ახალი წელი 2017

 

 

საახალწლო ღონისძიებები თბილისში 25 დეკემბრიდან დაიწყო და 2 იანვრამდე გასტანა. დედაენის ბაღი 9 დღით საახალწლო  ქალაქად გადაიქცა.  ქალაქის სტუმრებს, საშუალება ჰქონდათ, საგანგებოდ მოწყობილ და მორთულ სახლებში, დაეგემოვნებინათ საახალწლო ნუგბარი; შეეძინათ სუვენირები, ნაძვის ხის სათამაშოები და ხელნაკეთი ნივთები. პარკი საახალწლო დეკორაციით გაფორმდა. ჯადოსნურ ქალაქში განთავსდა დეკორატიული სათამაშოები, ყვავილების ხეივანი და მექანიკური თოჯინების სახლები.

 

საახალწლო ქალაქში, ყოველდღიურად სხვადასხვა ჟანრის კონცერტები მიმდინარეობდა. 25 დეკემბერს ჯადოსნური ქალაქი ვახტანგ კახიძის კონცერტით გაიხსნა. მოეწყო ჰიპ ჰოპ ლაივ კონცერტი. ქალაქის სტუმრებისთვის საგანგებო პროგრამით წარსდგა ჯგუფი SALIO. ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს რადიო კუბრიკი და Live@twilight მასპინძლობდა. პროექტის ფარგლებში, საახალწლო ქალაქში უწყვეტ რეჟიმში მაუწყებლობდა რადიო „კუბრიკი“, რომელიც დღესდღეობით ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებში. საღამოობით საახალწლო ქალაქის სტუმრებისთვის ქართველი DJ-ები უკრავდნენ.

 

დედაენის ბაღში მოეწყო არტ სივრცე, სადაც სხვადასხვა ინსტალაციები განთავსდება. გარდა კულტურული ღონისძიებისა საახალწლო ქალაქი დატვირთული იყო სპორტული და საბავშვო აქტივობებით.

 

„ახალი ტფილისში“ საახალწლოდ დამონტაჟდა დეკორატიული მატარებელი, რომლის მემანქანეც სანტა კლაუსი იყო. მატარებლის თითოეულ ვაგონს საახალწლო საჩუქრის ფორმა ჰქონდა, შიგნით კი საახალწლო ბაზრობის დახლები მოეწყო. ახალი აღმაშენებლის ერთ-ერთ ეზოში  მამუკა ჯაფარიძის ინსტალაცია და პერფორმანსი გაიმართა, მოეწყო არტისტების ნამუშევრების მარკეტი. გიორგი ქათამაძის ჩრდილების თეატრმა კი რამდენიმე პერფორმანსი გამართა.

 

საახალწლო ღონისძიებების კულმინაცია გალა კონცერტი იყო, რომელიც 31 დეკემბრის ღამეს გაიმართა. პირველად საქართველოში,  სპეციალურად ამ დღისთვის, საახალწლო თემატიკაზე  ცნობილმა კომპოზიტორებმა შექმნეს სიმღერები.

 

 

 

 


 

თბილისობა 2016

 „თბილისობა 2016“ წელს 15 – 16 ოქტომბერს გაიმართება. დედაქალაქი თბილისელებს და მის სტუმრებს წელს განსხვავებული ფორმატით უმასპინძლა. ტრადიციულმა შემოდგომის დღესასწაულმა უპრეცედენტოდ მასშტაბური სახე მიიღო. რიყის პარკი ორი დღით საბავშვო ქალაქად გადაიქცა. თბილისობის პატარა სტუმრებისთვის მოეწყო საბავშვო თეატრი, კონცერტები, ქვიშის ქალაქი, მხიარული შეჯიბრებები, საბავშვო დისკოტეკა და სხვა სახალისო აქტივობები. პარკში განთავსდა რაგბის, მინი გოლფის, კალათბურთისა და ფეინთბოლის მოედნები. რიყის პარკის ქვედა ტერასაზე კულინარიის ქუჩა მოეწყო, სადაც ნამდვილ გურმანებს, საშუალება ჰქნდათ დაეგემოვნებინათ როგორც ქათული, ასევე მსოფლიო სამზარეულო.

