თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

დედაქალაქის მერმა უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოხატა და აღნიშნა, რომ უკრაინას მისი ცხოვრების ბევრი დასამახსოვრებელი წუთი, წარმატება და გამარჯვება უკავშირდება.

„კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. შემაშფოთებელია იქ მიმდინარე ომი. უკრაინაში შეჭრა და სამხედრო მოქმედებების წარმოება მიუღებელია და რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის წესებსა და ყველანაირ პრინციპებს. რთულია, ემოციების გარეშე უყურო ამ ყველაფერს. ჩვენ ყველას გვტკივა თითოეული დაკარგული სიცოცხლე, ცრემლი და ჭრილობა. მე უკრაინასთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს. გარკვეული წლების განმავლობაში, მომიწია უკრაინაში ცხოვრება, კერძოდ კიევში. ძალიან ბევრი დასამახსოვრებელი დღე და წუთი მახსოვს. ბევრი წარმატება, გამარჯვება და დიდი სიყვარული მაკავშირებს უკრაინელ ხალხთან. მინდა უკრაინელ ხალხს ჩემი სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოვუცხადო“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს უკრაინისა და უკრაინაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„როგორც ქართველს, ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს, განსაკუთრებით მეამაყება, რომ საქართველოს დიპლომატიური მისია იმ ერთეულებს შორისაა, ვინც ამ ძნელბედობის ჟამს, არ მოატოვა უკრაინა და უკრაინაში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები. განსაკუთრებული მადლობა მათ ამისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ თბილისში უკრაინელი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდება. კახა კალაძემ მოადგილეს, ილია ელოშვილს შესაბამისი ადგილის გამოყოფა დაავალა, სადაც ნებისმიერი მსურველი ჰუმანიტარული ტვირთის მიტანას შეძლებს.

„თბილისი და კიევი დაძმობილებული ქალაქები არიან. ასევე, გვყავს პარტნიორი ქალაქები უკრაინიდან და ჩვენ აუცილებლად აქტიურად ჩავერთვებით იმ ჰუმანიტარულ დახმარებაში, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ახორციელებს. შევუერთდებით ცენტრალურ ხელისუფლებას ამ წამოწყებაში. ბევრი ზარი შემოდის, სურთ, ჩაერთონ ამ მხარდამჭერ აქციაში. ილია ელოშვილს ვავალებ, ადგილი გამოყოს, სადაც ამ საქმეში რიგით მოქალაქეებსაც შეეძლებათ თავიანთი წვლილის შეტანა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, მზადაა, თავშესაფრის მაძიებელი უკრაინული ოჯახები საცხოვრებლით უზრუნველყოს.

„საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპზე ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას, პირველივე დღეებიდანვე გაეწია დაეხმარება. საქართველოს მთავრობამ მათი განთავსება სასტუმროებში და კვებით უზრუნველყოფა მოახდინა. ჩვენი მხრივ, თბილისის მერია მიიღებს ზომებს, რომელიც ერთგვარად შეუმსუბუქებს მდგომარეობას ამ რთულ ვითარებაში მყოფ ადამიანებს და თუნდაც დღეს არსებული ყოფითი პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება. უამრავმა უკრაინულმა ოჯახმა დატოვა ქვეყანა და ეძებს თავშესაფარს. პირადად მე და ჩემი მეგობრები მზად ვართ, უზრუნველვყოთ ისინი საცხოვრებლით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უკრაინელი სტუმრებისთვის უფასო იქნება.

„შეიძლება უმნიშვნელოა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა ჩვენი უკრაინელი სტუმრებისთვის იქნება უფასო. მათ გადაეცემათ სამგზავრო აბონემენტები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ დედაქალაქის მერია სოციალური საწარმოების ფინანსური მხარდაჭერისა და ახალგაზრდების დასაქმების მიზნით, სოციალური მეწარმეობის პროექტების დაფინანსების პროგრამას იწყებს.

კახა კალაძის განცხადებით, პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება სოციალური მისიის მქონე პროექტები, ასევე, ისეთი პროდუქციისა და სერვისების შექმნა, რომელთა განხორციელების პროცესში ახალგაზრდები დასაქმდებიან და ძირითადი მომხმარებლებიც ისინი იქნებიან.

მისივე თქმით, ერთი პროექტის ფარგლებში, დაფინანსების მაქსიმალური ზღვარი 30 000 ლარს შეადგენს.

