თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

კახა კალაძემ ყველა იმ ადამიანს, ვინც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში იყო ჩართული, მადლობა გადაუხადა.

„გუშინ ძლიერმა ქარმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა. ძირითადად, ეს იყო საბურთალოს, გლდანისა და ნაძალადევის რაიონები, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდა. ქარმა გარკვეულ ლოკაციებზე სახლებს სახურავები გადახადა. დაფიქსირდა ხის წაქცევის რამდენიმე შემთხვევა, ასევე, რამდენიმე ლოკაციაზე ავარიულ სახლებში, სადაც არავინ ცხოვრობს, კედლის ჩამონგრევის ფაქტები. მინდა, მადლობა გადავუხადო „ეკოსერვის ჯგუფს“, ათივე რაიონის გამგეობას, მუნიციპალურ ინსპექციას, ყველა იმ ადამიანს, ვინც გუშინ მთელი დღის განმავლობაში და ღამის საათებში მუშაობდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოგვარებულიყო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს სთხოვა, ქალაქში დარჩენილი პრობლემები დროულად მოგვარდეს.

მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისის მერიამ საქართველოს პარლამენტს „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც გარკვეულ დარღვევებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვს.

კახა კალაძის განცხადებით, ამნისტია შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას, პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც მშენებლობის ნებართვის საფუძველზეა ნაწარმოები და მშენებლობა 2020 წლის 18 აგვისტომდეა დასრულებული.

„გასულ წელს ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაევალა საკმაოდ მნიშვნელოვან კანონპროექტზე მუშაობა. დარწმუნებული ვარ, მას პარლამენტში დიდი მხარდაჭერა ექნება. კანონპროექტი შეეხება სამშენებლო ამნისტიას და გარკვეულ დარღვევებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვს. ჩვენ საკანონმდებლო პაკეტი მოვამზადეთ და პარლამენტში წარვადგინეთ. მიმდინარეობს მუშაობა. შემუშავებული და შეჯერებულია ყველა პრინციპი, რაც ამ ინიციატივაში მნიშვნელოვანია. ამნისტია შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას, პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე. თუ დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრი, ექსტერიერი ან ინტერიერი, მიჯნის ზონა, განაშენიანების რეგულირების ხაზები, განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზები, ფუნქციური ზონა, ავტოსადგომების რაოდენობა ან პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, თუმცა მათი უსაფრთხოება დადასტურებულია აკრედიტებული ექსპერტის მიერ, ყველა ზემოთჩამოთვლილი დარღვევა ჩაითვლება საპატიოდ და ჩამოიწერება დარღვევებიდან გამომდინარე დაკისრებული ჯარიმები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტში, ამნისტიის გარდა, გაწერილია მთელი რიგი პრევენციული ღონისძიებები. მათ შორის, მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, მშენებლობის ხელმეორედ შეუჩერებლობა, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

„ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ამ შენობა-ნაგებობების მესაკუთრეებს დღეს თბილისის მოსახლეობა წარმოადგენს. რადგან მოქმედი კანონმდებლობა არ იძლეოდა სრულფასოვანი და ეფექტური ზედამხედველობისა და დარღვევებზე სათანადო რეაგირების საშუალებას, თბილისში მივიღეთ ასეულობით დასრულებული მშენებლობა, რომელიც სხვადასხვა დარღვევით განხორციელდა და დღეს, ამ ობიექტების მესაკუთრეებს სწორედ თბილისელები წარმოადგენენ. ჩვენ მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული საკანონდებლო პაკეტი არ ითვალისწინებს მხოლოდ ამნისტიას და პატიებას, არამედ აყალიბებს მთელ რიგ პრევენციულ ღონისძიებებს.

რამდენიმე წლის წინ მსგავს დარღვევებზე გავზარდეთ ჯარიმები, რამაც გარკვეული შედეგები გამოიღო, მაგრამ ფაქტია, რომ ვდგავართ სამშენებლო კომპანიების მხრიდან შეგნებული და მიზანმიმართული დარღვევებისა და მათგან გამოწვეული პრობლემების პირისპირ. სწორედ ამიტომ, შემოგვაქვს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. კერძოდ, მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, მშენებლობის ხელმეორედ შეუჩერებლობა გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. პირველ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება ჯარიმა. გადავახდევინებთ ჯარიმას, თუ არასწორად ხორციელდება მშენებლობა და შეუსაბამოო არქიტექტურულ ნებართვასთან. თუ ხელმეორედ არ იქნება გამოსწორებული, ეს უკვე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში გადავა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, საკანონმდებლო პაკეტის მესამე ნაწილი ეხება შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში შესვლის საკითხს. კერძოდ, კანონში ცვლილება ითვალისწინებს ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით მომარაგების აკრძალვას.

