თბილისის მერიამ კომპანია „ცენტრ პოინტისგან“ დაზარალებულების პრობლემა გადაჭრა

სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ პრობლემა მოგვარებულია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვფიქრობდი, როგორ დამეწყო საუბარი თემაზე, რომელიც ჩემი ოთხწლიანი მერობის განმავლობაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ემოციურია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ 6,000-მდე ოჯახისთვის დასრულდა 20-წლიანი უიმედობის, წვალების პერიოდი, ემოციურია ძალიან ბევრი რამის გამო: დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომლის ახლობელს, მეგობარს, ნათესავს პირდაპირ თუ ირიბად არ შეხებოდა ეს პრობლემა. და მაინც, ეს არის ქართველი ემიგრანტების მძიმე ისტორია, უბინაოდ დარჩენილი დედების, მამების, ბებიების, ბაბუების ისტორია, ამბავი საკუთარი პატარების აღზრდის ნაცვლად, უცხოეთში გადახვეწილ ჩვენს თანამოქალაქეებზე. უდედოდ გაზრდილი პატარები უკვე დიდები არიან და კარგად აცნობიერებენ, რა გზა გაიარეს მათმა მშობლებმა. ეს გზა ჩვენ ყველამ ერთად გავიარეთ, ვნახეთ რა შედეგი მოაქვს ქაოტურ მშენებლობებს, როგორ ამახინჯებს ქალაქს დაუსრულებელი, ჩონჩხებად აღმართული შენობები და რაც მთავარია, რა კვალს ტოვებს ჩვენს ცნობიერებაზე ძალადობა საკუთარ ქალაქზე და საკუთარ მოქალაქეებზე. ეს შესავალი იმისათვის გავაკეთე, რომ დღევანდელი ამბავი განვიხილოთ არა როგორც მიმდინარე ახალი ამბავი, არამედ ამ ადამიანების თვალით, თითოეული დაზარალებულის თვალით დავინახოთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო პრობლემა. რასაკვირველია, დღევანდელი ამბავი ეხება „ცენტრ პოინტის“ პრობლემას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დღესვე თბილისის მერმა ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კომპანიებთან, რომლებიც „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელ მშენებლობებს დაასრულებენ.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, არცერთი ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ კომპანიის მიერ დაზარალდა, უბინაოდ არ დარჩება.

„ყველა ობიექტისთვის გამონახულია გადაწყვეტის გზები, ყველგან მიმდინარეობს სარემონტო, სამშენებლო და სანებართვო პროცედურები. ჩვენ, თბილისის მერია, ვართ გარანტორი იმისა, რომ ყველა ობიექტი ჩაბარდება მაღალი ხარისხით და დათქმულ ვადებში. თბილისის მერიაში მოსვლის პირველი დღიდანვე ჩვენმა გუნდმა შექმნა სპეციალური კომისია, რომელსაც მიენიჭა უფლება, მიეღო გადაწყვეტილებები დაუსრულებელი ობიექტებისთვის და დაეშვა გამონაკლისები. კომისიამ განიხილა 50-ზე მეტი სხვადასხვა მშენებლობა და დააკმაყოფილა 30-ზე მეტი მოთხოვნა, მათ შორის ისეთი კომპანიების თაობაზე, როგორიცაა - „სვეტი“, „ოლიმპიური ვარსკვლავი“, „აქსისი“ და სხვა წლობით დაუსრულებელი ობიექტი.

