თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

თბილისის მერმა გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

„გუშინ, საზოგადოებას გარემოს დაცვის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარვუდგინეთ. ამ მხრივ, მართლაც, შთამბეჭდავი პროგრესი გვაქვს. ფუნდამენტი მყარია იმისთვის, რომ მომდევნო წლების განმავლობაში თბილისი ყველაზე მწვანე ქალაქად ვაქციოთ. ამჟამად, დედაქალაქში სხვადასხვა პროექტი მიმდინარეობს. მათ შორისაა, ცენტრალური პარკი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, რაც თბილისში ყველაზე დიდი დასასვენებელი სივრცე იქნება. პროექტს საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ახორციელებს. რა თქმა უნდა, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა მომავალშიც გაგრძელდება. უფრო მეტი მწვანე ადგილები შეიქმნება, მით უფრო, რომ დედაქალაქს ამის პოტენციალი აქვს”, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, დედაქალაქში კიდევ ორი პარკის რეაბილიტაცია დაიწყო.

„სამგორის რაიონში, კონკრეტულად ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში ხორციელდება რიგის პარკის სრული რეაბილიტაცია. დაახლოებით 40 000 კვ.მ სივრცის განახლება ხდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საბავშვო და სპორტული მოედნების, საფეხმავლო ბილიკების, განათების, ვიდეომეთვალყურეობის და სარწყავი სისტემების მოწყობა. ტერიტორიას დაემატება გამწვანებული თარგები და გაიზრდება მწვანე საფარის მოცულობა, ასევე, განთავსდება ფანჩატურები და ტრენაჟორები. ბავშვებისთვის იქნება სპეციალური ზონები, სადაც ატრაქციონები მოეწყობა. გარდა ამისა, მედიათეკის ტერიტორიაზე მოეწყობა შადრევანი სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 4,5 მილიონ ლარს შეადგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მწვანე სივრცეების აღდგენა და მოწყობა სხვადასხვა უბანში აქტიურად მიმდინარეობს.

„კიდევ ერთი მიმდინარე პროექტია ვაჟა-ფშაველას გამზირზე მარშალ გელოვანის პარკის რეაბილიტაცია და განახლება, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. ამ კონკრეტული სივრცის ფართობი, დაახლოებით, 5 500 კვ.მ ფართობია.

ამჟამად იცვლება საფეხმავლო საფარი, პანდუსები, ტერიტორიაზე საბაღე ფურნიტურა განთავსდება, რეაბილიტირდება არსებული შადრევანი და მის მიმდებარედ, დამატებით, გამწვანებული თარგები მოეწყობა.

ამ პროექტის ფარგლებში, კიდევ უფრო იზრდება მწვანე სივრცეების რაოდენობა, ასევე, იგეგმება საბავშვო მოედნის განახლება, სასმელი წყლისა და განათების სისტემების მონტაჟი, ასევე, ჰიდროთესვის პრინციპით დაითესება ბალახი. სკვერში მოეწყობა სარწყავი სისტემაც, რასაც დიდ ყურადღებას ვუთმობთ, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია რაიმე გამწვანებაზე ფიქრი.

თუ დააკვირდებით, გზაგამყოფებზე, რომელიც ახლა მთლიანად გამწვანებულია,   სარწყავი სისტემა ყველგან მოწესრიგებულია, იმისთვის, რომ მცენარეები მომავალშიც შენარჩუნდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მარშალ გელოვანის სახელობის პარკის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 800 000 ლარს შეადგენს. 

დედაქალაქის მერმა კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილების პროგრამის მიმდინარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დამატებით, დაახლოებით 700 ოჯახი დაკმაყოფილდება.

მისი თქმით, ცხადდება ინტერესთა გამოხატვა ორი მსხვილი პროექტისთვის სამგორსა და ვარკეთილში.

„სამწუხაროდ, გვყავს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახები. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აღიარებული აქვს ვალი მათთან მიმართებაში, ათეული წლებია, ამ ადამიანებს ყურადღებას არავინ აქცევდა. ჩვენ ამ ოჯახებს მივეცით პირობა, რომ აღნიშნულ საკითხს მოვაგვარებდით. უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, გარკვეულ მიწის ნაკვეთებზე გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა. გვყავს გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც მშენებლობის შემდეგ, ამ ოჯახებს დააკმაყოფილებენ. რიგითობა და თანმიმდევრობა ძალიან მარტივი წესით - სოციალური ქულების მიხედვით განვსაზღვრეთ. ვისაც ჯერ კიდევ არ შემოუტანია განცხადება, ჩემი თხოვნა იქნება, რომ აუცილებლად მიმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს, რომელიც ქულებს მოგანიჭებთ და რიგითობას დაიკავებთ. საუბარია, ჯამში, დაახლოებით, 3 000 ოჯახზე.

