თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და უკანონო მშენებლობების საკითხზე ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა.

მისი განცხადებით, უკანონო მშენებლობების პრობლემის მოსაგვარებლად, თბილისის მერია აღსრულების ეფექტიანობის გაუმჯობესებას პარლამენტის დახმარებით გეგმავს. კერძოდ, საუბარია იურიდიული სამსახურის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების ჩაბარების მექანიზმის სრულყოფაზე, რათა არაკეთილსინდისიერმა მშენებელმა გადაწყვეტილების ჩაუბარებლობით, აღსრულების პროცესი არ შეაფერხოს.

„ბოლო თვეების განმავლობაში, გვაქვს ერთი პრობლემა - მშენებლები, რომლებიც უკანონო საქმიანობას ეწევიან, ერთგვარ ხრიკს იყენებენ. კერძოდ, ზოგიერთი სამშენებლო კომპანია არ იბარებს მერიის იურიდიული სამსახურის გადაწყვეტილებას, ხოლო გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის გამო, ვეღარ იქმნება საფუძველი გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ან არ ხდება ვადების ათვლა. შესაბამისად, მინდა მივმართო ინიციატივით პარლამენტს, რათა იურიდიული სამსახურის გადაწყვეტილებების შემთხვევაშიც, გამოვიყენოთ ის მოდელი, რომელიც გამოიყენება მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოცემულ სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით. კერძოდ, იურიდიული სამსახურის მიერ გამოცემული აქტის განთავსება მოხდეს ობიექტზე და ის ჩაითვალოს გამოქვეყნებულად და ჩაბარებულად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მშენებლის მიერ სამართლებრივი აქტის ჩაუბარებლობა ვეღარ შეაფერხებს აღსრულების პროცესს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ უკანონო მშენებლობების პრობლემის მოსაგვარებლად გატარებულ სხვა ღონისძიებებზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, არცერთი უკანონო მშენებლობა რეაგირების გარეშე არ დარჩენილა.

„კარგად იცით, რომ მერიაში ჩემი მოსვლის დღიდან, არაერთი ღონისძიება გავატარეთ უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ: განვახორციელეთ ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა და მის ბაზაზე შევქმენით მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც აღიჭურვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით; გავზარდეთ ჯარიმები დარღვევებზე. 3 000-დან 12 000 ლარამდე იყო ჯარიმების ოდენობა კატეგორიების მიხედვით და ის 50 000 ლარამდე გავზარდეთ, თუმცა, მაინც ვაწყდებოდით პრობლემას. რადგან მოგების ნაწილში საკმაოდ დიდ თანხებზეა საუბარი, მშენებლებს ალბათ უღირდათ ჯარიმების გადახდა და მშენებლობის უკანონოდ გაგრძელება. ამიტომაც, შემოვიღეთ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, სამომავლოდ, უკანონო მშენებლობების პრობლემას მოაგვარებს, თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი მხრიდან არცერთი უკანონო მშენებლობა არ დარჩენილა რეაგირების გარეშე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძემ უკანონო მშენებლობების გამო გამოწერილი ჯარიმების სტატისტიკა წარმოადგინა.

„ოთხი წლის განმავლობაში, 4 200 სამართალდარღვევა გამოვავლინეთ და გამოვწერეთ 82 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა, მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების პერიოდში, 3 500 დარღვევა იქნა გამოვლენილი და მხოლოდ 11 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა დაიწერა. 2014-2017 წლებში, 3 400 დარღვევა გამოვლინდა და დაიწერა 19 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა. შესაბამისად, ქალაქში უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით, კრიტიკას არ მივიღებთ. ყველა შესაძლო საშუალებას მივმართეთ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად და მომავალშიც ამ მიმართულებით ყველაფერს გავაკეთებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ თბილისის მერიის ჯანდაცვის პროგრამებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას კვლავ 70 000 ლარით დააფინანსებს.

