კახა კალაძემ საზოგადოებას თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის ანგარიში წარუდგინა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის მიმართულებით, 2018-2021 წლებში განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა.

ანგარიშის პრეზენტაციაზე თბილისის მერმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერიისა და გამგეობების მიერ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება სწორი მართვისა და მენეჯმენტის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

„უკვე მეექვსე კვირაა, რაც საზოგადოებას ვაბარებთ ანგარიშს იმ პროექტებთან და საქმეებთან დაკავშირებით, რაც დედაქალაქში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა. 2017 წელს საზოგადოებას დავპირდით, თუ რა პროექტები იქნებოდა განხორციელებული. მთელი ამ წლების განმავლობაში, ვიყავით ძალიან აქტიური, ყოველდღიური კომუნიკაცია გვქონდა საზოგადოებასთან, თუმცა, რადგან ოქტომბერში ჩვენი უფლებამოსილების ვადა იწურება, ვალდებულად ვთვლით თავს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდოთ სრული ინფორმაცია, ყველა იმ სამუშაოსთან დაკავშირებით, რაც ქალაქის მასშტაბით ჩატარდა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, 2017 წელს მუნიციპალიტეტის მერიის სლოგანი იყო - „სიცოცხლით სავსე ქალაქი“, რომელიც ძალიან ბევრ მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავდა.

„2017 წელს ჩვენი სლოგანი იყო - „სიცოცხლით სავსე ქალაქი“, რომელიც ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავდა. პირველი, ეს არის ურბანული პოლიტიკა. მეამაყება, როგორც ქალაქის მერს, რომ ჩვენ წერტილი დავუსვით ქალაქის ქაოტურ განაშენიანებას, რომელიც სერიოზული პრობლემა იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ეს ქალაქი უყვარს; შემდეგი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სატრანსპორტო პოლიტიკა, სადაც შეიძლება ითქვას, რომ რევოლუციური ცვლილებები ხორციელდება. რა თქმა უნდა, აღნიშნული პოლიტიკის რეფორმის განხორციელებას, გარკვეული პერიოდი დასჭირდება, თუმცა პირველ ნაბიჯებს საზოგადოება უკვე ხედავს; ასევე, მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის პოლიტიკა, რომელიც პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით, ძალიან კარგი პროექტების განხორციელება მოხერხდა, როგორც გამგეობების, ასევე, მუნიციპალურ დონეზე; ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ბიუჯეტში ეს კომპონენტი სერიოზულად არის გათვალისწინებული; ასევე, ვისაუბრეთ ჯანდაცვისა და სოციალურ პოლიტიკაზე, რომელსაც პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც არ მოკლებია. პირიქით, დაემატა თანხა იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავხმარებოდით იმ ოჯახებს, ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდა; შემდეგი მიმართულება ეს არის კულტურა, განათლება, სპორტი და ახალგაზრდობა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ვუთხრათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და პოპულარიზაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, კულტურული მიმართულებითაც, ბოლო წლებში ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა.

„რა თქმა უნდა, შეუძლებელია იმ ყველაფრის განხორციელება, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, თუ არ არსებობს სწორი მართვა და მენეჯმენტი. დღეს გვაქვს სურვილი, გესაუბროთ მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკაზე, რომელიც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ეკონომიკური მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე დეტალურად თბილისი ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი, დაპირებული ერთი მილიარდი ლარის ნაცვლად, 1 192 526 769 ლარია.

ვიცე-მერის განცხადებით, 2018-2021 წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტმა, დაახლოებით, ორ მილიარდ ლარზე მეტი ინფრასტრუქტურულ, ხოლო მილიარდ ლარზე მეტი სოციალურ და ჯანდაცვის პროექტებზე დახარჯა.

„მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2018 წელს შეადგენდა 1 086 863 570 ლარს, 2019 წელს – 1 106 066 807 ლარს; 2020 წელს – 1 121 648 105 ლარს, ხოლო 2021 წელს, დაპირებული 1 მილიარდი ლარის ნაცვლად, 1 192 526 769 ლარია. ოთხი წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, დაახლოებით, 2 მილიარდ ლარამდე ღირებულების სხვადასხვა სამუშაო განახორციელა, ხოლო მილიარდ 343 მილიონი ლარი სოციალური და ჯანდაცვის პროექტებზე დაიხარჯა“, - აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა.

