მიწისძვრა

მიწისძვრა არის მიწის მოულოდნელი, სწრაფი ბიძგები, რომლებიც გამოწვეულია მიწისქვეშა ენერგიის უცაბედი გამოთავისუფლებით.

მიწისძვრა ბუნების ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე მოვლენაა. მსხვერპლის რაოდენობითა და დამანგრეველი მოქმედებით იგი აღემატება ყველა სხვა ბუნებრივ კატასტროფას. დღესაც კი ადამიანი უძლურია ამ სტიქიის წინაშე, რომელიც იწვევს დიდ მსხვერპლს, ნგრევასა და ზარალს.

მოქმედების წესები კატასტროფამდე, კატასტროფის დროს და კატასტროფის შემდეგ

კატასტროფამდე

გახსოვდეთ, მიწისძვრის შემთხვევაში მოქმედების წესები სახლში, სკოლაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში ყოფნისას.

  1. წინასწარ შეისწავლეთ და განსაზღვრეთ საფრთხის შემცველი ადგილები თქვენს სკოლასა და სახლში
  2. განსაზღვრეთ უსაფრთხო ადგილი თქვენი სახლის ყველა ოთახსა და საკლასო ოთახში
  3. გაეცანით სკოლის საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმებს
  4. ოჯახის წევრებთან ერთად შეადგინეთ კატასტროფისას სათანადო მზადყოფნისა და რეაგირების საოჯახო გეგმა
  5. განსაზღვრეთ თავშეყრის პუნქტი სკოლის და სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე
  6. დაიმახსოვრეთ ქალაქის საგანგებო ზარი/ტელეფონის ნომრები
  7. დაიმახსოვრეთ, რომ მიწისძვრის დროს საშიშია შენობების გარე და შიდა კედლების დიდი შემინული ღიობები, კუთხის ოთახები და ლიფტი
  8. ნუ დაკიდებთ თაროებს საწოლის თავზე
  9. სარკეები და მძიმე სურათები მოარიდეთ საწოლს
  10. მკვიდრად მიამაგრეთ თაროები კედელზე; მყარად დადგით კარადები იატაკზე; ჩამოიღეთ ზედა თაროებიდან მძიმე საგნები; არ დააწყოთ მინის ნივთები თაროზე
  11. არ დადგათ საწოლები დიდ ფანჯრებთან, გარე კედლებთან ან შემინულ ტიხრებთან
  12. ნუ ჩახერგავთ ბინაში შესასვლელს, დერეფანსა და კიბის ბაქნებს
  13. არ დააწყოთ გაზქურასთან ახლოს აალებადი ნივთები
  14. ელექტროწყალგამაცხელებელი საიმედოდ უნდა იყოს მიმაგრებული. რადგან მიწისძვრის შემდეგ ის წყლის საუკეთესო რეზერვუარი ხდება, შეეცადეთ, არ დააზიანოთ იგი
  15. იქონიეთ საგანგებო აღჭურვილობა და მარაგები (წყალი, არამალფუჭებადი საკვები, ელექტროფანარი, პირველადი დახმარების სამედიცინო ნაკრები და ა.შ.)

კატასტროფის დროს

კატასტროფის შემდეგ

   

 წყალდიდობა

წყალდიდობა არის ჭარბი ნალექების მოსვლისა და თოვლის სწრაფი დნობის შედეგად მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა, რაც იწვევს ტერიტორიის მნიშვნელოვან დატბორვას. წყალდიდობის დროს იმატებს წყლის დონე და მდინარე გადმოდის კალაპოტიდან.

მოქმედების წესები კატასტროფამდე, კატასტროფის დროს და კატასტროფის შემდეგ

კატასტროფამდე

კატასტროფის დროს

  1. შენობაში უნდა დაიხუროს კარ-ფანჯარა
  2. აუცილებელია ბუნებრივი აირის, წყლისა და ელექტროობის/ელექტროენერგიის გათიშვა
  3. არ შეიძლება მდინარესთან ან წყალსაცავთან მიახლოვება
  4. საჭიროა ევაკუირება წინასწარ შერჩეულ ამაღლებულ ადგილზე, ან მყარი შენობის სახურავზე ასვლა
  5. საჭიროა სიგნალის მიცემა დღისით ჯოხზე დამაგრებული ფერადი ნაჭრით; დაბნელების შემდეგ კი - შუქსიგნალით
  6. მანქანაში ყოფნისას მძღოლი უნდა გაერიდოს წყალდიდობის წყაროს
  7. თუ მანქანა ჩაეფლო, არ შეიძლება მასში გაჩერება/დარჩენა, წყალს შეუძლია თავისუფლად გაიტაცოს ავტოტრანსპორტი. საჭიროა მისი მიტოვება და შემაღლებულ ადგილას ასვლა (ხე, გორაკი, შენობის სახურავი)

კატასტროფის შემდეგ

  1. დარჩით უსაფრთხო ადგილას საფრთხის სრულად გავლამდე
  2. სახლში დაბრუნებისას, ზედაპირულად შეამოწმეთ შენობა (ბზარები და სხვა დაზიანებები), დარწმუნდით რომ შენობას დანგრევის საფრთხე არ ემუქრება
  3. არ ჩართოთ ელექტროგანათება, არ ისარგებლოთ ელექტროხელსაწყოებით, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ისინი კარგად გამოშრა
  4. გაანიავეთ შენობა
  5. არ აანთოთ ასანთი სრულ განიავებამდე
  6. განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ ცხოველებისადმი, მათ შორის, შხამიანი გველებისადმი, რომლებმაც შეიძლება წყალდიდობისას თავი შენობას შეაფარეს
  7. სიფრთხილეა საჭირო დაკიდებული ავეჯის, სურათებისა და ჭაღებისადმი, რადგან ისინი შეიძლება ჩამოცვივდეს
  8. გადასაყრელია ყველა პროდუქტი, რაც კი წყლით იყო დასველებული
  9. რადგან მაღალია ეპიდემიების გავრცელების ალბათობა სანიაღვრე თუ საკანალიზაციო სისტემის დაზიანების შემთხვევაში წყალდიდობის შედეგების სრულად აღმოფხვრამდე შეიძლება მხოლოდ ბოთლის ან სხვა სუფთა სასმელი წყლის მიღება 

 

მეწყერი

მეწყერი  არის სიმძიმის ძალის გავლენით მთის ქანებისა და გრუნტის ჩამოცურებითი გადაადგილება (დაცოცება) მთისა და ხეობის ფერდობებზე და ზღვის, ტბისა და მდინარის ნაპირებზე.

მეწყრის მიზეზია მიწის მასებში წონასწორობის დარღვევა, რასაც იწვევს ფერდობის ძირის გამორეცხვა, გამოფიტვის ან უხვი ნალექებით ჭარბტენიანობის გამო ქანების სიმტკიცის შესუსტება, სეისმური ბიძგები ან, ადგილის გეოლოგიური პირობების გაუთვალისწინებლად, ადამიანის სამეურნეო საქმიანობა (ასაფეთქებელი სამუშაოები და სხვა).

ცნობილია, რომ თუკი ნალექების რაოდენობა მოცემულ ტერიტორიაზე არ აღემატება საშუალო მრავალწლიურ მაჩვენებლებს, ანუ იმყოფება ნორმის ფარგლებში, მეწყრების გააქტიურება არ შეიმჩნევა.

მოქმედების წესები კატასტროფამდე, კატასტროფის დროს და კატასტროფის შემდეგ

კატასტროფამდე

კატასტროფის დროს

  1. მეწყრის წარმოქმნის საშიშროების შესახებ ინფორმაციის მიღებისას გამორთეთ გაზის და ელექტროხელსაწყოები, წყალსადენის ქსელი, მოემზადეთ დაუყოვნებლივი ევაკუირებისათვის, წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად
  2. იმოქმედეთ საგანგებო სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად (იმისდა მიხედვით, თუ როგორია მეწყრის გადაადგილების სიჩქარე)
  3. გადაადგილების მცირე სიჩქარის დროს (რამდენიმე მეტრი თვეში) იმოქმედეთ თქვენი შესაძლებლობების მიხედვით: გადაიტანეთ ნაგებობები წინასწარ გათვალისწინებულ ადგილას, გაიტანეთ ავეჯი და ბარგი
  4. თუ მეწყრის გადაადგილების სიჩქარე დღე-ღამეში 0,5-1 მეტრს აღემატება, ევაკუირება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად
  5. ევაკუირებისას თან უნდა წაიღოთ საბუთები, მატერიალური ფასეულობანი, ხოლო ვითარებისა და ადმინისტრაციის მითითებების მიხედვით, თბილი ტანსაცმელი და პროდუქტები. სასწრაფოდ უნდა გადახვიდეთ უსაფრთხო ადგილას