ევროპის მოედანზე ღვინის მოედანი და ქართული ტრადიციული ბაზარი მოეწყო. ჩატარდა  დეგუსტაცია, თემატური გამოფენები და მასტერკლასები. ევროპის მოედანზე, განთავსდა სცენა, სადაც 15 და 16 ოქტომბერს კლასიკური მუსიკის, ფოლკლორული და ახალგაზრდული ბენდების კონცერტები გაიმართა.

15 ოქტომბრის კულმინაცია, საპატიო თბილისელების დაჯილდოვება იყო.  ილიას ბაღში დედაქალაქის საპატიო მოქალაქეები ტრადიციულად თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დააჯილდოვა.  

თბილისი საკრებულომ  „თბილისზე მზრუნველის“ დაჯილდოვებას უმასპინძლა.

ლეღვთახევში მე-19 საუკუნის თბილისი გაცოცხლდა, მოეწყო იმიტირებული მიზანსცენები - დიდგვაროვნებისა და ყარაჩოხელების კუთხე.  ლეღვთახევში მისულ სტუმრებს ისეთი მივიწყებული პროფესიების წარმომადგენლები მასპინძლობდნენ, როგორიცაა: მეწაღე, მეაფიშე, მეთულუხჩე, მჭედელი და სხვა.

2016 წელს, პირველად, „ახალი ტფილისში“ განსხვავებული თბილისობა მოეწყო. განახლებული აღმაშენებელი, სპეციალურად თბილისობისთვის შექმნილი ვიტრინების ინსტალაციებით გაფორმდა, ამასთან, მოეწყო გამოფენა Error images და განთავსდა ინსტალაცია „ხვალ“. ორი დღის განმავლობაში, აღმასენებელზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ სხვადასხვა ჟანრის მუსიკა, დასწრებოდნენ პერფორმანსებსა და კოსტუმირებულ წარმოდგენებს.
„თბილისობა 2016“ - ის  კულმინაცია გალაკონცერტი -  „ჩემო თბილის ქალაქო" - იყო, რომელიც 16 ოქტომბერს მეიდანზე გაიმართა. კონცერტზე შესრულდა ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილი ყველასათვის საყვარელი  სიმღერები თბილისზე.

 


 

 

დამოუკიდებლობის დღე 2016

დამოუკიდებობის დღის აღსანიშნავად საქართველოში სხვადასხვა კულტურული ღონისძიება მოეწყო. დედაქალაქში დღესასწაულის მთავარი ლოკაცია, ტრადიციულად, რუსთაველის გამზირი, ღონისძიების თემა კი პირველი რესპუბლიკა იყო. რუსთაველის გამზირზე საქართველოს სამინისტროებმა საკუთარი  ტექნიკა და  ჩატარებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს.

გარდა საინფორმაციო ნაწილისა, რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა კულტურული ღონისძიება გაიმართა: პირველი სკოლის წინ ყვავილების გაჩერება მოეწყო. რუსთაველის გამზირზე პანტომიმის თეატრის მსახიობებმა კოსტუმირებული წარმოდგენა გამართეს. ცენტრალური სცენა კი პარლამენტის წინ დამონტაჟდა, სადაც მტელი დღის განმავლობაში საბავშვო თუ ახალგაზრდული კონცერტები მიმდინარეობდა. დღესასწაულის კულმინაცია კი გალა კონცერტი იყო, რომლის ფარგლებშიც დამოუკიდებლობის დღე მაყურებელს საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებმა მიულოცეს, ასევე შესრულდა როგორც ვოკალური ასევე ქორეოგრაფიული  კომპოზიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

 


 

 

ახალი წელი 2016

 