„ვიწყებთ ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების დაფინანსების პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული სოციალური საწარმოების ფინანსურ მხარდაჭერას და ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელსაც ექნება ერთი მხრივ, სოციალური, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკური მიზანი, მოემსახურება შემოსავლის მიღებას და ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას. დაფინანსდება სოციალური მისიის მქონე პროექტები მცირე ზომის საწარმოების, ლაბების, შემოქმედებითი სტუდიების, სახელოსნოების, ჰოსტელების, კაფე-ბარების, სასწავლო და გასართობ-რეკრეაციული ცენტრების შექმნისა და განვითარების მიზნით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საპროექტო განაცხადის ფორმა მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე 10 მარტიდან განთავსდება, განაცხადების მიღება კი, როგორც მერიაში, ასევე, ელექტრონულად, ვებგვერდის - www.ms.gov.ge მეშვეობით, 30 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

„პროექტის ფარგლებში. შესაძლებელია დაფინანსდეს დანადგარები, ტექნიკა, სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები და მასალები, ასევე, პროექტის განსახორციელებლად საჭირო სხვადასხვა სერვისი და საოპერაციო ხარჯები. დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციების ინფორმირების მიზნით, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური განაცხადების მიღებამდე, პრეზენტაციას გამართავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ვაკის რაიონში, ლორთქიფანიძის ქუჩის N10-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებულ გამაგრების სამუშაოებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი მცხოვრებლები საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ.

მისი თქმით, ფერდი, რომელიც საფრთხეს წარმოადგენდა, გამაგრებულია და მისი ჩამოშლის საფრთხე აღარ არსებობს.

„შეგახსენებთ, რომ ლორთქიფანიძის N10-ში მდებარე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებისას, ფერდი ჩამოიშალა და ადგილობრივი მცხოვრებლების გაყვანა ვაკის გამგეობას ქირით მოუწია. ნახევარი წლის განმავლობაში, გამგეობა ქირით 65 ოჯახს უზრუნველყოფდა. გამაგრების სამუშაოები დასრულებულია და ფერდის ჩამოშლის საფრთხე აღარ არსებობს. ამის შესახებ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა არსებობს, რაც მოსახლეობას გავაცანით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცეც მოეწყობა.

„როგორც ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. ამჟამად, მისი პროექტირება მიმდინარეობს, რის შემდეგაც, ლორთქიფანიძის N10-ში სკვერი მოეწყობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აქვე, B კატეგორიის ტაქსის მძღოლებს თავიანთი საქმიანობის კანონიერად განხორციელებისა და ლიცენზიის აღებისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, ჯარიმის თავიდან ასაცილებლად, B კატეგორიის ტაქსების მძღოლებმა საქმიანობის ნებართვა კანონმდებლობის შესაბამისად უნდა აიღონ.

„იცით, რომ გვყავს A და B კატეგორიების ტაქსების მძღოლები. A კატეგორია არის თეთრი ფერის ტაქსი, შესაბამისი მანიშნებლით, რომელიც ქალაქში გადაადგილდება. არსებობენ ასევე, B კატეგორიის ტაქსები, რომელთაც არა აქვთ მანიშნებელი - შეიძლება ჩართული იყვნენ აპლიკაციებში და ემსახურებოდნენ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ტაქსით გადაადგილდება, თუმცა, შესაბამისი ლიცენზია საჭიროა B კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვისაც. რა თქმა უნდა, კონტროლი, რომელიც ყოველთვის იყო ამ მიმართულებით, გამკაცრდება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო მათ, ვინც ამ სერვისს ეწევა, რომ ლიცენზიების აღება პრინციპულად მნიშვნელოვანია. ულიცენზიოდ საქმიანობა გამოიწვევს დაჯარიმებას. რა თქმა უნდა, არავის სიამოვნებს მათი დაჯარიმება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ გქონდეთ ლიცენზია, რომლის მიღება მუნიციპალიტეტში ძალიან მარტივია. სანებართვო მოსაკრებელი 100 ლარია, ჰიბრიდის შემთხვევაში - 50 ლარი, ხოლო ელექტრომობილის შემთხვევაში, ნებართვა უფასოა. ჩემი თხოვნა იქნება, ნუ გაიხდით თავს დასაჯარიმებლად, აიღეთ ნებართვა და თქვენი საქმიანობა განახორციელეთ კანონიერად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ტაქსების რეფორმის ფარგლებში, რომელსაც მუნიციპალიტეტი 2019 წლიდან ახორციელებს, ზაფხულისთვის შემდეგი ეტაპი ამოქმედდება, რომელთან დაკავშირებითაც, საზოგადოება დეტალურ ინფორმაციას მიიღებს.

01 მარტი 2022