 

კატასტროფის შემდეგ 

  1. მეწყრის შემდეგ გადარჩენილ შენობა-ნაგებობებში შეამოწმეთ კედლებისა და გადახურვის მდგომარეობა, გამოავლინეთ ელექტროქსელების, გაზისა და წყალმომარაგების ქსელების დაზიანება.
  2. მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ ორგანიზება უკეთდება განმწმენდ და სარეაბილიტაციო სამუშაოებს

  

 ღვარცოფი

ღვარცოფი არის წყლისა და დიდი ოდენობით მთის ქანების ნაშალის (ნამსხვრევების), თიხოვანი ნაწილაკების, დიდი ქვებისა და ლოდების ნარევის დროებითი ნაკადი, რომელიც უეცრად წარმოიშობა მთის მდინარეების კალაპოტებსა და ველ-დაბლობებში ინტენსიური, ზოგჯერ, ხანმოკლე თავსხმა წვიმების შედეგად

 

მოქმედების წესები კატასტროფამდე, კატასტროფის დროს და კატასტროფის შემდეგ

კატასტროფამდე

  1. ჩვეულებრივ, ცნობილია ის ადგილები, სადაც შესაძლებელია ღვარცოფის მოვარდნა. მთაში გამგზავრებამდე შეისწავლეთ თქვენი მოძრაობის მარშრუტზე ასეთი ადგილები და, არსებობის შემთხვევაში, თავი აარიდეთ მათ, განსაკუთრებით, უხვი წვიმების შემდეგ
  2. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ღვარცოფში მოყოლილი ადამიანის გადარჩენა თითქმის შეუძლებელია. გადარჩენა მხოლოდ მისგან თავის არიდებით შეიძლება
  3. წინასწარი ევაკუაციის დროს, ბინის დატოვებამდე გამორთეთ დენი, გაზი და წყალი. მჭიდროდ დახურეთ კარ-ფანჯრები და სავენტილაციო მილები
  4. თითოეულმა ადამიანმა, რომელიც ცხოვრობს ღვარცოფსაშიშ რაიონში, უნდა განსაზღვროს, ხომ არ მდებარეობს მისი სახლი ღვარცოფის შესაძლო მოქმედების ზონაში. ასეთ ზონებში, როგორც წესი, უარი უნდა თქვათ საცხოვრებელი სახლის აშენებაზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახლი უკვე არსებობს აღნიშნულ ზონაში, საჭიროა, მიიღოთ ზომები სახლის ფუნდამენტისა და კედლების გასამაგრებლად, მიწაყრილების, შემოვლითი სანიაღვრე არხების ასაგებად, ნარგავებით ან საყრდენი კედლებით ფერდობების გასამაგრებლად, საკომუნიკაციო ხაზების გამაგრებისათვის დამატებითი დაცვითი ღონისძიებების გასატარებლად

კატასტროფის დროს

  1. მოახლოებული ღვარცოფული ნაკადის შესახებ გაფრთხილება-სიგნალის მიღების შემთხვევაში (რადიოთი, ტელეფონით ან რაიმე სხვა წინასწარ დადგენილი საშუალებებით) ან მისთვის დამახასიათებელი ხმაურის შემთხვევაში, რომელიც წააგავს დიდი სისწრაფით მოახლოებული მატარებლის გრუხუნს, აუცილებელია, დაუყონებლივ ახვიდეთ ვაკე-დაბლობიდან 50-100 მეტრით მაღლა
  2. უნდა გახსოვდეთ, რომ მძვინვარე ნაკადიდან შეიძლება ამოიტყორცნოს დიდი წონის ქვები, რომლებმაც შეიძლება რეალური საფრთხე შეუქმნას ადამიანებს
  3. ეცადეთ, სასწრაფოდ გადაადგილდეთ უსაფრთხო ადგილზე, წინასწარ განსაზღვრული საევაკუაციო სქემის შესაბამისად

კატასტროფის შემდეგ

აღმოუჩინეთ დახმარება დაზარალებულებს და დაეხმარეთ იმ სამაშველო ძალებს, რომლებიც ახორციელებენ ჩამონაქცევებისა და ხერგილების გაწმენდას ღვარცოფის მოძრაობის გზაზე და ძირითადი ღვარცოფული მასის გამოტანის ადგილებში.

 

 ქვათაცვენა

 


 
მოქმედების წესები სახიფათო უბნებზე გადაადგილებისას:

  1. წინასწარ მოიპოვეთ ინფორმაცია გადაადგილების მარშრუტზე ქვათაცვენის თვალსაზრისით სახიფათო უბნებთან დაკავშირებით
  2. მოძრაობისათვის შეარჩიეთ წლისა და დღე-ღამის უსაფრთხო დრო (პერიოდი)
  3. სახიფათო ადგილები გადალახეთ სათითაოდ, მაქსიმალური დაზღვევის გათვალისწინებით, ბორცვოვანი მონაკვეთების გამოყენებით
  4. ქვათაცვენის ჩამონაყარში გადაადგილებისას, ასვლის ან ჩასვლის მომენტში, მოლაშქრეებს შორის ინტერვალი უნდა იყოს, რაც შეიძლება, მცირე
  5. მოლაშქრეთა გადაადგილებისას დაუშვებელია მათი ერთმანეთის ზემოთ ყოფნა, განსაკუთრებით, ორი ჯგუფის ერთდროულად მოძრაობის შემთხვევაში
  6. სახიფათო უბნებზე გადაადგილებისას საიმედოდ უნდა შეამოწმოთ დასაყრდენი წერტილები, რათა მათზე დაყრდნობისას არ გამოვიწვიოთ მათი ჩატეხვა ან კლდიდან მოწყვეტა. ყოველი დაძრული ქვა უნდა შევაკავოთ და გავაფრთხილოთ სხვები მათ შესახებ
  7. ქვათაცვენის უბნებზე გადაადგილება დაუშვებელია წვიმის, თოვლის, ელჭექისა და ძლიერი ქარის დროს
  8. სახიფათო გადაადგილებისას მოლაშქრეთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს ქვათაცვენის პროცესზე უშუალო დამკვირვებელი, რომელიც ხმოვანი სიგნალით (`ქვები~) ამცნობს მოლაშქრეებს მოსალოდნელი საფრთხის, ქვათაცვენის დაწყების შესახებ. იმავე სიგნალს იძლევა ის მოლაშქრეც, რომელიც საყრდენზე დაბიჯებით გამოიწვევს ქვის ვარდნას
  9. ქვათაცვენის შემთხვევაში უნდა აეკრათ კლდეს მის კიდეზე (კედელზე) მიჯრით, ან თავი შეაფაროთ გამონაშვერის ქვეშ. თუ ამის საშუალება არ არსებობს, მაშინ უნდა დარჩეთ ადგილზე, თვალი ადევნოთ ქვების ვარდნას და ბოლო მომენტში გახტეთ გვერდით, მისგან თავის არიდების მიზნით

  

ძლიერი ქარი

ქარი წარმოიქმნება დედამიწის ზედაპირის არათანაბარი გათბობით. რაც უფრო მეტი იქნება ადგილებს შორის ტემპერატურული ან ატმოსფერული წნევის სხვაობა, მით უფრო მეტი სიძლიერისა იქნება ქარი. ქარის სიჩქარე და ტურბულენტობა შეიძლება შეცვალოს როგორც რელიეფმა (მთა), მცენარეულობამ, ასევე - შენობა-ნაგებობებმა.

ძლიერი ქარის დროს შეიძლება გადატყდეს ან ძირფესვიანად ამოიძირკვოს ხეები, ჩაიმსხვრეს შუშები; ქარი ჰაერში იტაცებს სხვადასხვა ობიექტს, რაც შეიძლება გახდეს ზიანის მომტანი. ჰაერში ატაცებული მტვერი ხილვადობას ამცირებს, რაც ზრდის ავტოსაგზაო შემთხვევებს. ქარმა, შესაძლოა, ზღვაზე ძლიერი ზვირთცემა გამოიწვიოს, რაც წყლის დონეს მაღლა წევს. ქარისმიერ ეროზიას უდიდესი ზარალის მოტანა შეუძლია სოფლის მეურნეობისათვის.