საახალწლო ღონისძიებები თბილისში 25 დეკემბრიდან დაიწყო და 3 იანვრამდე გაგრძელდა. ვარდების რევოლუციის მოედანი 10 დღით საახალწლო  ქალაქად გადაიქცა.  ჯადოსნური ქალაქის სტუმრებს, საშუალება ჰქონდათ, საგანგებოდ მოწყობილ და მორთულ სახლებში, დაეგემოვნებინათ გლინტვეინი, კრეპები, ორცხობილები, „ბელგიური ვაფლი“ და სხვა საახალწლო ნუგბარი; შეეძინათ სუვენირები, ნაძვის ხის სათამაშოები და ხელნაკეთი ნივთები. საახალწლო ქალაქში, ყოველდღიურად სხვადასხვა ჟანრის კონცერტები და DJ-ების ფესტივალი მიმდინარეობდა. საახალწლო ქალაქში მოძრაობისა და პანტომიმის თეატრის მსახიობები  პერფორმანსებს, მსვლელობებსა და კარნავალებს აწყობდნენ.

25 დეკემბერს დათო ევგენიძის საავტორო, ხოლო 3 იანვარს თბილისის მერიის ბიგ ბენდის საახლაწლო კონცერტები გაიმართა. გარდა კულტურული ღონისძიებისა საახალწლო ქალაქი დატვირთული იყო სპორტული და საბავშვო ატივობებით. ქალაქში დამონტაჟებულ ყინულის მოედანზე ყოველდღიურად იმართებოდა მოციგურავეთა შოუები და სპორტული შეჯიბრებები. მსურველებს საშუალება ჰქონდათ თვალყური ედევნებინათ ქუჩის კალათბურთის მატჩებისთვის, სხვადასხვა შოუებისთვის ბატუტსა და პარკურზე. ქალაქის მცირეწლოვანი სტუმრებისთვის კონცერტებს „ბასტი-ბუბუსა“ და „ბზიკების“ სტუდიის ბავშვები მართავდნენ. მოეწყო თოჯინური თეატრების წარმოდგენები და ფოტო გადაღების კუთხეები. ბავშვების განწყობაზე სხვადასხვა ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ.  საახალწლო ქალაქში დროში მოგზაური სანტა ცხოვრობდა. 

 31 დეკემბრის ღამეს, თავისუფლების მოედანზე, საახალწლო გალა-კონცერტი  გაიმართა. მიშა მდინარაძის საავტორო პროექტი  ქართულ-ევროპული, კლასიკური და თანამედროვე მუსიკის ერთობას წარმოადგენს. სამი ნაწილისაგან შემდგარი კონცერტი სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ საახალწლო კომპოზიციებს, საოპერო და საესტრადო შემსრულებლების დუეტებს და საშობაო ალილოს აერთიანებს. თავისუფლების მოედანზე შექმნილ ჯადოსნურ ატმოსფეროს მოცეკვავეები ვალსის ცეკვით ალამაზებდნენ. სტუმრები 2016 წელს ტრადიციული მრავალჟამიერის ფონზე შეეგებნენ.  საახალწლო კონცერტში მონაწილეობა 200-ზე მეტი მუსიკოსმა მიიღო, მათ შორის, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, საოპერო და ესტრადის მომღერლები და მოცეკვავეები.   


 

 

თბილისობა 2015

 

„თბილისობა 2015“ წელს 17 – 18 ოქტომბერს გაიმართა. დედაქალაქმა თბილისელებს და მის სტუმრებს განსხვავებული ფორმატით უმასპინძლა.  შემოდგომის 36-ე დღესასწაულის დაგეგმვაში წელს, თავად, მოქალაქეები იყვნენ ჩართულები. თბილისის მერიამ კონკურსის „ჩემი თბილისობა“ მეშვეობით საუკეთესო კონცეფციები შეარჩია და ღონისძიებებისწორედ აღნიშნული კონცეფციების გათვალისწინებით დაიგეგმა. 

