თბილისის მერი ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის გახსნას დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე დღეს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს ესტუმრა, რომელსაც „მწვანე ჰოსპიტლის“ სტატუსი მიენიჭა.

კლინიკაში დასაქმებული პერსონალის 80%-მეტი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრით უკვე სრულად არის ვაქცინირებული.

ევექსის ჰოსპიტლების ერთგვარი სამედიცინო გამოწვევა ქსელში შემავალ ყველა სამედიცინო დაწესებულებას აერთიანებს საერთო მიზნის გარშემო, შეიქმნას მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო პაციენტებისთვის.

„მწვანე ჰოსპიტლის“ სტატუსი კი ენიჭება ქსელის ყველა იმ სამედიცინო ცენტრს, რომლის თანამშრომელთა მინიმუმ 80%-ია ვაქცინირებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ დღეიდან მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს ბაზაზე გაიხსნა ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი, რომელიც პატარა პაციენტებს ამბულატორიულ-დიაგნოსტიკურ სერვისებს ინფრასტრუქტურულად სრულად განახლებულ და უსაფრთხო გარემოში შესთავაზებს.

ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი ერთ სივრცეში მულტიპროფილურ სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს და პაციენტების მაქსიმალურ კომფორტზეა ორიენტირებული.

25 ნოემბერი 2021