 

 

 

მოქმედების წესები კატასტროფამდე, კატასტროფის დროს და კატასტროფის შემდეგ

კატასტროფამდე

  1. შტორმული ხასიათის ღრუბლების ფრონტის სწრაფად მოახლოვებით შეიძლება ქარბუქის რამდენიმე ათეული წუთით ადრე ამოცნობა
  2. ამ დროს საჭიროა აივანზე ან ეზოში ცუდად დამაგრებული საგნების დამაგრება, ან დახურულ სივრცეში შეტანა; კარ-ფანჯრისა და ჟალუზების ჩაკეტვა, დამაგრება

კატასტროფის დროს

  1. თუ ქარბუქის დროს შენობაში იმყოფებით, აუცილებელია, დაკეტოთ ფანჯრები, კარები. უმჯობესია შორს იდგეთ ფანჯრიდან და შეხვიდეთ შიდა ოთახში, რომელსაც არ აქვს ფანჯრები. შეიძლება ეს იყოს დერეფანი ან აბაზანა
  2. გამორთეთ ყველა ელექტრომოწყობილობა
  3. დარჩით სახლში შტორმის დასრულებამდე. გახსოვდეთ, რომ შტორმის დასრულების შემდეგ ის შეიძლება განმეორდეს
  4. თუ შენობა დაზიანდა, თქვენ კი მასში იმყოფებით, ჯობია, შტორმის დასრულებამდე გადაინაცვლოთ შენობის შედარებით დაუზიანებელ მხარეს, ან მასიური ავეჯის ქვეშ დაიმალოთ
  5. თუ ქარბუქმა ქუჩაში მოგისწროთ, ერიდეთ აივნებიდან გადმოცვენილ საგნებს. სასწრაფოდ მოძებნეთ თავშესაფარი მყარ შენობებში. დაიცავით თავი ჰაერში ატაცებული ნივთებისაგან. დაცვა შესაძლებელია ხელებით, ან თავსაბურავით, საჭიროა თვალებისა და ცხვირ-პირის დაცვა მტვრისაგან
  6. გახსოვდეთ, შენობებს შორის ვიწრო გასასვლელებში ქარის სიჩქარე კიდევ უფრო იზრდება
  7. თუ ბუნებაში იმყოფებით, ეცადეთ, თავი შეაფაროთ მოფარებულ ადგილს. თუ ასეთი ადგილი თქვენ გარშემო არ არსებობს, მაშინ დაწექით და მიეკარით მიწას
  8. თუკი ავტომობილში იმყოფებით, ჯობია, მანქანაში დარჩეთ და ფანჯრები დახუროთ. არ შეაფაროთ მანქანა არამდგრად ობიექტებს, რომლებიც შესაძლოა, ჩამოინგრეს და დაეცეს მას

კატასტროფის შემდეგ

  1. ელექტროგადამცემი ხაზების გაწყვეტის შემთხვევაში, საშიშია მათთან მახლოვება, რადგან შეიძლება დენმა დაგარტყათ. უმჯობესია, მომხდარის შესახებ ადგილობრივ ადმინისტრაციას შეატყობინოთ; ხანძრის შემთხვევაში, უმჯობესია, ხანძარს განერიდოთ და გამოუძახოთ სახანძრო სამსახურს
  2. არ მიუახლოვდეთ საეჭვოდ დახრილ საგნებს (ანძა, გადამცემი ხაზი, ხე), რომლებიც შეიძლება შტორმს კი გადაურჩა, მაგრამ მოგვიანებით მაინც წაიქცეს
  3. გამოიჩინეთ სიფრთხილე გაზისა და ელექტრომოწყობილობების ხმარებისას, რადგან შეიძლება ისინი დაზიანებული იყოს და გაზი ჟონავდეს; თუკი ელექტრომოწყობილობებს მაღალი ვოლტაჟის სადენი დაეცა, შესაძლოა, ისინი მაღალი ძაბვის ქვეშ აღმოჩნდეს

სეტყვა

სეტყვა ატმოსფერული ნალექის სახეობაა, რომელიც შედგება ყინულის სხვადასხვა ზომის (5-55 მმ; იშვიათად, 130 მმ-მდე) სფერული ნაწილაკების, ან ნატეხებისაგან. სეტყვა, ძირითადად, წლის თბილი პერიოდისათვის არის დამახასიათებელი.

 


კატასტროფამდე
მოქმედების წესები კატასტროფამდე, კატასტროფის დროს და კატასტროფის შემდეგ

მოერიდეთ შტორმული ხასიათის ღრუბლების ფრონტს წლის თბილ პერიოდში.

კატასტროფის დროს

  1. თუ სეტყვის დროს შენობაში იმყოფებით, საჭიროა, ფანჯრებს მოშორდეთ, რათა ჩამსხვრევის შემთხვევაში არ დაზიანდეთ
  2. დარჩით სახლში სეტყვის დასრულებამდე
  3. ხშირად სეტყვას თან ახლავს ელჭექი და თავსხმა, ამდენად, მოერიდეთ ელექტო- მოწყობილობებით სარგებლობას
  4. თუ სეტყვამ ქუჩაში მოგისწროთ, სასწრაფოდ მოძებნეთ თავშესაფარი. თავშესაფრის არარსებობის შემთხვევაში, თავზე გადაიფარეთ ხელი, ჩანთა ან ტანსაცმელი. ერიდეთ დადაბლებულ ადგილებს, რადგან ისინი მცირე დროში შეიძლება დაიფაროს წყლით ან ყინულის სფერული მარცვლებით
  5. თუ ბუნებაში იმყოფებით, თავი უნდა შეაფაროთ მოფარებულ ალაგს. თუ სივრცე ღიაა, მაშინ დაწექით და მიეკარით მიწას, არ დაგავიწყდეთ ამ დროს თავისა და სახის დაფარვა
  6. თუ ავტომობილში იმყოფებით, გააჩერეთ და დარჩით ადგილზე. სასურველია, იპოვოთ რაიმე საფარი, მაგალითად, ხიდი, გარაჟი, გადახურული სადგომი. მოერიდეთ სეტყვის მარცვლებით დაფარულ ადგილებს, სადაც მანქანამ შესაძლოა მართვა დაკარგოს. ფანჯრები დახურეთ და ფანჯრისკენ ზურგით დასხედით, რათა ჩამსხვრევის შემთხვევაში, აირიდოთ დაზიანებები

 

კატასტროფის შემდეგ

  1. თუ თქვენ გვერდით არის დაზარალებული, გამოუძახეთ სასწრაფო დახმარებას; მიუთითეთ სეტყვის მარცვლების ზომა
  2. ელექტროგადამცემი ხაზების დაწყვეტის შემთხვევაში, საშიშია მათთან მიახლოვება, რადგან შესაძლოა დენმა დაგარტყათ, ხოლო ხანძრის შემთხვევაში, უმჯობესია, ხანძარს განერიდოთ და გამოუძახოთ სახანძრო სამსახურს

 

ელვა

ელვა არის ელექტროსტატიკური ნაპერწკლების განმუხტვა წვიმის გროვა ღრუბლებში, რასაც თან სდევს გაელვება და ქუხილი. ელვის ერთ-ერთი საგანგებო ფორმაა მეხი. ელვა იძლევა 10-20 ათას ამპერ დენს, სწორედ ამის გამოა იგი სასიკვდილო; ელვა ადამიანისათვის განსაკუთრებით საშიშია ღია სივრცეში, რადგან ხშირად ადამიანისთვის ფატალური შედეგით მთავრდება. ყოველწლიურად მსოფლიოში, საშუალოდ, 300 ადამიანი იღუპება მეხის დაცემისგან. მეხი, ძირითადად, მაღალ საგნებს აზიანებს, მაგალითად, ეცემა ხეებს, რაც მათ გაპობასა და აალებასაც კი იწვევს, ან - ელექტროგადამცემ ხაზებსა თუ სახურავებზე განთავსებულ ანტენებს, რასაც ხშირად ხანძარი სდევს.


კატასტროფამდე
მოქმედების წესები კატასტროფამდე, კატასტროფის დროს და კატასტროფის შემდეგ

  1. თუ ქალაქგარეთ გასვლას გეგმავთ, აუცილებლად გაეცანით ამინდის პროგნოზს
  2. თუ ელჭექია მოსალოდნელი, ჯობია გასეირნების გადადება
  3. კარგია, თუკი შეგიძლიათ მანძილის განსაზღვრა ელჭექის ფრონტამდე. ამისათვის უნდა დაითვალოთ დრო გაელვებიდან ქუხილამდე. გაელვება წინ უსწრებს ქუხილს. როდესაც ვიცით, რომ ხმის/ბგერის სიჩქარე 3 წამში, საშუალოდ, 1 კილომეტრია და გაელვებასა და ქუხილს შორის დრო მცირდება, ეს ნიშნავს, რომ საფრთხე ახლოვდება და აუცილებელია ზომების მიღება. თუკი გაელვებასა და ქუხილს შორის არ არის შუალედი, ნიშნავს, რომ ელჭექის ღრუბელი უკვე თქვენ თავზეა