„თბილისობა“ 16 ოქტომბერს, საღამოს „საპატიო თბილისელების“ დაჯილდოვების ცერემონიით გაიხსნა. 17-18 ოქტომბერს ღონისძიების ცენტრალური მდებარეობა რიყის პარკი იყო, სადაც სხვადასხვა ჟანრის თემატიკისა და „ვიზუალის“ სანახაობა გაიმართა. ისეთი როგორიცაა - სხვადასხვა თემატური ფესტივალები, სპორტული და საბავშვო აქტივობები, კულტურული ღონისძიებების ციკლი. რიგი ღონისძიებებისა გაიმართა ძველი თბილისის ქუჩებში. ორივე დღის კულმინაცია კი გორგასლის მოედანზე გამართული კონცერტები იყო.

წელს პირველად,  „თბილისობა 2015“ გარემოს დაცვასა და ეკოლოგიას მიეძღვნა.  დღესასწაულის ფარგლებში თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების მიმართულებით, სტრატეგიის პრეზენტაცია მოეწყო. ასევე გაიმართა სხვადასხვა თემატური შემეცნებითი აქტივობები.

დღესასწაულის ფარგლებში, წელს პირველად გაიმართა კულინარიის ფესტივალი. რიყის პარკში მისულ სტუმრებს 17 და 18 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში, საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ, როგორც ქართული, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული კერძები. ეხილათ საინტერესო სანახაობები „შეფ მზარეულების“ მონაწილეობით. რიყის პარკში შადრევანთან კი ღვინის ფესტივალი მოეწყო. გაიმართა შემოდგომის ფესტივალი - ხილის, ჩაისა და თაფლის ფესტივალები.

წელს პირველად, ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ თავად აერჩიათ „თბილისზე მზრუნველი“. პროექტი მიზნად ისახავდა,  საზოგადოებისთვის გაეცნო ადამიანები, რომლებიც თავისი მზრუნველობითა და ცხოვრების წესით ქმნიან ჩვენი ქალაქის ისტორიას. 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიიდან გამომდინარე, წლევანდელი კანდიდატები, ძირითადად იყვნენ ადამიანები, რომლებმაც თავისი უდიდესი წვლილი შეიტანეს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში და სამოქალაქო სოლიდარობისუპრეცედენტო მაგალითი აჩვენეს. საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, გაეცნო ეს ადამიანები მათზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი, დოკუმენტური ფილმების მეშვეობით და სატელეფონო ზარის საშუალებით ხმა მიეცათ სასურველი კანდიდატისთვის. წელს ხმათა უმრავლესობა მაშველმა დაიმსახურა, რომელმაც სტიქიის ღამეს 30 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

17 ოქტომბრის კულმინაცია, მიშა მდინარაძის საავტორო პროექტი იყო, რომელიც თბილისური მუსიკის ტრანსფორმაციი2 საუკუნეს ასახავს.

წელს პირველად, გაიმართა კოსტუმირებული მსვლელობა „შემოდგომა და გარემო“ რომელიც გარემოს დაცვასა და ეკოლოგიას ეხმიანებოდა. მსვლელობამ სტარტი მუშტაიდის პარკიდან აიღო და რიყის პარკში დღესასწაულს შეუერთდა. მსვლელობის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო თემატურ კოსტუმებში გამოწყობილი, მოძრაობის თეატრის,  50-მდე მსახიობი. კოსტუმები ექსკლუზიურად თბილისობისთვის მხატვარმა უტა ბექაიამ შექმნა.

გორგასლის მოედანზე გამართული გალა კონცერტების გარდა, 17 და 18 ოქტომბერს, რიყის პარკში მოეწყო ორი სცენა. შადრევნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა ფოლკლორული და ეთნო ჯაზ კონცერტები, რიყის პარკში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ახალგაზრდული ლაივ ფესტივალი როკ ბენდების მონაწილეობით. „თბილისობა 2015“-ის ფარგლებში სულ 7 კონცერტი გაიმართა სადაც მონაწილეობა 300 მდე შემსრულებელმა მიიღო მონაწილეობა. 

