სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საახალწლო გალაკონცერტი გაიმართა

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული გალაკონცერტი გაიმართა. წლევანდელი გალაკონცერტი, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, განსხვავებული ფორმატის იყო - შემსრულებლები სპეციალურად მოწყობილ სცენაზე იდგნენ, რომელიც რამდენიმესართულიან, აივნებიან და ტერასებიან სახლს წარმოადგენდა. გარდა სპეციალურ სცენაზე წარმოდგენილი მუსიკალური ნომრებისა, ასევე იყო პირდაპირი ჩართვები თბილისის სხვადასხვა უბნიდან. სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გალაკონცერტის მიმდინარეობისას მაქსიმალურად იყო დაცული რეგულაციები. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე მუსიკალურ ნომრებს ახალგაზრდები ასრულებდნენ, მაღალი რისკის მქონე შემსრულებლები კი საკუთარი, საახალწლოდ მოწყობილი სახლის ფანჯრებიდან და აივნებიდან ერთვებოდნენ. კონცერტი პირდაპირი ეთერის საშუალებით გადაიცემოდა.

გალაკონცერტის მიმდინარეობისას, ახალი წელი მიულოცა მოსახლეობას დედაქალაქის მერმა.

„მიილია 2020 წელი - წელი, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში დარჩება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და რთული წელი. ჩვენ, ყველას ერთად გლობალური პანდემიის წესებით მოგვიწია ცხოვრება. უკვე გავიარეთ ახალ რეალობასთან ადაპტაციის რთული ეტაპები. სოლიდარობამ, ექიმების თავდადებამ, საჯარო მოხელეთა ძალისხმევამ, საპატრულო პოლიციის 24-საათიანმა საქმიანობამ, თბილისის მერიის ყველა უწყების თავდაუზოგავმა შრომამ და თითოეული ჩვენგანის უკეთესი მომავლის რწმენამ მოგვცა ძალა, ეს მძიმე პერიოდი გადაგვეტანა, არ დავნებებულიყავით და დღეს უკვე ყველა იმედით შევყურებთ ახალ, 2021 წელს.

ჩემო საყვარელო ხალხო, მინდა, მთელი გულით მოგილოცოთ შობა-ახალი წელი, გისურვოთ პირველ რიგში, ჯანმრთელობა და ბედნიერება. ჩვენ ერთად ვართ, სოლიდარულები ვართ და ყველა ერთად, ყველა სირთულეს დავძლევთ. საქართველოს ბევრი განსაცდელი გადაულახავს და არ დაცემულა - ფერფლიდან აღმდგარა და ახალი სიცოცხლე დაუწყია. მომავალი წელი იქნება აღდგენის, განახლების და გაძლიერების წელი.

მეგობრებო, ჩვენს ერთად ყოფნას, მომავლისკენ სვლას ვერაფერი შეაჩერებს. გილოცავთ დიდი სიყვარულით და ოპტიმიზმით სავსე გულით! ყველაფერი ცუდი წარსულში დავტოვოთ, ახალ წელს შევეგებოთ იმედით და რაც მთავარია, ერთმანეთის სიყვარულით. გილოცავ საქართველო! გილოცავ ჩემო თბილისო! გილოცავთ ჩემო უსაყვარლესო ხალხო! მრავალჟამიერ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საახალწლო კონცერტის რეჟისორები ბასა ფოცხიშვილი და დავით დოიაშვილი იყვნენ, მუსიკალური ხელმძღვანელი - დათო ევგენიძე, ხოლო დამდგმელი მხატვარი თამარ ფოცხიშვილი.

კონცერტში მონაწილეობდნენ დათო ევგენიძე და მისი ბენდი, გიორგი მახარაშვილი, ელენე კალანდაძე, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნატალიკო ქუთათელაძე, New one, ნოდარიკო ხუციშვილი, ლიზა ბაგრატიონი, ბახვა ბრეგვაძე, მაია ჯაბუა, ეკა კახიანი, ლიზა ყენია, შვიდკაცა, ჯემალ ჭკუასელი, ანზორ ერქომაიშვილი, Salio, ლიკა ევგენიძე, გოგი ჭიჭინაძე, კახაბერი, ნატო მეტონიძე, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი მიქაძე, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ლიზა კალანდაძე, ნინო ქათამაძე, ლელა წურწუმია, NON STOP, ზუკა ხუციშვილი, LOUDspeakers, კატო კვარაცხელია, კატო გიორგაძე, სტეფანე, Young Georgian Lolitas, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, The Quintessence, ანა დოიაშვილი, გიორგი გიგაშვილი, ბექა გოჩიაშვილი, ნინი ნუცუბიძე, მარიამ ჯანჯღავა, გიორგი ცაგარელი.

01 იანვარი 2021