოლგა თბილისი ფოტოს“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო

თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია „ქოლგა თბილისი ფოტოს“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო. ფოტოკვირეული ხვალიდან ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.

ანდრია ბასილაიამ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მათ წარმატებები უსურვა.

„მიხარია, რომ თბილისის მერიის მხარდაჭერით, კვლავ იხსნება „ქოლგა თბილისი ფოტოს“ კვირეული, რომლის ფარგლებშიც, მსოფლიოში აღიარებული არაერთი ავტორის გამოფენას ვიხილავთ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის კულტურული ცხოვრებისთვის ასეთი მასშტაბის ღონისძიებები, რომელიც ხაზს უსვამს თბილისის, როგორც საერთაშორისო ფოტოგრაფიის შეხვედრის ადგილის მნიშვნელობას. ასევე, მნიშვნელოვანია თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციისა და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარებისთვის. მინდა, წარმატებები ვუსურვო კვირეულის ორგანიზატორებს, მონაწილეებს და ვისურვო, რომ კიდევ ბევრი წარმატებული პროექტის მხილველი ვყოფილიყავით“, - განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ.

ღონისძიებაზე „ქოლგა თბილისი ფოტოს“ 2022 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ კატეგორიებში: დოკუმენტური სერია; რეპორტაჟი; კონცეპტუალური ფოტოპროექტი; ერთი კადრი; მობილური ერთი კადრი.

„ქოლგა თბილისი ფოტო“ მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციასა და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარებას. ფოტოკვირეულის წარმდგენია „თიბისი ბანკი“. მხარდამჭერი: თბილისის მერია, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ეროვნული არქივი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ასევე, იტალიის საელჩო საქართველოში, სასტუმროები „რუმსი“ და „მოქსი“.

ღონისძიების სპონსორია კომპანია „ქენონი“, პარტნიორები: „არდი“, ტელეკომპანია „ფორმულა“, „არტარეა“, რადიო „კომერსანტი“, „ალმა“, at.ge, National Geographic და „პუბლიკა“.

06 მაისი 2022