 


 

 ინკლუზიური სპექტაკლი „პატარა უფლისწული“

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით, მოძრაობის თეატრში, ინკლუზიური სპექტაკლის „პატარა უფლისწულის“ პრემიერა გაიმართა. სპექტაკლში თოთხმეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდი იღებს მონაწილეობას. შემოქმედებითი ჯგუფი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებთან ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა. პროექტის სამუშაო პროცესის მიმდინარეობის შესახებ დოკუმენტური ფილმი და ფოტოგამოფენა მზადდება. პროექტი ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება და ინკლუზიური დასის ჩამოყალიბების მცდელობას წარმოადგენს. ინკლუზიური თეატრალური წარმოდგენის მომზადება პროფესიონალი ხელოვანებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პროფესიულ თანამშრომლობას გულისხმობს. სპექტაკლი წლის ბოლომდე რამდენიმეჯერ გაიმართება. პროექტის შესახებ მომზადებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა შემოდგომაზე იგეგმება.

 


 

 

ამერიკის კვირეული 

 

6 ივნისს, თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისში  ამერიკის კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. რიყის პარკში მოწყობილ საგამოფენო სივრცეში საქართველოში მიმდინარე სამთავრობო თუ არასამთავრობო პროგრამების პრეზენტაცია მოეწყო. გამოფენაში მონაწილეობდნენ თბილისში არსებული ამერიკული სწრაფი კვების ობიექტებისა და კერძო ბიზნესის წარმომადგენლები. სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია აშშ-ის გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების, საკონსულო და საიმიგრაციო მომსახურების, სხვადასხვა გრანტებისა და დახმარების პროგრამების შესახებ. ასევე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მრავალმხრივი მუშაობისა და იმ პროექტების შესახებ, რომელთაც აშშ-ის მთავრობა საქართველოში ახორციელებს.

ამერიკის დღეები საქართველოში 2 ივნისს დაიწყო, კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული და შემეცნებითი ღონისძიება ჩატარდა ზუგდიდში, ახალციხესა და გორში.

 


 

 

დამოუკიდებლობის დღე 2015

 

დედაქალაქში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად  მთავარი ლოკაცია, ტრადიციულად, რუსთაველის გამზირი იყო, ღონისძიების თემა კი პირველი რესპუბლიკა.

თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა - თავდაცვის სამინისტროს  ახალწვეულებს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მიმართეს.

რუსთაველის გამზირზე საქართველოს სამინისტროებმა საკუთარი  ტექნიკა და  ჩატარებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს.

გარდა საინფორმაციო ნაწილისა, რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა გასართობი ღონისძიებაა ჩატარდა: გამზირის მთელ სიგრძეზე  5 სცენა განთავსდა,  მოეწყო დიჯეის კუთხე და ფოტოგადაღების ადგილები, გამოიფინა სხვადასხვა კაფე-ბარი და რესტორანი, მოეწყო კოსტიუმირებული მსვლელობები.  ღონისძიება ცხენებისა და ძველებური ავტომობილების მსვლელობით გაიხსნა.

„ვარდების მოედანზე“  განთავსდა სცენა, რომელიც თემურ ყვითელაშვილმა და თბილისის მერიის „ბიგ-ბენდმა“ დაიკავეს.  სცენაზე სხვადასხვა კონცერტი და პერფორმანსიც გაიმართა.

დღესასწაულის დასკვნითი ნაწილი მუსიკალური პროექტი  „ჩემო ციცინათელა“ იყო,  რომელიც  სპეციალურად 26 მაისისთვის მომზადდა და  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.   პარლამენტის შენობის წინ დამონტაჟებულ სცენაზე კონცერტი გაიმართა,  რომელზეც  1918-21 წლების პირველი რესპუბლიკის დროინდელი სიმღერები ახალი, თანამედროვე ჟღერადობით შესრულდა: მაყურებელმა იხილა   საინტერესო კომპილაციები, მოისმინა ახალი დუეტები, შეხვდა ქართული საესტრადო, ჯაზური, ელექტრონული, პოპ და როკ მუსიკის ვარსკვლავებს. პროექტის რეჟისორია ბასა ფოცხიშვილი,  მუსიკალური პროდიუსერი -  დავით ევგენიძე. 