კატასტროფის დროს

  1. თუ შენობაში იმყოფებით, აუცილებელია, დაკეტოთ ფანჯრები, კარები, სავენტილაციო მილები თუ კვამლსადენები
  2. საჭიროა, გამორთოთ ტელეფონი, ტელევიზორი და სხვა ელექტრომოწყობილობები, რადგან მეხი განსამუხტავად სწორედ ელექტროგაყვანილობის, კაბელს შეიძლება მოხვდეს/გამოჰყვეს.
  3. არ მიიღოთ შხაპი, რადგან წყალიც და ლითონიც ელექტროგამტარებია
  4. არ შეიძლება ღუმელის დანთება, რადგან მილიდან ამომავალმა სითბომ შეიძლება მიიზიდოს მეხი
  5. უმჯობესია, შორს იდგეთ ელექტროგაყვანილობისაგან, მეხამრიდისაგან, წყალსადინარი მილებისაგან, ანტენისა და ფანჯრისაგან
  6. თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, არ გახვიდეთ გარეთ
  7. თუ ჭექა-ქუხილმა ღია ადგილზე, ბუნებაში მოგისწროთ, თავს მაღალ ხეს ნუ შეაფარებთ. მეხის დაცემისაგან ყველაზე მეტად ზიანდება მუხა, ფიჭვი და ალვის ხე. ჯობია, მოშორდეთ მათ 30-40 მეტრით და თავი ტანდაბალ ხეებს შეაფაროთ. მოერიდეთ ცალკე მდგომ ხეებს. გახსოვდეთ, რომ მეხი არ ეცემა ბუჩქნარს!
  8. თუ ადგილი ღიაა, მაშინ, სასურველია, სასწრაფოდ იპოვოთ დადაბლებული, ჩავარდნილი ადგილი და ჩაიკუზოთ. საშიშია როგორც ფეხზე დგომა, ასევე მიწაზე დაწოლა, რადგან ამ დროს იზრდება ზემოქმედების ფართობი
  9. აუცილებელია ლითონის საგნების, მაგალითად, ველოსიპედის, მონეტებისა და ა.შ. თავიდან მოშორება
  10. არ უნდა დადგეთ ქოლგის ქვეშ.
  11. თუ რომელიმე წყალსაცავის ნაპირას იმყოფებით, უმჯობესია, გაეცალოთ მას და დადაბლებული ადგილი, ხევი იპოვოთ
  12. ელვისას არ შეიძლება სირბილი; ნელა იმოძრავეთ თავშესაფრისაკენ, რადგან ჰაერის ნაკადმა ელვა შეიძლება მიიზიდოს
  13. თუ ავტომობილში იმყოფებით, არ შეიძლება მანქანიდან გადმოსვლა, უმჯობესია, ფანჯრები დახუროთ/მინები აწიოთ და ანტენა ჩაწიოთ. არ შეაფაროთ მანქანა მაღალ ხეს თუ ობიექტებს, რომლებიც შეიძლება დაეცეს მას

კატასტროფის შემდეგ

  1. თუ თქვენ გვერდით არის დაზარალებული, გამოუძახეთ სასწრაფო დახმარებას
  2. ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, უმჯობესია, ხანძარს განერიდოთ ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით და გამოუძახოთ სახანძრო სამსახურს. საჭიროა, გზასთან ახლოს დარჩენა, რადგან კვამლმა შეიძლება ხილვადობა შეამციროს. სუნთქვისას პირზე აიფარეთ სველი ნაჭერი, რათა ფილტვების დაზიანება აირიდოთ
  3. გახსოვდეთ, რომ მიწასთან ახლოს ჰაერი უფრო ნაკლებადაა კვამლიანი, შესაბამისად, ჯობია მიწისპირა ჰაერით სუნთქვა

ხანძარი

ხანძარი წარმოადგენს ქიმიურ რეაქციას, რომელშიც სამი ელემენტი მონაწილეობს: ჟანგბადი, სითბო და აალებადი ნივთიერება. მასობრივი ხანძრები ტყესა და ტორფნარში შეიძლება გაჩნდეს ცხელ და გვალვიან ამინდში ელვის მოხვედრის, ცეცხლთან გაუფრთხილებლობისა და სხვა მიზეზების გამო.

მოქმედების წესები კატასტროფამდე, კატასტროფის დროს და კატასტროფის შემდეგ

კატასტროფამდე

  1. ცეცხლი დაანთეთ ბუჩქებისა და ხეებისაგან შორს და ყოველთვის იქონიეთ ცეცხლის ჩაქრობის საშუალება. არ დატოვოთ ცეცხლი უმეთვალყურეოდ.
  2. შექმენით უსაფრთხო ზონა სახლსა და აალებად მცენარეებს შორის.
  3. აუცილებელია სახლთან ახლოს მდგომ ხეებზე ყველა ტოტის გასხლვა 3 მეტრის სიმაღლემდე.
  4. გაასუფთავეთ შენობასთან ახლომდებარე ნარგავები ხავსისა და გამოფიტული ნაწილებისაგან.
  5. არხები და ორმოები გაასუფთავეთ გამხმარი ტოტებისაგან, ფოთლებისა და წიწვებისაგან.
  6. ცეცხლსაშიში ნივთიერებები შეინახეთ შემოწმებულ, უსაფრთხო კონტეინერებში.
  7. შეიმუშავეთ ევაკუაციის გეგმა სახლიდან და მისი შემოგარენიდან გასასვლელად. დაზღვევის მიზნით; იქონიეთ ალტერნატიული გეგმა.
  8. შეიმუშავეთ საგანგებო მდგომარეობისათვის საჭირო კომუნიკაციის გეგმა (იმ შემთხვევისათვის, თუ ხანძარი გამოიწვევს თქვენს იზოლაციას).
  9. სთხოვეთ სხვა ადგილას მცხოვრებ ნათესავს ან მეგობარს, იყოს თქვენი ოჯახის საკონტაქტო პირი.
  10. იქონიეთ საგანგებო აღჭურვილობა და მარაგები (ფანარი და რადიო სათადარიგო ელემენტებით, საკვებისა და წყლის მარაგი, პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები და ა.შ.).
  11. სასურველია, სახლში გეყენოთ კვამლის დეტექტორები.
  12. იქონიეთ ცეცხლმაქრი და იცოდეთ მისი გამოყენების წესები. გახსოვდეთ, რომ ცეცხლმაქრის გამოყენება შეგიძლიათ ცეცხლის გაჩენის პირველ წუთებში, ვიდრე წვა არ გადაიზრდება ხანძრის სტადიაში.
  13. უფრთხილდით განათების აალებულ ან აალებად საშუალებებს, განსაკუთრებით, ზაფხულში. 
  14. იცოდეთ, რომ მნიშვნელოვანია მშენებლობის დროს ცეცხლგამძლე მასალების გამოყენება (მაგალითად, სქელი, გამომწვარი, უსაფრთხო მინა დიდ ფანჯრებსა და კარებზე).