„მინდა, შევეხო ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, რომელიც წელსაც დაფინანსდება - ეს არის ღვიძლის გადანერგვის პროგრამა. იცით, რომ თბილისის მერიის „ტრანსპლანტაციის პროგრამას“, თბილისის მთავრობაში ჩვენი გუნდის მოსვლის შემდეგ, ღვიძლის გადანერგვის კომპონენტი დაემატა. 2018 წლიდან დღემდე, საქართველოში ღვიძლის გადანერგვა უკვე დაუფინანსდა 34 მოქალაქეს, რაც 34 გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს. მინდა, ამ ადამიანებს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო. თბილისის მერია ერთ მოქალაქეს ღვიძლის გადანერგვას თავდაპირველად, 60 ათასი ლარით უფინანსებდა, შემდეგ კი თანხა გავზარდეთ და 2019 წლიდან ერთი ბენეფიციარისთვის 70 ათასი ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაცია, რომლის ღირებულება 120 000 ლარია, საიდანაც 70 000 ლარს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი აფინანსებს. აღნიშნული პროგრამით სარგებლობა თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს შეუძლიათ.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი პროგრამაა. პირველ რიგში, ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველას, არავის არასდროს გქონოდეთ ამის აუცილებლობა, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, იცოდეთ, რომ არსებობს ასეთი პროგრამა. ვინც თბილისშია რეგისტრირებული, უნდა დაწეროთ განაცხადი. მაქსიმალურად გვერდით დაგიდგებით და ხელს შეგიწყობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა“, რომლის ბიუჯეტი 2015 წლის შემდეგ 12-ჯერ გაიზარდა, დღეისთვის, 1 375 ბავშვსა და მოზარდს ემსახურება.

მისივე თქმით, ერთი ბენეფიციარის დასაფინანსებლად, წელიწადში 4 800 ლარია გათვალისწინებული და ყოველთვიურად, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ განსაზღვრული კომპლექსური თერაპიის 20 სეანსი ფინანსდება.

„მინდა, მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაზე“. ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული პროგრამა ბევრი მიზეზის გამო, რადგან ეხება პატარებს, ბავშვებს. მახსოვს, როცა დაიწყო ამ პროგრამის განხორციელება, 2015 წელს მისი ბიუჯეტი 500 000 ლარი იყო და მომსახურებას 325 ბავშვი იღებდა. ამ ხნის განმავლობაში, მისი ბიუჯეტი თითქმის 12-ჯერ გაიზარდა და დღეისთვის, ის 5 მლნ 868 ათას ლარს შეადგენს. პროგრამაში კი ჩართულია 1 375 ბავშვი და მოზარდი. პირველ ეტაპზე, 325 ბავშვი იღებდა ამ მომსახურებას. 2015 წელს, ამ პროგრამას ორი მიმწოდებელი დაწესებულება ჰყავდა, დღეისთვის კი, მათი რიცხვი შვიდამდეა გაზრდილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, გაიზარდა პროგრამაში ჩართული ბავშვების ასაკი. კერძოდ, თავიდან თუ თერაპიული სეანსები 2-დან 14 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვებს უფინანსდებოდათ, დარგის სპეციალისტებთან და ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციის შედეგად, პროგრამაში ჩართული ბავშვების რიცხვი 18 წლამდე გაიზარდა.

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს პროგრამა პრეცედენტულია. თბილისის მაგალითი ბევრმა სხვა მუნიციპალიტეტმა გაიზიარა და დღეისთვის, ის უკვე არაერთ ქალაქში ხორციელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ პროგრამის ბენეფიციარების მშობლებს მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა.

„მესმის და ვხედავ, ბევრი მშობლისთვის რამხელა გამოწვევაა ეს საკითხი და მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ იმაზე მეტი შევძელით, ვიდრე ვახერხებდით. ასევე, ძალიან დიდი გამოწვევა აღმოჩნდა ამ პროგრამაში ჩართული ბავშვებისთვის პანდემიის პერიოდი, მაგრამ იმედი მაქვს, მსოფლიო ამ ორ მძიმე წელიწადს მალე უკან მოიტოვებს. მინდა, მივმართო ამ პროგრამის ბენეფიციარების მშობლებს, მუნიციპალიტეტის მხრიდან თქვენ ყოველთვის გექნებათ მხარდაჭერა, ყოველთვის გვერდით დაგიდგებით და ყველაფერს გავაკეთებთ ამ პროგრამის გასაძლიერებლად“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისის მერიას ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპისთვის განსაზღვრული რეგულაციები ზაფხულის ბოლოსთვის ექნება მზად.

კახა კალაძის განცხადებით, ტაქსით მომსახურების გამწევ პირებთან აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს.

„ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპთან დაკავშირებით შიდა სამუშაოები სრულდება. ასევე, ტაქსის მომსახურების გამწევი პირებისგან ვიღებთ ინფორმაციას მათი საჭიროებების შესახებ და ვაწვდით დეტალურ ინფორმაციას დაგეგმილ პროცესებთან დაკავშირებით. მესამე ეტაპის ამოქმედებისთვის მზად ვიქნებით ზაფხულის ბოლოსთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, მესამე ეტაპისთვის ტაქსის სერვისის გაწევისას, ავტობუსის ზოლში ავტომანქანის გაჩერებისა და მგზავრის აყვანის საკითხი იყოს გათვალისწინებული.

