თბილისში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალი გაიხსნა

თამარაშვილის ხეივანში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალი გაიხსნა, რომელიც 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად გაუჩინარებული ადამიანების ხსოვნას ეძღვნება.

ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

მერის მოადგილემ მადლობა გადაუხადა იდეის სულისჩამდგმელებს და ღონისძიების ორგანიზატორებს.

„აქ შეკრებილთაგან ალბათ ყველას შერეული ემოციები გვაქვს. ერთი მხრივ, გვახარებს უგზო-უკვლოდ დაკარგული თითოეული მოქალაქისადმი პატივის მიგება, მეორე მხრივ კი, ეს დღე თითოეული ამ ადამიანის ოჯახის წევრს უძლიერებს ტკივილს და მონატრებას. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის მთელი ცხოვრებაც ალბათ ასეთივე ურთიერთგამომრიცხავი ემოციებისგან შედგება - წლების განმავლობაში დაგროვილი სასოწარკვეთისგან და იმედისგან, რომ ერთ დღეს შეიძლება ყველაფერი სასიხარულოდ შეიცვალოს.
მე არ შემიძლია, ზუსტად განვიცადო ის, რასაც დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრები განიცდიან, მაგრამ როგორც თბილისის მერის მოადგილემ და ერთ-ერთმა პასუხისმგებელმა პირმა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პროექტის განხორციელებაზე, მხარი დავუჭირე მემორიალის შექმნის იდეას, რადგან კარგად მესმის, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს ადგილს, სადაც მივლენ მისთვის საყვარელი ადამიანები და მას მოიგონებენ.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელით მადლობას ვუხდით წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციას საქართველოში და „თბილისის ოჯახურ კომიტეტს“ ამ საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინიციატივისთვის. ჩვენ ვუერთდებით უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების და ახლობლების მიმართ სოლიდარობის აქტს“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

2 300-ზე მეტი ადამიანი, როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო პირი, ჯერაც უგზო-უკვლოდ არის დაკარგული 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად.
გაუჩინარებულ პირთა ოჯახებმა 2017 წელს წამოაყენეს ინიციატივა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალის შექმნისა და თბილისის ცენტრალურ უბანში მისი დადგმის შესახებ. მსგავსი მემორიალები, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა პრობლემის ერთგვარ ხელშესახებ შეხსენებას წარმოადგენს, საქართველოს უკვე სხვა ქალაქებშიც არის განთავსებული.
მემორიალის დიზაინი გაუჩინარებულ ადამიანთა ოჯახების მიერ არის შექმნილი და მასში სხვადასხვა სიმბოლოა შერწყმული: ხე - მარადიული სიცოცხლის გამოსახატად, ყვავილი კესანე - არდავიწყების ნიშნად და ადამიანის სილუეტი სიცარიელით - გაუჩინარების სიმბოლო, შთაგონებული დრაგან ჩირიჩის ნამუშევრის მიხედვით, რომელიც 2005 წლიდან გახდა მთელ მსოფლიოში უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ოჯახებისთვის მათი ტკივილის საერთო სიმბოლო. პროექტზე ქართველმა მოქანდაკეებმა ნიკოლო მელივამ და კორნელი რამიშვილმა იმუშავეს.

მემორიალის პროექტი განხორციელდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ფინანსური მხარდაჭერით, ასევე, თბილისის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ნდობის“ მონაწილეობით.

23 სექტემბერი 2021