კატასტროფის დროს

  1. თუ წვა ეს-ეს არის დაიწყო, როზეტიდან გამორთულ უთოს (ტელევიზორს) მჭიდროდ დააფარეთ შალის საბანი ან სქელი ტილო და შეეცადეთ, რომ ჰაერის ნაკადმა ვერ შეაღწიოს ტილოს შიგნით. თუ წვა არ შეწყდა, აუცილებელია, სასწრაფოდ გაეცალოთ ადგილს. გახსოვდეთ, რომ კვამლი ტოქსიკურია!
  2. მცირე ალი გამორთულ ტელევიზორზე შეიძლება ჩააქროთ წყლით, ოღონდ ამ შემთხვევაში უნდა დადგეთ ტელევიზორის უკან ან მის გვერდით, კინესკოპის აფეთქების შემთხვევაში ტრავმების თავიდან აცილების მიზნით.
  3. როცა წყლის გამოყენება არ შეიძლება (ცეცხლმოკიდებული ელექტრომოწყობილობა იმყოფება ძაბვის ქვეშ), ან წყალი არ არის, მაშინ წვის მცირე კერა, შესაძლებელია, ჩააქროთ საჭმელი ან კალცირებული სოდით, სარეცხი ფხვნილით, ქვიშით, მიწით (მაგალითად, ყვავილის ქოთნიდან), თუმცა წარუმატებლობის შემთხვევაში, სასწრაფოდ უნდა დატოვოთ ადგილი.
  4. თუ სამზარეულოში ყოფნისას დაინახავთ, რომ ტაფაზე ცხიმი აალდა - მაშინვე მჭიდროდ დაახურეთ ხუფი ტაფას და გამორთეთ ქურა. დაუშვებელია, ტაფის წაღება და ცეცხლმოკიდებულ ცხიმზე წყლის დასხმა, რადგანაც ეს გამოიწვევს წყლის ადუღებას და ცეცხლმოდებული ცხიმის წვეთების გადაფრქვევას, ხელებისა და სახის დამწვრობას და წვის სხვა კერების წარმოქმნას.
  5. თუ ცეცხლი გაჩნდა თქვენი არყოფნის შემთხვევაში და სწრაფად ჩაქრობის მომენტმა (1-2 წუთი) უკვე გაიარა, სასწრაფოდ დატოვეთ სახლი
  6. გამოსვლისას მჭიდროდ გამოიხურეთ კარი, რომ შეაფერხოთ ცეცხლის გავრცელება (კარმა შეიძლება შეაფერხოს წვის გავრცელება 10-15 წუთზე მეტით!). გამოიძახეთ სახანძრო-სამაშველო სამსახური.
  7. თუ კვამლი და ცეცხლი საშუალებას გაძლევთ გამოხვიდეთ ბინიდან, ევაკუირებამდე გადაკეტეთ გაზი, გათიშეთ დენი.
  8. თავი დაიჭირეთ იატაკიდან არაუმეტეს 30 სმ-ზე, რომლის ზემოთაც, შესაძლოა, იყოს მძიმე მომწამვლელი გაზისებრი ნივთიერებების ფენა, მათ შორის, ნახშირორჟანგი.
  9. თუ გარეთ გასვლის საშუალება არ გაქვთ, გადაადგილდით ფანჯრის მიმართულებით, დადექით ფანჯრის გასწვრივ და შეეცადეთ, მიიქციოთ ქუჩაში მყოფ ადამიანთა ყურადღება. მიეცით ფანჯრიდან სიგნალი - დღისით კაშკაშა ფერის დიდი ზომის ნაჭრით, ღამით - ფანრის შუქით.
  10. ალმოდებულ ოთახში ყოფნისას თუ არ არის გადაუდებელი აუცილებლობა (ხუთვის შეგრძნება, გონების დაბინდვა), შეეცადეთ არ გააღოთ და არ ჩაამტვრიოთ ფანჯარა, რადგან ასეთ შემთხვევაში თქვენი ადგილსამყოფელის ჰერმეტულობა დაირღვევა, სათავსი სწრაფად გაივსება კვამლით და სუნთქვა შეუძლებელი გახდება ღია ფანჯარასთანაც კი.
  11. თუ თქვენს ტანსაცმელს წაეკიდა ცეცხლი, არ გაიქცეთ, რადგანაც წვა მეტად გაძლიერდება. გაიხადეთ ტანსაცმელი, დააგდეთ უსაფრთხო ადგილზე და ჩააქრეთ. თუ ტანსაცმლის გახდა შეუძლებელია, შემოიხვიეთ გადასაფარებელი (საბანი, რაიმე სხვა ქსოვილი), ან დაწექით იატაკზე, მიწაზე და კოტრიალით შეეცადეთ ჩააქროთ ცეცხლი. მსგავსი ხერხებით გაუწიეთ დახმარება სხვა ადამიანებსაც.
  12. თუ ბუნებაში იმყოფებით, დაბალი ხანძრის ალის ჩაქრობა შეიძლება ფოთლოვანი ხეების ტოტებით, წყლის დასხმით, სველი გრუნტის დაყრით, ფეხებით დატკეპვნით.
  13. ღია სივრცეში ან მინდორში მოხვედრისას ჰაერი ჩაისუნთქეთ მიწასთან ახლოს - აქ ნაკლებია დაკვამლიანება; ცხვირი და პირი დაიფარეთ ნებისმიერი ქსოვილით.

კატასტროფის შემდეგ

  1. ხანძრის ზონიდან გამოსვლის შემდეგ აცნობეთ მისი ადგილის, ფართობისა და ხასიათის შესახებ დასახლებული პუნქტის ადმინისტრაციას, სატყეო ან სახანძრო დაცვასა და ადგილობრივ მოსახლეობას.
  2. ფრთხილად იყავით ნახანძრალ ზონაში დაბრუნების შემდეგ, რადგან ცხელი კერები შეიძლება უცაბედად აალდეს.
  3. დაუყოვნებლივ შეამოწმეთ სახურავი და ჩააქრეთ ცეცხლის ყველა შესაძლო კერა.
  4. სუნთქვისას პირზე აიფარეთ სველი ნაჭერი, რათა აირიდოთ კვამლით ფილტვების დაზიანება.

ხანძრის დროს არ შეიძლება:

 

  გვალვა

გვალვა არის ნალექების ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი ნაკლებობა, ხშირად ჰაერის მაღალი ტემპერატურისა და დაბალი ტენიანობის დროს. გვალვა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის არასწორი საქმიანობის შედეგად ნიადაგში წარმოქმნილმა ცვლილებებმა და გარემოს დეგრადაციამ.


კატასტროფამდე
მოქმედების წესები კატასტროფამდე, კატასტროფის დროს და კატასტროფის შემდეგ

  1. მოიმარაგეთ ჭურჭელი და, საჭიროების შემთხვევაში, წინასწარ გაავსეთ წყლით.
  2. მოამზადეთ სიცხის პირობებისათვის შესაფერისი ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ელექტროხელსაწყოები (ვენტილატორი, კონდიციონერი).
  3. თუ სოფელში იმყოფებით, მოაწყვეთ ფარდულები, ტალავრები, ჭები, აგრეთვე, დარაბები ფანჯრებისათვის. შეძლებისდაგვარად, შეიძინეთ ელექტროენერგიის ავტონომიური წყარო საყოფაცხოვრებო ელექტროხელსაწყოების ენერგიით უზრუნველსაყოფად.
  4. ეკონომიურად ხარჯეთ წყალი.
  5. უნდა იცოდეთ და ასწავლოთ თქვენი ოჯახის წევრებს, როგორ იმოქმედონ დასიცხვის დროს.

კატასტროფის დროს

  1. მოერიდეთ მაღალი ტემპრატურის ზემოქმედებას.
  2. ატარეთ ღია ფერის ჰაერგამტარი ტანსაცმელი (სასურველია, ბამბის) და ქუდი. გახსოვდეთ, რომ დამწვარი კანი არ გამოყოფს ოფლს და ვერ გრილდება.
  3. იარეთ აუჩქარებლად; ეცადეთ, უფრო ხშირად იყოთ ჩრდილში.
  4. დასიცხვის დროს დაუყოვნებლად გადადით ჩრდილში, გრილ ადგილას, ნიავში ან მიიღეთ შხაპი.
  5. ნელ-ნელა დალიეთ ბევრი წყალი. ეცადეთ, გაიგრილოთ ტანი, რათა თავიდან აიცილოთ მზის დაკვრა.
  6. გახსოვდეთ, რომ გვალვის დროს იზრდება ხანძრის ალბათობაც.

კატასტროფის შემდეგ

  1. თუ მზის დაკვრის შედეგად ვინმემ გრძნობა დაკარგა, მას უნდა ჩაუტარდეს სარეანიმაციო ღონისძიებები (გულის მასაჟი და ხელოვნური სუნთქვა).
  2. დაუკავშირდით ხელისუფლების აგილობრივ ორგანოებს სტიქიური უბედურებისა და მოსახლეობისათვის დახმარების აღმოჩენის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

 

თოვლის ნამქერი, ქარბუქი

თოვლის ნამქერი არის დიდ თოვასთან დაკავშირებული ჰიდრომეტეოროლოგიური ხასიათის სტიქიური მოვლენა.

ქარბუქი არის ქარის მიერ თოვლის გადატანა ჰაერის მიწისპირა ფენაში.

თოვლის ნამქერი და ქარბუქი საშიშროებას უქმნის მოსახლეობას. თოვლით იფარება გზები, დასახლებული პუნქტები და ცალკეული შენობები. თოვლის ნამქერის სიმაღლე შეიძლება 1 მეტრს, ხოლო მთიან რაიონებში 5-6 მეტრს აღწევდეს. ქარბუქის და ნამქერის დროს, შესაძლოა, გზებზე ხილვადობის 20-50 მეტრის ფარგლებში შემცირება, აგრეთვე შენობებისა და სახურავების ნაწილობრივი ნგრევა, ელექტროგადაცემისა და კავშირგაბმულობის საჰაერო ხაზების გაწყვეტა.

მოქმედების წესები კატასტროფამდე, კატასტროფის დროს და კატასტროფის შემდეგ

კატასტროფამდე

  1. თუ თქვენ მიიღეთ გაფრთხილება ძლიერი ქარბუქის შესახებ, მჭიდროდ დახურეთ ფანჯრები, კარები, სხვენი და სავენტილაციო მილები.
  2. ფანჯრის მინებზე დააკარით ქაღალდის ლენტები, დახურეთ დარაბები.
  3. მოამზადეთ წყლისა და საკვების ორდღიანი მარაგი, მოიმარაგეთ მედიკამენტები, ავტონომიური განათების საშუალებები (ფარნები, სანთლები), სამგზავრო ქურა, ბატარეებზე მომუშავე რადიომიმღები.
  4. აალაგეთ აივნებიდან და ფანჯრის რაფებიდან ნივთები, რომლებიც ქარის ნაკადმა შეიძლება აიტაცოს.
  5. ჩართეთ რადიომიმღები და ტელევიზორი ახალი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად.
  6. იყავით მზად ელექტროენერგიის შესაძლო გათიშვისათვის.
  7. გადადით ნაკლებად მყარი ნაგებობებიდან უფრო მყარ შენობებში.
  8. მოამზადეთ თოვლის ასაღები იარაღები.