ათასობით ოჯახს დაუბრუნა იმედი და დაუბრუნდა საკუთრება, თუმცა, პირველივე დღიდან ცხადი იყო, რომ „ცენტრ პოინტის“ პრობლემა თავისი სირთულით და მასშტაბებით უპრეცედენტოა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც შესაძლებლობებში ეძებენ პრობლემებს, მაგრამ საბედნიეროდ, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც პრობლემებში ეძებენ შესაძლებლობებს და ასეთი გუნდი ვართ ჩვენ. „წარმატება არ არის საბოლოო, მარცხიც არ არის ტრაგედია, გაგრძელების სურვილია მთავარი". ამას ვამბობ იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე პატარა კომპანიის მიერ დაზარალებული ოჯახები. ამ საქმესაც მივიყვანთ ბოლომდე და ამ ოჯახებსაც დავაკმაყოფილებთ საცხოვრებელი ფართებით. არცერთი ადამიანი უბინაოდ არ დარჩება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემის მოგვარების პროცესში, თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ცენტრალურ ხელისუფლებას, სახელმწიფო უწყებებს. ასევე, კახა კალაძემ აღნიშნა მისი მოადგილის, ილია ელოშვილის განსაკუთრებული როლი ამ საქმეში.

„ვულოცავ თბილისს, რომელსაც ასევე უდიდეს ტვირთად აწვა ეს მშენებლობები. ვულოცავ და მადლობას ვუხდი ამ რთულ პროცესში ჩართულ თითოეულ ადამიანს, განსაკუთრებული მადლობა საინიციატივო ჯგუფს, ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველივე დღიდან ჩვენთან კომუნიკაციაში იყო. შეიძლება ხანდახან იმედგაცრუებაც იყო, ბევრს არ სჯეროდა, რომ ამ პრობლემის მოგვარებას შევძლებდით. განსაკუთრებით მადლობა ჩემს მოადგილე ილია ელოშვილს. ის ხელმძღვანელობდა ამ მიმართულებას და ბევრი სასიკეთო საქმე აქვს გაკეთებული. ასევე, მადლობა დედაქალაქის საკრებულოს, მის თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეს, კომისიას, რომელიც შექმნილი იყო და პირველივე დღიდან აქტიურად მუშაობდა.

რა თქმა უნდა, მადლობა ეკუთვნის სახელმწიფო უწყებებს. რომ არა ერთობლივი თანამშრომლობა, შეუძლებელი იქნებოდა ამ პრობლემის მოგვარება, მადლობა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, ცენტრალურ ხელისუფლებას, პროკურატურას, ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს, აღსრულების ეროვნულ ბიუროს, საჯარო რეესტრს და პარლამენტს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

როგორც თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა განაცხადა, უკვე პროექტების განხორციელების ფაზა იწყება.

„დღეს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ცენტ პოინტის“ პრობლემა მოგვარებულია და განხორციელების ფაზაში გადავდივართ. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ დროულად დასრულდეს ეს პროექტები. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში ჩართული იყო. განსაკუთრებული მადლობა კახა კალაძეს. რომ არა მისი ურყევი ნება დაუსრულებელი მშენებლობების დამთავრებისა, შეუძლებელი იქნებოდა ამ პროექტების განხორციელება“, - აღნიშნა ილია ელოშვილმა.

მისივე თქმით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმში განსაზღვრული ვადების შესრულების გარანტორი თბილისის მერია იქნება.

„რაც შეეხება დღევანდელი მემორანდუმის ხელმოწერას, თქვენ გახსოვთ, რომ თავიდანვე შევიმუშავეთ ე.წ. ზიარჭურჭლის პრინციპი - არ არსებობდა პრივილეგირებული ობიექტები და დაზარალებულები. დღევანდელ მემორანდუმში თითოეული ობიექტის მიხედვით, განსაზღვრულია დასრულების ვადები, რომლის შესრულების გარანტორი თბილისის მერია არის. მემორანდუმში მონაწილე კომპანიები ორ ნაწილად იყოფიან, ერთი არის ე.წ. სარემონტო ობიექტების შემსრულებელი კომპანიები, მეორე - საინვესტიციო ობიექტების ინვესტორები. აღნიშნულ მემორანდუმს დაზარალებულებს საინიციატივო ჯგუფი გააცნობს, რომელიც აღნიშნული პროექტების განხორციელების პროცესში, სამომავლო მონიტორინგისთვის ერთგვარი ინსტრუმენტი გახდება“, - აღნიშნა ილია ელოშვილმა.

15 სექტემბერი 2021