მზიურში ლიეტუვური კინოსა და კულტურის ფესტივალი „სარკმელი ლიეტუვაში“ გაიხსნა

მზიურის პარკის ამფითეატრში დღეს, ორდღიანი ფესტივალი „სარკმელი ლიეტუვაში“ გაიხსნა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო. „სარკმელი ლიეტუვაში“ თბილისში პირველად ტარდება და მასზე წარმოდგენილია ლიეტუვური კულტურა, ხელოვნება, სპორტი და ტრადიციები.

ფესტივალის დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა, მოესმინ ლიეტუვური თანამედროვე მუსიკის და მრავალხმოვანი სიმღერების კომბინირების შედეგად შექმნილი კომპოზიციები, რომლებიც ლიეტუვური ჯგუფის „სკამპის“ წევრმა ვიქტორას დიავარამ ადგილობრივ მუსიკოსებთან ერთად შეასრულა. გარდა ამისა, ღია ცის ქვეშ გაიმართა ლიეტუვური ფილმების კინოჩვენება.

ღონისძიება ითვალისწინებს არასრულწლოვან სტუმრებსაც, რომლებისთვისაც ხვალ წარმოდგენილი იქნება ანიმაციური საგანმანათლებლო მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა, ასევე, დისკუსიები ლიეტუველ მხატვრებთან.

ფესტივალის მიზანია კულტურის, ლიეტუვური კინოს და მუსიკის უნიკალურობის ასახვა ევროპულ კონტექსტში. ახალი კავშირების შექმნით, პროექტი საშუალებას აძლევს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ხელოვანებს, შეხვდნენ და გამოცდილება გაცვალონ. ეს ღონისძიება არის ლიეტუვის საჩუქარი ქალაქ თბილისისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

ორდღიანი ფესტივალის ორგანიზატორები არიან ლიეტუვური სათვისტომოები „ლაბას“ და „რუტა“. ღონისძიება დაფინანსებულია ლიეტუვის კულტურის საბჭოსა და ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს მიერ საქართველოში. ფესტივალის ოფიციალური პარტნიორია თბილისის მერია.

28 მაისი 2021