ამ ეტაპზე, ამ მშენებლობებთან დაკავშირებით, ნებართვები სხვადასხვა ეტაპზეა. არის კონკრეტული კომპანიები, რომლებსაც აქვთ ნებართვები და მშენებლობაც დაწყებულია. არის შემთხვევები, რომლებიც პროცესშია, კომპანიები მალე მიიღებენ ნებართვებს და მშენებლობაც დაიწყება. დღეს კი, ცხადდება ინტერესთა გამოხატვა ორი მსხვილი პროექტისთვის სამგორსა და ვარკეთილში, რომლითაც დაზარალებული ოჯახები დაკმაყოფილდებიან“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ სამშენებლო სექტორს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„მინდა სამშენებლო სექტორს მოვუწოდო აქტიურობისკენ. დეტალური ინფორმაცია განთავსდება თბილისის მერიის ვებგვერდზე, გაეცანით და გამოხატეთ თქვენი ინტერესი.

ამ ორი პროექტის განხორციელების შემდეგ, მინიმუმ 700 ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული. 2018 წლიდან დღემდე, ჯამში, 1 289 ოჯახისთვის შეიქმნა შესაძლებლობა იმისა, რომ საცხოვრებელი ბინები მიიღონ. ეს იმას ნიშნავს, რომ უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში ეს ოჯახები სრულად დაკმაყოფილდებიან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ბაგები-წყნეთის გზაზე დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლით გამაგრების სამუშაოების თაობაზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე   80 მეტრი სიგრძის და 5 მეტრი სიმაღლის ხიმინჯოვანი რკინა-ბეტონის კედელი მოეწყობა.

როგორც   კახა კალაძემ აღნიშნა, აღნიშნული სამუშაოები გზის კონკრეტულ მონაკვეთზე გადაადგილებას მაქსიმალურად უსაფრთხოს გახდის.

„თქვენ იცით, რომ მიმდინარე წლის მარტში, ბაგები-წყნეთის გზაზე, კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში მეწყრული ზონა გამოვლინდა, რის გამოც საჭირო გახდა პრევენციული ზომების მიღება. ამ მონაკვეთში, უსაფრთხოების მიზნით, გადაუდებელი წესით ჩატარდა შესაბამისი სამუშაოები, რომ მაქსიმალურად უსაფრთხო ყოფილიყო გადაადგილება. მომდევნო ეტაპზე დამეწყრილი ფერდის საფუძვლიანი გამაგრებისთვის ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ტენდერი, გვყავს გამარჯვებული კომპანია, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება და სამი თვის ვადაში დასრულდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუ ავტობუსის ზოლში გაჩერდება ავტომანქანა, ის დაჯარიმდება.

მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია ერთ-ერთი პრობლემური სატრანსპორტო მონაკვეთია, რადგან აქ ფუნქციონირებს „მაკდონალდსის“ „დრაივი“ და პიკის საათებში მომლოდინე ავტომანქანების რიგი დგება.

„ბევრი ვიმუშავეთ ამ პრობლემასთან დაკავშირებით და ერთადერთი გადაწყვეტა არის ვიდეოსათვალთვალო კამერის დაყენება. იმ შემთხვევაში, თუ ავტობუსის ზოლში გაჩერდება ავტომანქანა, თუნდაც „დრაივზე“ რიგის დაკავების მიზნით, ის დაჯარიმდება. აქედან გამომდინარე, მინდა მოვუწოდო მძღოლებს, რომ ამ ადგილას არ დააკავონ ავტობუსის ზოლი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაეკისრებათ ადმინისტრაციული სახდელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მძღოლების ინფორმირებულობის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე ინსპექტორი იმუშავებს.

„სატრანსპორტო საშუალებების მფლობელების მეტი ინფორმირების მიზნით, მინდა ვთხოვო თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, რომ ერთი ინსპექტორი იქ იდგეს გარკვეული პერიოდულობით და მძღოლებს მიაწოდოს ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი დამონტაჟებულია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

სხდომის დასასრულს, დედაქალაქის მერმა ქართველ მეცნიერსა და პედაგოგს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, რისმაგ გორდეზიანს დაბადების დღე მიულოცა.

„მინდა ცნობილ ქართველ მეცნიერს, ღვაწლმოსილ პედაგოგს რისმაგ გორდეზიანს მივულოცო დაბადების დღე. ბატონმა რისმაგმა ფილოლოგთა არაერთი თაობა აღზარდა. პირველ რიგში, მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა და ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

09 ივნისი 2021