 

 კატასტროფის დროს

  1. შენობიდან მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება გასვლა; შენობიდან მარტო გასვლა კი საერთოდ დაუშვებელია.
  2. ავტომობილით შეიძლება მოძრაობა მხოლოდ დიდ გზებსა და გზატკეცილებზე.
  3. მანქანიდან გადმოსვლისას არ გასცდეთ მანქანიდან ხილვადობის ფარგლებს.
  4. თუ მანქანა გზაზე გაგიჩერდათ, მიეცით განგაშის სიგნალი ავტომობილის წყვეტილი საყვირით, ჩამოკიდეთ ანტენაზე კაშკაშა ფერის ქსოვილი, დახმარებას დაელოდეთ მანქანაში. ამასთანავე, ძრავა დატოვეთ ჩართული და მინა ოდნავ ჩაწიეთ მხუთავი აირით მოწამვლის თავიდან აცილებისა და ვენტილაციის მიზნით.
  5. დასახლებული პუნქტიდან ფეხით გადაადგილებისას თუ დაკარგეთ ორიენტაცია, თქვენი ადგილსამყოფელის დასაზუსტებლად შედით პირველსავე შემხვედრ სახლში და იქ დაელოდეთ ქარბუქის დამთავრებას.
  6. ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინეთ უცხო ადამიანებთან კონტაქტის დროს, ვინაიდან სტიქიური უბედურებების დროს მკვეთრად მატულობს ავტომობილების, ბინებისა და სამსახურებრივი სათავსოების გაქურდვათა შემთხვევები.

კატასტროფის შემდეგ

  1. თუ ძლიერი ნამქერის პირობებში აღმოჩნდით ბლოკირებულ შენობაში, ფრთხილად, პანიკის გარეშე გაარკვიეთ, არის თუ არა შენობიდან დამოუკიდებლად (იქ არსებული ხელსაწყოებისა და დამხმარე საშუალებების გამოყენებით) გამოსვლის შესაძლებლობა.
  2. შეატყობინეთ პოლიციას ან დასახლებული პუნქტის ადმინისტრაციას ნამქერის ხასიათის შესახებ.
  3. თუ დამოუკიდებლად თოვლის ნამქერის გაწმენდა ვერ ხერხდება, ეცადეთ დაუკავშირდეთ სამაშველო სამსახურს.
  4. ჩართეთ რადიომიმღები ან ტელევიზორი და შეასრულეთ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებები.
  5. მიიღეთ ზომები სითბოს შესანარჩუნებლად და სურსათის მარაგის ეკონომიურად ხარჯვისათვის.
  6. სხეულის მოყინვის შემთხვევაში, გაითბეთ სხეულის მოყინული ნაწილი და მშრალი რბილი ქსოვილით დაიზილეთ, შემდეგ თბილ წყალში მოათავსეთ ტემპერატურის თანდათანობით 40-45 გრადუსამდე აწევით. თუ ტკივილმა გაიარა და მგრძნობელობა დაგიბრუნდათ, გაიმშრალეთ, ჩაიცვით თბილად და, შეძლებისდაგვარად, შეეცადეთ მიმართოთ ექიმს.

    

ზვავი

ზვავი არის თოვლის დიდი მასა, რომელიც მოგორავს ან მოსრიალებს მთების ციცაბო ფერდობებიდან. თოვლის ზვავის სიჩქარე შეიძლება აღემატებოდეს 100 მეტრს წამში. ზვავის ჩამოწოლის დროს წარმოიქმნება ჰაერის ტალღა, რომელიც წინ უძღვის თოვლის მასას. ზვავი წარმოიქმნება ხანგრძლივი თოვის, თოვლის ინტენსიური დნობის, მიწისძვრის, აფეთქებებისა და სხვა ანთროპოგენური საქმიანობის შედეგად, რომელიც იწვევს მთის ფერდობებისა და საჰაერო სივრცის რყევას. ზვავი შეიძლება გამოიწვიოს ასევე ძლიერმა ხმაურმა, ადამიანის ყვირილმა ან შეძახილმა. ზვავს წინ უსწრებს სპეციფიური სტვენის ხმა, რომელიც მის მოახლოვებას მოასწავებს.

მოქმედების წესები კატასტროფამდე, კატასტროფის დროს და კატასტროფის შემდეგ

კატასტროფამდე

  1. არ წახვიდეთ მთაში ავდარში და თოვის დროს, ხოლო თუ უამინდობაში გარეთ გასვლა გიწევთ, ამის შესახებ აცნობეთ ისეთ პიროვნებას, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდება სამაშველო სამსახურს.
  2. მთაში ყოფნისას ყურადღება მიაქციეთ ამინდის ცვლილებას.
  3. მთაში წასვლისას უნდა იცოდეთ იმ ტერიტორიაზე ზვავის შესაძლო ჩამოწოლის ადგილები.
  4. თავი აარიდეთ ადგილებს, სადაც არსებობს ზვავის ჩამოწოლის საშიშროება. ზვავი უფრო ხშირია მთის იმ ფერდობებზე, რომელთა დახრილობა 300-ს, ხოლო ტყით და ბუჩქნარით დაუფარავ ფერდობებზე - 200-ს აღემატება. ზვავის ჩამოწოლა პრაქტიკულად, ყოველი თოვის დროს იმ ფერდობებზე აღინიშნება, რომელთა დახრილობა 450-ზე მეტია.
  5. ზვავსაშიშროების პერიოდში თავი აარიდეთ იმ ფერდობებსა და მთის ძირში გადაადგილებას, რომლის ფერდობების დახრილობა 300-ზე მეტია, ხოლო თოვის შემდეგ იმ ფერდობებსა და მთის ძირში მოძრაობას, რომლის ფერდობების დახრილობა 200-ის ფარგლებშია.
  6. დაიმახსოვრეთ, რომ ზვავის ჩამოწოლის ყველაზე საშიში პერიოდი გაზაფხულის დღეა, როდესაც თოვლის საფარი უკვე მაღალია და იგი დნობას იწვევს, მზის ამოსვლიდან - მზის ჩასვლამდე. ზვავსაშიშროება მაღალმთიან ზონაში ზაფხულის თვეებშიც ნარჩუნდება.

კატასტროფის დროს

  1. სასწრაფოდ უნდა დატოვოთ სახიფათო ადგილი სირბილით ან ჩქარი ნაბიჯით და გადახვიდეთ უსაფრთხო ადგილას, ან მოეფაროთ კლდის შვერილს; არ დადგეთ ნორჩი ხეების უკან.
  2. თუ ზვავს ვერ გაექეცით, განთავისუფლდით ბარგისაგან, მიიღეთ ჰორიზონტალური მდგომარეობა ან გუნდის ფორმა, თავით ზვავის მოძრაობის მიმართულებით.
  3. შეეცადეთ მჭიდროთ შეკრული ხელებით მიიკრათ მუხლები მუცელზე.
  4. პირისა და ცხვირის დაცვის მიზნით, სახეზე აიფარეთ ხელთათმანები, შარფი, საყელო. ეცადეთ, ზვავის ზედაპირზე დარჩეთ, ხოლო ხელების ცურვისმაგვარი მოძრაობებით ზვავის კიდისაკენ გადაადგილეთ (ზვავის კიდეზე მისი მოძრაობის სიჩქარე მცირეა).
  5. როცა ზვავი გაჩერდება, შეეცადეთ სახის და მკერდის ირგვლივ თავისუფალი სივრცე შექმნათ, რაც გაგიადვილებთ სუნთქვას.
  6. თუ საშუალება გექნებათ, იმოძრავეთ ზედაპირისაკენ (თუ საით არის მიწის ზედაპირი, რაიმე ნივთის ან ნერწყვის ვარდნის მიმართულების მეშვეობით გაარკვევთ).
  7. ზვავში მოყოლისას არ იყვიროთ; თოვლი მთლიანად ახშობს ხმას, გაუფრთხილდით ძალ-ღონეს, ჟანგბადსა და სითბოს.
  8. ეცადეთ, არ დაიძინოთ.
  9. გახსოვდეთ, რომ თქვენ გეძებენ და აუცილებლად გადაგარჩენენ. ცნობილია შემთხვევები, როდესაც ზვავში მოყოლილი ადამიანები ხშირად რამდენიმე დღის, ხოლო, ზოგიერთ შემთხვევაში, ორი კვირის შემდეგაც კი გადაურჩენიათ.

