თბილისის სატელევიზიო ანძა ლურჯად განათდა

თბილისის სატელევიზიო ანძა ლურჯად განათდა, რაც მსოფლიოში მსხვილი ნაწლავის, იგივე კოლორექტული კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეს - „ლურჯ მარტს“ უკავშირდება.

სახელწოდებიდან გამომდინარე, ამ თვეს მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში დაგეგმილი ღონისძიებები ლურჯი სიმბოლოების თანხლებით მიმდინარეობს, რაც ხაზს უსვამს აღნიშნული თემისადმი თანადგომას.

მარტში ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, ონლაინ ღონისძიებები და საინფორმაციო კამპანია ჩაატარა, რომელთაგან აღსანიშნავია ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ერთობლივი კონფერენცია - „კოლორექტული კიბო - შესაძლებელია პრევენცია, მკურნალობა, დამარცხება“ და საინფორმაციო ვიდეორგოლების გაშუქება სატელევიზიო სივრცესა თუ სოციალურ მედიაში.

„ლურჯი მარტის“ საინფორმაციო კამპანიის შემაჯამებელ აქტივობად სატელევიზიო ანძა ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მხარდაჭერით განათდა.

29 მარტი 2021