„როგორც მოგეხსენებათ, 2009 წელს შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, დაშვებულია შენობა-ნაგებობების გამოყენება და მასში ცხოვრება, მის ექსპლუატაციაში მიღებამდე. ექსპლუატაციაში მიღება ნიშნავს შენობა-ნაგებობის სამშენებლო ნებართვასთან და პროექტთან შესაბამისობის დადგენას. დღეს არსებული საკანონდებლო პრაქტიკიდან გამომდინარე, ადამიანები ცხოვრობენ ისეთ შენობებში, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის ექსპლუატაციაში მიღებული. ჩვენ გვახსოვს ამ ყველაფერმა რა პრობლემები შექმნა და ასეთი ნაგებობები ახლაც არსებობს, რადგან კანონი არ ზღუდავს ამ ყველაფერს. იმისთვის, რომ შეიცვალოს დამკვიდრებული პრაქტიკა და თავად სამშენებლო კომპანიებს ჰქონდეთ ინტერესი, აწარმოონ მშენებლობა სამშენებლო ნორმებისა და მშენებლობის ნებართვის შესაბამისად და შენობა შევიდეს ექსპლუატაციაში, კანონში ცვლილება ითვალისწინებს ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით მომარაგების აკრძალვას. დღეს გვაქვს ასეთი რეალობა: სრულდება მშენებლობა ისე, რომ მშენებელი ექსპლუატაციაში მიღების გარეშეც ახერხებს რეალიზაციას და აღარავის არ აქვს ინტერესი შენობა ექსპლუატაციაში შევიდეს. არის შემთხვევები, როდესაც მშენებელი იღებს თავის შემოსავალს და მასში მცხოვრები ადამიანები დადიან აქეთ-იქით, რომ ექსპლუატაციის პრობლემა მოაგვარონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი იმედოვნებს, რომ აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერა ექნება.

კახა კალაძის თქმით, თბილისის მერია ქალაქში ელექტრომობილების დამტენების მონტაჟს განაგრძობს და შემდგომში პროექტის რეალიზაციას უზრუნველყოფს. თბილისში 30 ელექტროდამტენი უკვე დამონტაჟდა, თუმცა პროგრამის განხორციელებას ხელი კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა.

„ელექტროდამტენების პროგრამა, დაახლოებით, ორი წლის წინ დავიწყეთ. ეს ქალაქში ელექტრომობილების შემოყვანისა და მოხმარების წახალისებას ემსახურებოდა. მოვამზადეთ პროექტი, შევთავაზეთ ბიზნეს სექტორს, ქალაქის მასშტაბით 60 ელექტროდამტენი უნდა დამონტაჟებულიყო. პირველ ეტაპზე, დაახლოებით, 30 დამტენი დამონტაჟდა, თუმცა არსებული პანდემიის გამო, ძალიან ბევრი ეკონომიკური აქტივობა შეჩერდა. ამ კომპანიასაც გარკვეული პრობლემები შეექმნა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ვიცე-მერს პროგრამის თავიდან შემუშავება დაავალა, რომლის მიხედვითაც, ელექტროდამტენები ელექტრომობილების მფლობელების საცხოვრებელ სახლებთან განთავსდება.

„მინდა, ირაკლი ხმალაძეს პროგრამის თავიდან შემუშავება დავავალო. მუნიციპალიტეტმა ელექტროდამტენების მონტაჟი მოქალაქეების თხოვნის მიხედვით უნდა უზრუნველყოს. მივმართავ ელექტრომობილების მფლობელებს, მათ უნდა განაცხადონ და თუ შესაძლებელი იქნება, ელექტროდამტენებს თავიანთ საცხოვრებელ სახლებთან განვათავსებთ. ამ მიმართულებით არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახური ჩაერთვება. რაც შეიძლება სწრაფად უნდა შემუშავდეს პროექტი, რომლის ამოქმედების შემდეგაც შესაძლებელია მისი გაყიდვაც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ მელიქიშვილისა და ჯანაშიას ქუჩების კვეთაზე მდებარე ფერადი პანო მოწესრიგდება და განახლდება.

მისივე თქმით, პანო, რომელზეც ილია ჭავჭავაძის ლექსიდან ამონარიდია გამოსახული, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. პანოს აღდგენის პროცესში ჩართულობის მზაობა ადგილობრივი მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფმაც გამოთქვა.

„განსაკუთრებული გულისტკივილით მოგვმართა ადგილობრივი მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფმაც და გამოთქვეს შეძლებისდაგვარად ჩართულობის მზაობა, რომ მოხდეს ამ ყველაფრის მოწესრიგება. მინდა, ყველა ადამიანს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ზრუნავენ ჩვენს ქალაქზე. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ასეთი აქტიური ადამიანების ჩართულობა. ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს. გარდა კულტურული ღირებულებებისა, ილია ჭავჭავაძის ამ ლექსით გადმოცემული იდეა ქართული სახელმწიფოს, ქართული იდენტობის მთავარი განმსაზღვრელია და ძალიან მალე, ეს ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და განახლებული. ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის პანო ან მოზაიკა შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად უნდა ვნახოთ და აღვადგინოთ ყველაფერი, რადგან ეს იყო ჩვენი ქალაქის მშვენება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

24 თებერვალი 2021