თბილისის მერი: იუნესკო-ს მიერ გამოცხადებული ნდობა ჩვენი ქვეყნის უდიდესი აღიარება იყო

იუნესკო-ს მიერ გამოცხადებული ნდობა ჩვენი ქვეყნის უდიდესი აღიარება იყო და ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ მათი ნდობა საუკეთესოდ გავამართლეთ და გავართვით თავი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ იუნესკო-ს პროექტის, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა.

კახა კალაძემ პროექტის განხორციელებისათვის მადლობა გადაუხადა როგორც იუნესკო-ს წარმომადგენლებს, ასევე თბილისში მის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირებს.

„მივესალმები იუნესკო-ს წარმომადგენლებს, სტუმრებს გვადალახარადან, კუალა ლუმპურიდან, აკრადან და ყველა იმ ქალაქიდან, რომლებიც სხვადასხვა წლებში ატარებდნენ წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს. მივესალმები ჩვენს მწერლებს, გამომცემლებსა და მთარგმნელებს და ცხადია, იმ გუნდის წარმომადგენლებს, რომელსაც ერგო დიდი პასუხისმგებლობა და პატივი, ჩვენი ქალაქისა და ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი განეხორციელებინა.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ იყო მარტივი. მით უმეტეს, როდესაც ამ პროექტის განხორციელება პანდემიის პირობებში მოგვიწია. ნინია მაჭარაშვილს მინდა პირადად მადლობა გადავუხადო და თითოეულ ჩვენს თანამშრომელს ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ პროექტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ აქტივობები შედეგზე ორიენტირებული იყო.

„ოცი წლის წინ, იუნესკო-მ სწორად გათვალა, რომ ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში მცხოვრებ 21-ე საუკუნის ადამიანს, აუცილებლად დასჭირდებოდა წიგნის სიკეთის შეხსენება. შედეგად, უკვე ოცი წელიწადია, რაც მსოფლიოს ქალაქები წიგნის დედაქალაქის პროექტს მასპინძლობენ და თუ წიგნიერების განვითარების მიმართულებით, იქაურ სტატისტიკას გადავავლებთ თვალს, მივხვდებით, რომ პროექტი შედგა, პროექტმა იმუშავა და პროექტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

როდესაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ იუნესკო-მ არჩევანი თბილისზე შეაჩერა, რომ ჩვენ მიერ წარდგენილი პროექტი მსოფლიოს უდიდესი ქალაქების განაცხადებს შორის გამოარჩია, ნათელი გახდა, რომ წინ თავდაუზოგავი შრომა გველოდა. ამისთვის მზად აღმოვჩნდით და ერთი წლის შემდეგ, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა სირთულის მიუხედავად, გავაკეთეთ მაქსიმუმი არა მხოლოდ წიგნთან დაკავშირებული ყველა რგოლისთვის, არამედ, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოებისთვის, ბავშვებისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.

პროექტის დაგეგმვის, მზადებისა და განხორციელების ყველა ეტაპს ყურადღებით ვაკვირდებოდით მე და ჩემი თანაგუნდელები და მიხარია, რომ თავისთვის საინტერესო აქტივობა, ნებისმიერი ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანმა აღმოაჩინა. ეს იყო არა მხოლოდ უდიდესი დღესასწაული ჩვენი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, არამედ პროფესიული თვალსაზრისით განვითარდა ქართული საგამომცემლო საქმე, ხოლო ჩვენი მწერლებისთვის მსოფლიოს მკითხველისკენ მიმავალი კარი უფრო ფართოდ გაიხსნა.

ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორი შედეგიანი იყო 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა. ქართული კლასიკური თუ თანამედროვე მწერლობა, მთელმა მსოფლიომ გაიცნო, ქართველმა გამომცემლებმა საქმიანი ურთიერთობები გააფართოვეს, ავტორებისთვის მეტი ასპარეზი გაიხსნა. ამ უმნიშვნელოვანესი წარმატების შემდეგ, ერთგვარ ვალდებულებას ვგრძნობდით, რომ სფეროს განვითარებისთვის მეტი უნდა გაგვეკეთებინა და მეტი ადამიანი დაგვებრუნებინა წიგნთან, რადგან ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რომ საზოგადოებისა და ქვეყნის მომავალი მხოლოდ განათლებულ და წიგნიერ ადამიანებზე დგას.   იუნესკო-ს მიერ გამოცხადებული ნდობა ჩვენი ქვეყნის უდიდესი აღიარება იყო და ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ მათი ნდობა საუკეთესოდ გავამართლეთ და გავართვით თავი. რაც მთავარია, გავამართლეთ ადამიანების ნდობა და ერთი წლის შემდეგ, გაცილებით პროგრესულ და განათლებულ, განვითარებულ და მომავალზე ორიენტირებულ საზოგადოებაში ვიცხოვრებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ წარმატება უსურვა ქალაქ გვადალახარას, რომელიც წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს რამდენიმე დღეში გადაიბარებს. გარდა ამისა, დამსწრე საზოგადოებას ქართული ენის დღე მიულოცა. იუნესკო-ს პროექტის - „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ დასკვნითი ღონისძიება, რომელზეც საზოგადოებას ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების ანგარიში წარუდგინეს, ქართული ენის დღეს გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდა იუნესკო-სა და წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის პირველი შეხვედრის მონაწილე ოცამდე ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის, დედაქალაქების მერები, მერების მოადგილეები და წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სტუმართა შორის, ასევე, იყვნენ დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოში მოქმედი საერთაშორის ორგანიზაციების წარმომადგენლები, მწერლები, გამომცემლები, მთარგმნელები და ლიტერატურული სფეროს სხვა წარმომადგენლები.

თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021 წლის 23 აპრილს გახდა. სტატუსის მოპოვების შემდეგ განხორციელდა ასამდე ღონისძიება, რომლის მიზანი იყო მწერლებისა და მთარგმნელების ხელშეწყობა, საგამომცემლო საქმის სტიმულირება, საერთაშორისო კავშირების გაღრმავება, ბავშვებისა და მოზარდების წიგნით დაინტერესება, წიგნის ხელმისაწვდომობა, წიგნიერებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაკავშირება.

მიმდინარე წლის 23 აპრილს, თბილისი იუნესკო-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის წოდებას მექსიკის ქალაქ გვადალახარას გადასცემს. 2023 წელს კი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი, განას დედაქალაქი, აკრა იქნება.

15 აპრილი 2022