„აქვე მინდა, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ მესამე ეტაპისთვის, შეძლებისდაგვარად, გავითვალისწინოთ A კატეგორიის ტაქსის მძღოლების მიერ მგზავრის აყვანის ან გადმოსმის მიზნით, ავტობუსის ზოლში გაჩერების საკითხი. უზრუნველვყოთ მისი ლეგალიზება, რათა არ მოხდეს ტაქსის მომსახურების გამწევი პირების დაჯარიმება. ამისთვის დაგვჭირდება საკანონმდებლო ცვლილება. დაამუშავეთ ეს თემა ისე, რომ პრობლემა არ შეექმნას საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აქვე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ახალ აბონემენტებზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, უკვე გაყიდულია 40 000 სამგზავრო აბონემენტი, რომელთა დიდი ნაწილი ერთთვიანი და ერთწლიანია.

„დღეის მდგომარეობით, უკვე გაყიდულია 40 000 აბონემენტი. მათი დიდი ნაწილი მოდის ერთთვიან და ერთწლიან აბონემენტებზე, რაც ძალიან კარგია. რაც შეეხება ტარიფს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდილი მთლიანი საფასურის და მგზავრობის რაოდენობის შეფარდებით, ერთი მგზავრობის ღირებულება, დღეის მდგომარეობით, 32 თეთრი გამოდის. ჩვენ ვისმენთ ოპონენტების მხრიდან ძალიან ბევრ არასწორ განცხადებას ამასთან დაკავშირებით. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. საჭიროებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ტიპის პაკეტები. დავტოვეთ ერთჯერადი გადახდაც - მოქალაქეს შეუძლია, „მეტრომანის“ საშუალებით გადაიხადოს. ინტეგრირებულ ტარიფში შემოვიყვანეთ მიკროავტობუსიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერი ერთიან სისტემაში მოვაქციეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერია სხვადასხვა მიმართულებით, მომავალშიც არაერთ სასარგებლო პროექტს განახორციელებს.

„ვერანაირი თქვენი კრიტიკა ვერ შეაჩერებს ამ ყველაფერს. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც ყველაზე დიდი ბოროტება ჩაიდინეთ - ქალაქს წაართვით ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსპორტი - ტრამვაი, აყარეთ ლიანდაგები, გაყიდეთ, ჯართში ჩააბარეთ. არანაირი უფლება არ გაქვთ, ისაუბროთ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სატრანსპორტო პოლიტიკაზე. თქვენ ისტორიას დარჩებით, როგორც ადამიანები, რომლებმაც დედაქალაქს მოჰპარა ყველაზე ღირებული, მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ტრამვაი. ეს არის ძალიან დიდი უბედურება, რაც თქვენ გააკეთეთ ამ ქალაქისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორად დავით ფაჩულია წარადგინა. დავით ფაჩულია 2020 წლიდან „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე იყო, ხოლო შემდეგ, დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.

კახა კალაძის განცხადებით, მრავალფეროვანი პროფესიული გამოცდილება ახალ დირექტორს სამსახურის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი ამოცანების დაძლევაში დაეხმარება.

„დღეს მინდა, წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც უხელმძღვანელებს „თბილსერვის ჯგუფს“. დავით ფაჩულია არის მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების მქონე კადრი, რომელიც წლების განმავლობაში, კერძო სექტორში, სხვადასხვა ხელმძღვანელ და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა. ის გახლავთ ბიზნესის მართვის მაგისტრი. განათლება აქვს მიღებული ტურიზმის მენეჯმენტისა და ეკონომიკის მიმართულებით და თვითონაც, მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სასწავლებელში, წლების განმავლობაში, ტურიზმის სფეროში ლექციებს კითხულობდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა „თბილსერვის ჯგუფის“ ახალ დირექტორს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი თანამდებობაა, რადგან თქვენ ხელმძღვანელობთ სამსახურს, სადაც ბევრი ადამიანია დასაქმებული. სამსახური, რომელიც ზრუნავს ქალაქის სისუფთავეზე, გარე განათებებზე. ბევრი მნიშვნელოვანი მიმართულება გაქვთ. ჩვენ ერთად გავართმევთ თავს იმ ამოცანებს, რომელიც სამსახურის წინაშე დგას. წარმატებებს გისურვებთ“, - განაცხადა კალაძემ.

09 თებერვალი 2022