ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების მხარდაჭერა

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების დაფინანსების პროგრამას და აცხადებს კონკურსს საპროექტო   განაცხადების მიღებაზე.

პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდების მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული სოციალური საწარმოების ფინანსურ მხარდაჭერას და ბიზნესმოდელზე დაფუძნებული პროექტების განხორციელებას, რომელსაც ექნება ერთი მხრივ, სოციალური, მეორე მხრივ კი, ეკონომიკური მიზანი, მოემსახურება შემოსავლის მიღებას და ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას.

პროგრამის მიზნები:

  • სამეწარმეო უნარების მქონე ახალგაზრდების ინოვაციური და შემოქმედებითი იდეების რეალიზება;
  • ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება, მათი დასაქმების ხელშეწყობა;
  • ახალგაზრდებზე ორიენტირებული სერვისების შექმნის მხარდაჭერა;
  • ახალგაზრდული ჯგუფებისა და ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა და მათი გაძლიერება;

პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება, როგორც პროდუქციის, ასევე სხვადასხვა სფეროს მიმართულებით სერვისების შექმნა, რომელთა განხორციელების პროცესში ახალგაზრდები დასაქმდებიან და ძირითადი მომხმარებლებიც ისინი იქნებიან. დაფინანსდება სოციალური მისიის მქონე პროექტები მცირე ზომის საწარმოების, ლაბების, შემოქმედებითი სტუდიების, სახელოსნოების, ჰოსტელების, კაფე-ბარების, სასწავლო და გასართობ-სარეკრეაციო ცენტრების შექმნისა და განვითარების მიზნით.

ერთი პროექტის ფარგლებში, დაფინანსების მაქსიმალური ზღვარი შეადგენს 30,000 ლარს. შესაძლებელია დაფინანსდეს ბიზნესისთვის საჭირო დანადგარების, ტექნიკის, სხვა მატერიალური-ტექნიკური საშუალებებისა და მასალების შეძენა, პროექტის განსახორციელებლად საჭირო სხვადასხვა სერვისი და საოპერაციო ხარჯები.

საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყება 2022 წლის 10 მარტს და გაგრძელდება 30 მარტის ჩათვლით.

მის: თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია (შარტავას ქუჩა N7) ან/და რაიონული გამგეობების სერვის ცენტრები, ასევე, ელექტრონული პლატფორმა www.ms.gov.ge.

09 მარტი 2022