რაც შეეხება 2018-2021 წლებში თბილისის მერიის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს, ირაკლი ხმალაძის თქმით, მათი ჯამური ბიუჯეტი ოთხ მილიარდ ლარს აჭარბებს.

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ პროექტებს და პროგრამებს ვახორციელებთ არამხოლოდ საბიუჯეტო თანხებით, არამედ დონორი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით. სულ, ოთხი წლის განმავლობაში, მოვახერხეთ და მოვიზიდეთ, დაახლოებით, 284 მილიონი ლარის დაფინანსება. შედეგად, ამ ოთხ წელში განვახორციელეთ და ჯერ კიდევ ვახორციელებთ 4 791 361 419 ლარის ოდენობის პროექტებს“, - განაცხადა დედაქალაქის ვიცე-მერმა.

ირაკლი ხმალაძის თქმით, პანდემიიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, 2020 წლიდან დღემდე, სხვადასხვა ხელშემწყობი ღონისძიება გატარდა და ამით რამდენიმე ათასმა სუბიექტმა ისარგებლა.

მისივე განცხადებით, რესტორნების, კვების ობიექტების, საკლუბო ინდუსტრიისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 4 200 000 ლარი გამოიყო.

„როდესაც თბილისის მართვა დავიწყეთ, ჩვენი მიზანი მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლების მიღწევა იყო, თუმცა პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკა დააზარალა. გამონაკლისი არც თბილისი ყოფილა. შესაბამისად, ჩვენი მუშაობის დიდი ნაწილი და რესურსი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ თითოეული სამეწარმეო და ბიზნეს აქტივობა შეგვენარჩუნებინა. ეკონომიკური სექტორისთვის არაერთი საშეღავათო პაკეტი დაწესდა, რომლითაც ისარგებლა რამდენიმე ათასმა სუბიექტმა. ძირითადად, ეს არის საიჯარო ქირების გადავადება და ჩამოწერა, სანქცია-საურავების, პირგასამტეხლოს დაკისრების შეჩერება. ზოგ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მთლიანად ჩამოწერა. ასევე, დასუფთავების მოსაკრებლის შემცირება. მათ შორის, კვების ობიექტებს მსგავსი მოსაკრებელი 8-ჯერ შეუმცირდათ. პოსტპანდემიურ პერიოდში, ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა რესტორნების, კვების ობიექტების, ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო ინდუსტრიის სუბიექტების, ბავშვთა დაბადების დღისა და გასართობი ცენტრებისთვისაც. ამ პროგრამის ჯამური ღირებულება შეადგენს, დაახლოებით, 4 200 000 ლარს, რომელიც პირდაპირ ფინანსური მხარდაჭერის მიზნით გადაირიცხა“, - განაცხადა დედაქალაქის ვიცე-მერმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ფინანსური შეღავათები დაწესდა სამშენებლო სექტორისთვისაც. მათ შორის, შემუშავდა სამშენებლო ამნისტიის პაკეტი.

„დაწესდა სამშენებლო და ფინანსური შეღავათები დაუსრულებელი მშენებლობებისთვის. დროებით განთავსებულ შენობა-ნაგებობებს, რომლებიც დარღვევით იყო განთავსებული, ჩამოეწერა დაკისრებული ჯარიმები, მიეცა დამატებითი ვადა დარღვევების გამოსასწორებლად. ასევე, შემუშავდა სამშენებლო ამნისტიის საკმაოდ მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც უკვე განხილვის ეტაპზეა საქართველოს პარლამენტში“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

გარდა ამისა, ვიცე-მერმა აღნიშნა, რომ თბილისის ანძის განვითარების პროექტის განხორციელების მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში გამოვლენილი კომპანია უკვე საკვლევ სამუშაოებს ახორციელებს.

მისი თქმით, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურისთვის შემუშავდა ეკონომიკურად გამართული მოდელი, რომელშიც ბიზნესსექტორი ერთვება და სხვადასხვა პროექტი მეტწილად კერძო ინვესტიციებით ხორციელდება.