კატასტროფის შემდეგ

  1. თუ თქვენ ზვავის ჩამოწოლის ზონის გარეთ აღმოჩნდით, ნებისმიერი საშუალებით შეატყობინეთ მომხდარი უბედურების შესახებ უახლოესი დასახლებული პუნქტის ადმინისტრაციას და შეუდექით დაზარალებულების ძებნას.
  2. დამოუკიდებლად ან მაშველების დახმარებით, თოვლიდან გამოსვლისას ყურადღებით შეათვალიერეთ თქვენი სხეული და, საჭიროების შემთხვევაში, აღმოუჩინეთ თქვენს თავს დახმარება.
  3. შეატყობინეთ თქვენს ნათესავებს და ახლობლებს თქვენი მდგომარეობისა და ადგილმდებარეობის შესახებ.
  4. მიმართეთ ადგილობრივ სამედიცინო პუნქტს ან ექიმს იმ შემთხვევაშიც, თუ თვლით, რომ არ დაზიანებულხართ. შემდეგ კი იმოქმედეთ ექიმის ან სამაშველო რაზმის ხელმძღვანელის მითითებების თანახმად.

  

ლიპყინული

ლიპყინული არის მკვრივი ყინულის ფენა, რომელიც წარმოიქმნება როგორც დედამიწის ზედაპირზე, ისე სხვა საგნებზე (მეტწილად, ქარპირა მხარეს) წვიმის ან ნისლის გადაცივებული წვეთების შეყინვის შედეგად.

ლიპყინული უმეტესად სუსტი ყინვების (0°C-იდან 3°C-მდე), ზოგჯერ უფრო დაბალი ტემპერატურის (-16°C) დროს ჩნდება. ყინულის ქერქის სისქე ხშირად რამდენიმე სანტიმეტრს აღწევს და თავისი სიმძიმით ამტვრევს ხეებს, იწვევს გზებზე მიმოსვლის შეწყვეტას, ბოძებზე წყვეტს ელექტროგადამცემ ხაზებს.

მოქმედების წესები კატასტროფამდე, კატასტროფის დროს და კატასტროფის შემდეგ

კატასტროფამდე

  1. თუ, ამინდის პროგნოზის თანახმად, მოსალოდნელია ლიპყინულიანობა, უნდა მიიღოთ ზომები ტრავმების მიღების ალბათობის შესამცირებლად.
  2. მოამზადეთ ნაკლებად სრიალა ფეხსაცმელი, დაამაგრეთ ქუსლებზე ლითონის ქუსლსაკრავები, ფეხსაცმლის მშრალ ძირებზე ააკარით ლეიკოპლასტირი ან საიზოლაციო ლენტი. შეგიძლიათ, აგრეთვე, დაამუშაოთ ძირები ზუმფარის ქაღალდით ანუ ე.წ. „შკურკით“.

კატასტროფის დროს

  1. იარეთ ტროტუარზე ფრთხილად და აუჩქარებლად, ფეხსაცმლის მთელ ძირზე ფეხის დადგმით. ამასთანავე, ფეხები ოდნავ მოადუნეთ, ხელები კი, წონასწორობის შესანარჩუნებლად, ჯიბეებიდან ამოიღეთ და თავისუფალ მდგომარეობაში გქონდეთ.
  2. ეცადეთ, გადააადგილდეთ ჯგუფ-ჯგუფად, რათა შესაძლო დაცემისას მიწაზე დარტყმა შერბილდეს.
  3. ხანდაზმული ადამიანებისათვის რეკომენდებულია რეზინისბუნიკიანი ხელჯოხით ან სპეციალური წვეტიანი ჯოხით სიარული.
  4. თუ ფეხი დაგიცურდათ, ჩაიმუხლეთ, რათა შემცირდეს ვარდნის სიმაღლე.
  5. ლიპყინულიანობას ხშირად თან სდევს მოყინვა. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ელექტროგადამცემ ხაზებსა და ელექტროტრანსპორტის საკონტაქტო ქსელების სადენებს, ვინაიდან არსებობს მათი გაწყვეტის საშიშროება. თუ თქვენ შეამჩნევთ დაწყვეტილ სადენებს, შეატყობინეთ ამის შესახებ დასახლებული პუნქტის ადმინისტრაციას.
  6. დაცემის შემთხვევაში, დაიდეთ პოლიეთილენის პარკსა და ნაჭერში გახვეული ყინულის ნატეხი (ან ყინულის არქონის შემთხვევაში, რაიმე ცივი ნივთი) 5 წუთიანი ინტერვალებით არაუმეტესს 20 წუთის განმავლობაში. ეს შეაჩერებს სისხლჩაქცევის პროცესს და შეაფერხებს ძლიერი შეშუპების განვითარებას. მეორე დღეს დაზიანებულ ადგილას გაიკეთეთ იოდის ბადე, ხოლო, თუ მესამე დღეს შეშუპებამ მოიკლო, შეგიძლიათ დაზიანებულ ადგილას დაიდოთ სათბური, ან შეიზილოთ გამახურებელი ეფექტის მქონე მალამო. ეს ხელს შეუწყობს სილურჯის სწრაფად გაწოვის პროცესს.

კატასტროფის შემდეგ

თუ დაცემის შემდეგ იგრძნობთ მწვავე ტკივილს სასხსრების მიდამოებსა და სხეულის დაზიანებულ ნაწილში, ასევე თავბრუსხვევასა და თავის ტკივილს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს!

  

ვულკანის ამოფრქვევა

ვულკანი არის დედამიწის ზედაპირზე (ლითოსფეროში) გეოლოგიური წარმონაქმნი, ძირითადად, კონუსური მთა, რომლის მწვერვალზე გაჩენილი კრატერიდან დროდადრო ან მუდმივად ამოიფრქვევა გამდნარი ქანები (ლავა), გახურებული გაზები და ფერფლი.

მოქმედების წესები კატასტროფამდე, კატასტროფის დროს და კატასტროფის შემდეგ

კატასტროფამდე

  1. უნდა ვიცოდეთ, რომ მაღალი რისკის ზონაა ვულკანისაგან 65 კმ_ის რადიუსში მდებარე ტერიტორიები.
  2. ვულკანისგან წარმოშობილი საფრთხე შეიძლება იყოს შემდეგი სახის: ლავა, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე ყველაფერს წვავს და ანადგურებს, ქვები, რომლებიც, შესაძლოა, 30 კმ-ზეც კი იყოს გატყორცნილი და ფერფლი, რომელიც ბევრად უფრო ვრცელ არეალზე გვხვდება. ეს კი იწვევს ფრენების შეფერხებას (მაგ.: ეიაფიალაიოკული, ისლანდია), ხილვადობის შემცირებას, მცენარეულობის დაზიანებას და ა.შ.
  3. საფრთხის შემცველ ზონაში საჭიროა დამატებითი ფილტრის ქონა როგორც ავტომობილისათვის, ასევე სახლის ვენტილაცია-გათბობისათვის.
  4. საჭიროა შესაფუთი ცელოფნის/პოლიეთილენის ქონა, რათა, საჭიროების შემთხვევაში, შეფუთო და დაიცვა კომპიუტერი და სხვა ელექტროტექნიკა.
  5. საჭიროა საკვებისა და წყლის მარაგის ქონა.
  6. საჭიროა ოჯახის ყველა წევრისთვის ნიღბის ქონა სუნთქვისას ფილტვების დასაცავად.
  7. გაარკვიეთ, არსებობს თუ არა განგაშის სისტემა, სადაც იმყოფებით და როგორ მოქმედებს იგი.
  8. უმჯობესია, ევაკუირებამდე, წინასწარ შეარჩიოთ ამაღლებული მყარი ადგილი, რადგან ამ დროს დიდია წყალდიდობის ალბათობა.
  9. საჭიროა, ოჯახის წევრებთან ერთად წინასწარ განსაზღვროთ ადგილი და დრო, სადაც/როდესაც შეძლებთ მათთან შეხვედრას კატასტროფის შემდეგ.

