თბილისის მერიისა და Nordic Tourism Collective-ის ორგანიზებით, ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად ონლაინ B2B ღონისძიება გაიმართა

ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად, თბილისის მერიის და Nordic Tourism Collective-ის ორგანიზებით ონლაინ B2B ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება ორ ნაწილად იყო დაყოფილი და პირველი ნაწილი თბილისის და საქართველოს შესახებ პრეზენტაციების წარდგენას მოიცავდა. B2B ღონისძიების მეორე ნაწილი სრულად დაეთმო ქართული და სკანდინავიის ქვეყნების 60-მდე სასტუმროს, ტურისტული და სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლების ურთიერთწარდგენას და მათ შორის საქმიანი ურთიერთობების დამყარებას. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

„ტურიზმი დედაქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია. შესაბამისად, თბილისის მერია აქტიურად მუშაობს აღნიშნული მიმართულების ხელშეწყობისათვის. Nordic Tourism Collective-თან თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს კერძო სექტორს გავუმარტივოთ პარტნიორების მოძიების პროცესი და წვდომა გვქონდეს ევროპის წამყვანი ტურისტული ასოციაციის ETOA-ს წევრებთან. პანდემიის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშნელოვანია კერძო სექტორისათვის ასეთი პლატფორმების შეთავაზება, რაც დაეხმარება მათ საქმიანი კონტაქტები დაამყარონ სხვადასხვა ქვეყნების ტურისტულ ორგანიზაციებთან და აითვისონ ახალი სამიზნე ბაზრები“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ.

Nordic Tourism Collective - სკანდინავიის ქვეყნების ტურისტული გაერთიანება არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს წევრ ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება; ტურისტული პროდუქტებისა და რესურსების ცნობადობის გაზრდა; ახალი პროდუქტების შექმნა და წახალისება; ვორქშოფების, ბ2ბ შეხვედრებისა და პრაქტიკული სესიების ჩატარება.

„სკანდინავიის ქვეყნების ტურისტული გაერთიანების“ წევრები არიან ქალაქები და ორგანიზაციები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა: ნორვეგია, დანია, ფინეთი, შვედეთი, ისლანდია, გრენლანდია და ა.შ.

21 სექტემბერი 2021