„ერთ-ერთია თბილისის გარე განათების პროექტი, რომელიც ჩვენ თვითონ შევიმუშავეთ და შევადგინეთ გარე განათების სტანდარტი. ამჟამად, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურა და კერძო კომპანიების მეშვეობით, განხორციელდება გარე განათების განახლების 100-მილიონიანი პროექტი“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერის თქმით, თბილისის გარე განათების სექტორს, დაახლოებით, 70-პროცენტიანი ეკონომიის რესურსი გააჩნია.

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით კი, აღნიშნული პროექტისთვის ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ იხარჯება.

„გამარჯვებულ კომპანიას ექნება ვალდებულება, მოიზიდოს თანხები, თავისივე თანხებით განახორციელოს ეს პროექტი და შემდეგ, ის თანხა, რომელსაც ჩვენ ყოველწლიურად ვიხდით ელექტროენერგიის მოხმარებაში, მიმართული იქნება ამ კომპანიაში. ეს საინტერესო მოდელია და პირველი ქალაქი არ ვართ, რომელიც ანალოგიურ პროექტს ახორციელებს. ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ასეთი პროექტები განხორციელდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის ვიცე-მერმა ასევე, ისაუბრა რადიოქალაქის განვითარების პროექტზე. მისი თქმით, ამ პროექტმა ბიუჯეტში შემოსავლების ზრდა გამოიწვია.

„იმის გამო, რომ ჩვენ შევძელით ამ პროექტის სწორი ეკონომიკური მოდელირება, ეს პროექტი გავყიდეთ და ბიუჯეტმა მიიღო 23 მლნ ლარი, ხოლო ამ პროექტის განხორციელება მოხდება მოზიდული კერძო ინვესტიციით, რომელიც იქნება დაახლოებით, რვა მლნ აშშ დოლარი. ბიუჯეტს არათუ რაიმე თანხა დაუჯდა ეს პროექტი, არამედ, პრივატიზაციის გზით, შემოსავლები 23 მლნ ლარით გაიზარდა“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცე-მერის განცხადებით, ასევე, ხორციელდება გადასასვლელი ხიდების პროექტი. მისივე თქმით, იქ, სადაც შესაძლებელია მსგავსი ხიდების „ზებრა“ გადასასვლელებით ჩანაცვლება, ნაცვლდება, ხოლო იქ, სადაც ჩქაროსნული მაგისტრალებია, ხორციელდება ხიდების ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დადგენილი სტანდარტის შესაბამისად.

ირაკლი ხმალაძემ ასევე, ისაუბრა კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული პირების ფართებით დაკმაყოფილების პროექტზე, რომლის ფარგლებშიც, 17 სამშენებლო პროექტი და 125 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია ხორციელდება.

ანგარიშის პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ თბილისის მერიაში ურბანული და არქიტექტურის მიმართულებით მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმა განხორციელდა.

„არქიტექტურის სამსახურს გამოეყო ურბანული მიმართულება და შეიქმნა ურბანული განვითარების სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია გენერალური გეგმის მართვასა და ქალაქის ურბანული პოლიტიკის გატარებაზე, ხოლო არქიტექტურის სამსახური სპეციალიზდა კონკრეტულ სერვისებზე. თვითონ არქიტექტურის სამსახურში დაინერგა მართვის ეფექტიანი სისტემა, გაიზარდა არქიტექტურის მიმართულებით მომსახურების ხარისხი და შემცირდა მომსახურების ვადები“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

გარდაც ამისა, ვიცე-მერის თქმით, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდა მერიის ყველა სერვისცენტრის რეაბილიტაცია და მოხდა მათი ადაპტირება შშმ პირებისთვის. აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა დედაქალაქის მერმაც.

