თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და ქალაქში რეკრეაციული სივრცეების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, დიდ დიღომში, მეორე და მესამე მიკრორაიონებს შორის რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. აღნიშნული ტერიტორია კერძო საკუთრება იყო, რომლის დასაბრუნებლად, მუნიციპალიტეტს ორწლიანი მუშაობა დასჭირდა.

„დიდი დიღმის მოსახლეობა ითხოვდა პარკის გაშენებას, თუმცა, ამის შესაძლებლობა ადგილის გამო არ არსებობდა, რადგან ძირითადად, ტერიტორიები გასხვისებული იყო. ამჯერად, საქმე ეხება დიდი დიღმის მეორე და მესამე მიკრორაიონებს შორის, ე.წ. წრესთან მდებარე ტერიტორიას, სადაც რეკრეაციული სივრცის მოწყობას ითხოვდნენ. ეს ტერიტორია იყო კერძო საკუთრება და ჩვენ უკვე ორი წელია, გამგეობასთან და საკრებულოსთან ერთად ვმუშაობთ, რომ ეს ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაბრუნებოდა. შემიძლია გითხრათ, რომ ადგილმონაცვლეობა განხორციელდა და ეს უკვე მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. მინდა, დავავალო საბურთალოს რაიონის გამგეობას, რომ ჩვენი დაპირებისამებრ, აქ რეკრეაციული ზონა მოეწყოს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იყოს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქში მწვანე სივრცეების მოწყობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

„ჩვენ გვაქვს განსხვავებული დამოკიდებულება, რაც ნიშნავს იმას, რომ მეტი სუფთა ჰაერი უნდა იყოს დედაქალაქში. ამის ერთ-ერთი წინაპირობაა მეტი რეკრეაციული სივრცე, არსებულის რეაბილიტაცია და სადაც შესაძლებელია, საქალაქო პარკებისა და სკვერების გაშენება, რაც საზოგადოების დაკვეთაა და რაც ასე სჭირდება ჩვენს შვილებს და მომავალ თაობებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელზეც თბილისის მერმა ისაუბრა, ვაკის რაიონში, მარშალ გელოვანის სახელობის პარკის რეაბილიტაციაა, რომელიც თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა განახორციელა.

„აღნიშნული სკვერი მძიმე მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაციის შემდეგ კი სრულად მოწესრიგდა. 6 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა რეაბილიტაციის სამუშაოები. პარკში საბავშვო მოედანი და საფეხმავლო ბილიკი განახლდა. შეიცვალა პანდუსები და განთავსდა საბაღე ინფრასტრუქტურა. ამასთან, დამონტაჟდა სასმელი წყლის შადრევანი, სარწყავი და განათების სისტემები. სამუშაოების ფარგლებში, რეაბილიტირდა არსებული შადრევანი და მის მიმდებარედ, დამატებით, გამწვანებული თარგებიც მოეწყო. შესაბამისად, მწვანე არეალის მოცულობაც გაიზრდა. რამდენიმე დღეში აღნიშნულ სკვერში მისვლისა და ადგილზე დათვალიერების შესაძლებლობა გვექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაციის პროექტის ავტორებს მადლობის სიგელები გადასცა.

კახა კალაძემ ახალგაზრდა დიზაინერები - ალექსი სოსელია, უჩა წოწერია, ნიკა კაპატაძე, გიორგი მელაძე და გიორგი პავლიაშვილი დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიიწვია და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

„რამდენიმე დღის წინ ფანასკერტელის ქუჩაზე ძალიან კარგი სკვერი გავხსენით, რომელიც მანამდე უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ვერ წარმოიდგენთ, რამდენად რთული მდგომარეობა იყო - პირდაპირ ვიტყვი, ნაგვით იყო სავსე, ლითონის კონსტრუქციებით. რამდენიმე დღის წინ ადგილზე ვიყავით მისული და ვნახეთ, ახლა რა ლამაზი პროექტია განხორციელებული. ამას ყავს თავისი ავტორები, ადამიანები, რომლებმაც ეს კონკრეტული პროექტი მოამზადეს. მინდა, წარმოგიდგინოთ ეს ახალგაზრდები - ალექსი სოსელია, უჩა წოწერია, ნიკა კაპატაძე, გიორგი მელაძე და გიორგი პავლიაშვილი. მინდა, მათ გადავცე მადლობის სიგელები და წარმატებები ვუსურვო. ასეთი ახალგაზრდები ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს. ძალიან მიხარია ახალგაზრდების ჩართულობა ქალაქისთვის მნიშვნელოვან პროექტებში. ვპირდები ყველას, რომ ახალგაზრდებს განსაკუთრებული როლი ექნებათ ქალაქის განვითარებაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების საკითხზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ განცხადებების მიღება 10 სექტემბრიდან დაიწყება და 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

მისი თქმით, გასულ წლებში სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამაზე სწავლის საფასური, ჯამში, 5 000-მდე სტუდენტს დაუფინანსდა, 2021 წელს კი პროგრამაში ცვლილებები შევიდა.

„2021 წლამდე ფინანსდებოდნენ თბილისში რეგისტრირებული ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები, რომელთა ოჯახების სოციალური ქულა 70 000 ან ნაკლები იყო, ცვლილებების შედეგად კი, დღეს ფინანსდებიან თბილისში რეგისტრირებული ის სტუდენტები, რომელთა ოჯახების სოციალური ქულა 150 000 ან ნაკლებია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, 2021 წლის გაზაფხულის სემესტრში ამ ცვლილებების შედეგად, 1 400-მდე სტუდენტი დაფინანსდა.

„გასაცემი დაფინანსება, რომლის მაქსიმალური ოდენობა წლიურად 2 250, ხოლო სემესტრულად 1 125 ლარია, დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებულ აკადემიურ მოსწრებაზე. სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე სწავლის დაფინანსებისთვის თანხა გაიცემა სემესტრულად, წელიწადში ორჯერ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ საცხოვრებელი ფართები დამატებით, 12 ოჯახს დაუკანონდება, 55 ოჯახს კი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცემა.

„ფართების დაკანონების პროექტის ფარგლებში, ბინებით უკვე 2 000-ზე მეტი ოჯახი დავაკმაყოფილეთ. დაახლოებით, 300 მილიონ ლარზე მეტი ქონება არის გადაცემული. დღეს 55 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცემა. გარდა ამისა, დამატებით, 12 ოჯახისთვის საკუთრების დაკანონების საკითხზე ვიმსჯელებთ. საუბარია საცხოვრებელ ფართებზე, სადაც ეს ოჯახები წლებია ცხოვრობენ. მათ ეს ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცემათ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

08 სექტემბერი 2021