კატასტროფის დროს

  1. ვულკანის ამოფრქვევის დროს საჭიროა, დაბალ/დადაბლებულ ადგილს გაშორდეთ, რადგან ის მაღალი საფრთხის შემცველია.
  2. თუკი საყოველთაო ევაკუირება მიმდინარეობს, საჭიროა, მისდიოთ ოფიციალურ ინსტრუქციებს.
  3. წაიღეთ აუცილებელი ნივთები (პირველადი სამედიცინო დახმარების საგნები, ფანარი, რადიო, ნიღაბი) და საკვები/სასმელი.
  4. ჩაიცვით გრძელსახელოებიანი და გრძელტოტებიანი სამოსი, დაიხურეთ ქუდი, გაიკეთეთ ნიღაბი.
  5. ევაკუირების დროს ხეობაში და ხიდზე ყურადღების მოდუნება არ შეიძლება, რადგან ღვარცოფის, ან წყალდიდობის საფრთხე არსებობს. სწრაფად გაშორდით ამგვარ ადგილებს.
  6. თუ ევაკუირება არ ხერხდება, მოძებნეთ უსაფრთხო თავშესაფარი მყარი შენობის ან ოთახის სახით. ჩაკეტეთ ყველა ფანჯარა და კარი. ეცადეთ, არ შემოუშვათ სახლში ფერფლი. ადით მაღალ სართულზე, რადგან შესაძლებელია, კატასტროფის დროს შენობის ქვედა ნაწილში მომწამლავი გაზები დაგროვდეს.

  

კატასტროფის შემდეგ

 

  1. ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ კვლავ არსებობს მისი განმეორების საფრთხე. ვულკანმა, შესაძლოა, ხანგრძლივად გადააქციოს ადგილი დაუსახლებლად და ყოფისათვის უვარგისად.
  2. დაელოდეთ ინფორმაციას რადიოსა თუ ტელევიზიაში.
  3. დატოვეთ კარ-ფანჯარა ჩაკეტილი.
  4. თუკი შენობის დატოვება გიწევთ, საჭიროა, გეცვათ გრძელსახელოებიანი და გრძელტოტებიანი ტანისამოსი, გეკეთოთ ნიღაბი და დამცავი სათვალე.
  5. ხშირად მორწყეთ ეზო, რათა ფერფლმა ნაკლებად იტრიალოს ჰაერში
  6. მოიკითხეთ მეზობლები, გაიგეთ, ვინმეს ხომ არ ესაჭიროება დახმარება.
  7. მტვერსასრუტით ან სველი ჩვრებით ხშირად წმინდეთ ოთახები.

 

ცუნამი

ცუნამი არის საშიში ბუნებრივი მოვლენა, რომელიც წარმოადგენს ზღვის უზარმაზარ ტალღებს და წარმოიშობა, ძირითადად, წყალქვეშა და სანა­პირო რაიონში მიწისძვრის დროს ზღვის ფსკერ­ის განსაზღვრული უბნის ძვრის შედეგად. ცუნამი დიდი სიჩქარით (100 კმ/სთ-მდე), ათასობით კოლომეტრზე ვრცელდება და მისი ტალღის სიმაღლე 1 მეტრიდან 5 მეტრამდე მერყეობს, ხოლო წყალმეჩხერ ადგილებში, ნაპირთან, მკვეთრად მატულობს და 10-დან 50 მ-ს აღწევს.

ნაპირზე მოვარდნილი წყლის ეს უზარმაზარი მასა იწვევს წყალდიდობას, შენობა-ნაგებობების, ელექტროგადაცემისა და კავშირგაბმულობის ხაზების, გზების, ხიდების, ნავმისადგომების ნგრევას, აგრეთვე ადამიანებისა და ცხოველების დაღუპვას.

 

რა უნდა ვიცოდეთ კატასტროფამდე?

 

  1. წყლის ტალღას წინ უსწრებს ჰაერის დარტყმითი ტალღა, რომელიც აფეთქების ტალღის ანალოგიურად მოქმედებს და ანგრევს შენობა-ნაგებობებს. ცუნამი შედგება რამდენიმე ტალღისაგან. ძალიან ხშირად ეს არის ტალღების სერია, რომლებიც ენარცხება ნაპირს ერთი ან ერთზე მეტი საათის ინტერვალით.
  2. ზღვის შესაძლო რყევის შესახებ გამაფრთხილებელ ბუნებრივ სიგნალს მიწისძვრა წარ­მოადგენს. როგორც წესი, ცუნამის დაწყებამდე წყალი ნაპირისდან უკან საკმაო მანძილზე იხევს და ასობით მეტრისა და რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ზღვის ფსკერი შიშვ­ლდება. ზღვის ეს უკუქცევა შეიძლება რამდენიმე წუთი ან ნახევარი საათი გაგრძელდეს.
  3. ტალღების მოძრაობას შეიძლება თან ახლდეს მქუხარე გრუხუნი, რომელიც ისმის ტალღის გამოჩენამდე. ზოგჯერ კი ცუნამის დაწყებამდე შეიძლება მოხდეს სანაპიროს წყლით მცი­რედი დატბორვა.
  4. მოახლოებული სტიქიური უბედურების მომასწავებელი ნიშანი შეიძლება იყოს ცხოველების განსხვავებული ქცევა. ისინი წინასწარ გრძნობენ საშიშროებას და ცდი­ლობენ, გადავიდნენ ამაღლებულ ადგილას.

 

კლიმატის ცვლილება

კლიმატის გლობალური ცვლილება წარმოადგენს დედამიწაზე ჰაერის საშუალო მრავალწლიური ტემპერატურის მატებას. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კაცობრიობის ისტორიაში დაფიქსირებული კლიმატის გლობალური ცვლილების ყველა პერიოდისაგან განსხვავებით, თანამედროვე კლიმატის ცვლილება, ძირითადად, გამოწვეულია ადამიანის საწარმოო საქმიანობითა და ბუნებრივი რესურსების ინტენსიური გამოყენებით, რაც იწვევს ატმოსფეროში ე.წ. „სათბურის აირების“ (ნახშირორჟანგი, აზოტის ქვეჟანგი, მეთანი, წყლის ორთქლი და სხვ.) კონცენტრაციების ზრდას.

ტერმინი გლობალური დათბობა ასახავს იმ ფაქტს, რომ, რაც უფრო მეტი ნახშირორჟანგი (ან სათბურის სხვა აირი) დაემატება ატმოსფეროს და შთანთქავს დედამიწის ზედაპირიდან გამოსხივებულ სითბოს, მით უფრო მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა დედამიწის ზედაპირზე. უკანასკნელი საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობა სულ უფრო მეტი და მეტი რაოდენობით მოიხმარს ქვანახშირს, ნავთობსა და ბუნებრივ აირს. წვის შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგის გარკვეულ ნაწილს ოკეანეები და მცენარეები შთანთქავენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ აირის თითქმის ნახევარი მაინც რჩება ატმოსფეროში. ადამიანის სამრეწველო საქმიანობის შედეგად, ატმოსფეროში იფრქვევა სათბურის სხვა აირებიც.

უკანასკნელი საუკუნის მანძილზე დედამიწაზე დათბობის პროცესი საგრძნობლად გაძლიერდა. იმ შემთხვევაში, თუ შენარჩუნდება გლობალური ტემპერატურის მატების ამგვარი ტენდენცია, მომავალი თაობების სამყარო მრავალი ასპექტით იქნება განსხვავებული დღეს არსებულისაგან.

კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგებია:

  1. მყინვარების დნობა;
  2. ეკოსისტემების შეცვლა;
  3. გაუდაბნოებული ფართობების მომატება და მცენარეული საფარის შემცირება; მრავალი სახეობის გაქრობა;
  4. არიდული მიწის ფართობების ზრდა, ოკეანის დონის აწევა და, შესაბამისად, სანაპირო ზოლების თუ მცირე კუნძულების დატბორვა;
  5. დაავადებების გავრცელების არეალის ზრდა;
  6. ეკომიგრაცია და თანმდევი დამატებითი ხარჯები ნებისმიერი სახელმწიფოსთვის;
  7. გახშირებული ბუნებრივი კატასტროფები (ძლიერი ქარები, შტორმები, სანაპირო ზოლების დატბორვა, წყალდიდობები, წყალმოვარდნები, ა.შ.) და ექსტრემალური ტემპერატურები;
  8. სოფლის მეურნეობაში მოსავლიანობის შემცირება და შიმშილობა.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული უარყოფითი პროცესების შესაჩერებლად?

  1. შევამციროთ რესურსების (მაგ., ქაღალდი, პლასტმასა და ა.შ.) გამოყენება და, სადაც შესაძლებელია, გადავამუშავოთ და გამოვიყენოთ ხელმეორედ;
  2. ავუხსნათ მეგობრებსა და მშობლებს, რომ საჭიროა მანქანის მართვის ჩვევების შეცვლა (მაგ., ნაკლებად გამოიყენონ მანქანა, შეცვალონ ისეთი მანქანები, რომლებიც ბევრ საწვავს მოიხმარენ);
  3. უზრუნველვყოთ ბინების თბოიზოლაცია, რადგან ის თითქმის 40%-ით ამცირებს გათბობისა და კონდიცირების ხარჯებს;
  4. დაზოგეთ ელექტროენერგია (გამორთეთ ელექტრომოწყობილობები, როდესაც აღარ გჭირდებათ, გამოიყენეთ ენერგოეფექტური ნათურები).

 გადმოწერეთ ფაილად