„2017 წელს, როდესაც საარჩევნო კამპანიას ვატარებდით, დავპირდით მოსახლეობას, რომ მუნიციპალური სერვისები ყველასთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი და კომფორტული. წლების განმავლობაში როგორ ხდებოდა: იყო მერია, სადაც ადამიანები უნდა მოსულიყვნენ და წერილი დაეწერათ მერის ან ვიცე-მერის სახელზე, რის შემდეგაც მიუვიდოდათ პასუხი. ამ რეფორმით, რომელიც ჩვენ დავნერგეთ, მოქალაქეს აღარ უწევს მერიაში მოსვლა. მას შეუძლია, თავისივე რაიონში მიბრძანდეს გამგეობაში, სადაც ძალიან მაღალ დონეზეა მოწყობილი მუნიციპალური სერვისები და ყველა ის სერვისი, რომელსაც მერიაში იღებდა, თავისივე გამგეობაში მიიღოს. ჩვენ ვგეგმავთ, ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაძლიეროთ მუშაობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ვიცე-მერის თქმით, მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით, ამოქმედდა ელექტრონული პლატფორმები, სადაც მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ ყველა ტიპის მუნიციპალური სერვისით სარგებლობა. ესენია: www.my.municipal.gov.ge, www.ms.gov.ge; www.taxi.tbilisi.gov.ge; www.parking.tbilisi.gov.ge.

გარდა ამისა, ვიცე-მერმა ისაუბრა კიდევ ერთ რეფორმაზე, რომლის ფარგლებშიც, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ბაზაზე მუნიციპალური ინსპექცია შეიქმნა. მისივე თქმით, აღნიშნულ სამსახურში დაინერგა მართვის ეფექტიანი სისტემა და გაიზარდა ჯარიმები სხვადასხვა ტიპის სამართალდარღვევაზე, რის შედეგადაც, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, მუნიციპალური ინსპექციის მიერ 18 ათასამდე სამართალდარღვევა გამოვლინდა. მათზე რეაგირების შედეგად, დაკისრებული ჯარიმების ოდენობა 78 მლნ ლარს შეადგენს.

პრეზენტაციის დასასრულს, დედაქალაქის მერმა საზოგადოებას ბოლო წლების განმავლობაში გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, ასევე, მუნიციპალიტეტის მერიის თითოეულ თანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, პანდემიით გამოწვეული რთული ვითარების მიუხედავად, მუნიციპალიტეტმა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

„სამწუხაროდ, ქალაქში გამოწვევები და პრობლემები ჯერ კიდევ ბევრია, თუმცა, როგორც ქალაქის მერს ძალიან მეამაყება, თუ რისი გაკეთება მოვახერხეთ ბოლო წლების განმავლობაში. მართლაც ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, უამრავ ადამიანს დავეხმარეთ, ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, წამოვიწყეთ სატრანსპორტო რეფორმა, ქალაქში იქმნება მწვანე სივრცეები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გავაგრძელოთ. უფრო მეტის გაკეთება იყო შესაძლებელი და უფრო მეტი კარგი პროექტი განხორციელდებოდა, რომ არა ის პანდემია და გამოწვევები, რომლის წინაშე დღეს არამხოლოდ ჩვენ, არამედ მთელი მსოფლიო დგას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, მერიის თანამშრომლებისთვის ძალიან დიდი სტიმულია ის მხარდაჭერა და თანადგომა, რაც მოსახლეობის მხრიდან იგრძნობა.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადო იმ შრომისთვის, რომელსაც ისინი ჩემთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ. განსაკუთრებული მადლობა კი მინდა გადავუხადო თბილისელებს, რადგან მათი მხარდაჭერითა და თანადგომით შევძელით იმის გაკეთება, რაზეც ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, პირადად ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის, თანამშრომლებისთვის ძალიან დიდი სტიმულია ის მხარდაჭერა და თანადგომა, რაც მოსახლეობის მხრიდან იგრძნობა. მიხარია ის დამოკიდებულება, რომელიც თბილისის მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მიმართ გააჩნია. შემთხვევითი არ არის, რომ კვლევები, რომელიც თბილისთან დაკავშირებით ტარდება, აჩვენებს, რომ ძალიან გაზრდილია ნდობა და მხარდაჭერა მუნიციპალიტეტის მიმართ, რაც, რა თქმა უნდა, ჩემთვის, როგორც ქალაქის ხელმძღვანელისთვის, ძალიან საამაყოა. ამისთვის დიდი მადლობა ჩემს თანამშრომლებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

29 ივნისი 2021