8 თებერვლიდან ე.წ. ბასლეინებში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იკრძალება

8 თებერვლიდან ავტობუსის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის გამოყოფილ ზოლებში, ე.წ. ბასლეინებში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იკრძალება.

როგორც მოგეხსენებათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების პარალელურად, დედაქალაქის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავტობუსისთვის განკუთვნილ ხაზებში კერძო ავტომანქანების მოძრაობა დასაშვები ყოფილიყო, რაზეც სამართალდარღვევის ოქმი არ იწერებოდა. ხვალიდან კი, აღნიშნულ ზოლში მოძრაობის უფლება კვლავ მხოლოდ მუნიციპალურ ტრანსპორტს ექნება, ხოლო კერძო სატრანსპორტო საშუალებები ე.წ. ბასლეინებში გადაადგილებისას დაჯარიმდებიან.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება. თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 21:00 საათამდე, მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ. გამონაკლისია მ/ს „გოცირიძე“, კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზები.

ასევე, საბჭოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმოძრავებს.

07 თებერვალი 2021