 


 

 

ქალთა კვირეული -  3-8 მარტი

მარტი - სასჯელაღსრულების ქალთა მე-5 დაწესებულებაში, მომღერალ დედათა და შვილთა, ასევე სხვა შემსრულებლებელთა მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა. კონცერტში მონაწილეობდნენ: თამრიკო ჭოხონელიძე და მარიამ როინიშვილი, ეკა კახიანი და ნინი ბადურაშვილი, მაია ჯაბუა და ლიზა ყენია, მაკა ზამბახიძე და სალომე ჩიტაძე, მაია ყარყარაშვილი და სოფი სააკაშვილი, ეკა მიშველაძე  და მაკო კვიტაიშვილი; ასევე, ნატო გელაშვილი, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები,  ნათია და ლელა ქოროღლიშვილები, ლენა და სოფო ცარციძეები. ღონისძიებას უძღვებოდა  მსახიობი ნიკა წულიკიძე, მუსიკალური პროდუსერი კი ნუცა ჯანელიძე იყო.

მარტს - მწერალთა სახლში,  პოეტ ქალთა შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე ლექსები მაყვალა გონაშვილმა, ლია სტურუამ, ლია სულაბერიძემ, კატო ჯავახიშვილმა, ქეთევან ნათელაძემ და ქეთევან შენგელიამ წაიკითხეს. პოეზიის საღამოს სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები დაესწრნენ.

მარტი -  „თეატრში ათონელზე“ , რეჟისორ ქეთი დოლიძის სპექტაკლი  „დილა მშვიდობისა ასდოლარიანო“ გაიმართა. ორმოქმედებიან სპექტაკლში მონაწილეობას ნინელი ჭანკვეტაძე, ნანა ფაჩუაშვილი, ნუგზარ რუხაძე და რამაზ იოსელიანი იღებდნენ.  ღონისძიებას მრავალშვილიანი დედები და სოციალურად  დაუცველი ახალგაზრდები დაესწრნენ. 

მარტი -  სასჯელაღსრულების ქალთა მე-5 დაწესებულებაში სპექტაკლი „ბეჩავი“ გაიმართა. „ბეჩავი“ დავით გაბუნიას ახალი პიესაა, რომელიც „სამეფო უბნის თეატრში“  მიხეილ  ჩარკვიანმა დადგა. სოციალური სატირა ერთ  მოქმედებად საათ-ნახევარი გაგრძელდა და მსჯავრდებული ქალბატონების დიდი მოწონება დაიმსახურა.

მარტი - კინოთეატრ „ამირანში“, რეჟისორ ნანა ჯორჯაძის ფილმის - „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტის“ ჩვენება გაიმართა. აღნიშნული ფილმი ერთადერთი ქართული კინოპროდუქციაა, რომელიც „ოსკარების“  ნომინანტთა სიაში იყო შესული. ღონისძიებას  ხელოვნების სკოლების მოსწავლეები დაესწრნენ.

მარტს გაიხსნა და 12 მარტს დაიხურა  - მხატვარ ქალთა ნამუშევრების გამოფენა  ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, „არგონავტების დარბაზში“. გამოფენაში რუსუდან ფეტვიაშვილმა, ლანა თურმანიძემ, ნუცა მანჯგალაძემ, დალი ვარამაშვილმა, ქეთი ბეროშვილმა, ანჟელა  დამენიამ, ანა ლაღიძემ, ნატო სირბილაძემ, დეა სოსელიამ, თამთა სოსელიამ, მანანა მდივანმა, ენდი ბარბლიშვილმა, მეგი  გვენეტაძემ, მარინა ნაირაშვილმა, მზია დედანაშვილმა და მარიამ ქურდაძემ  მიიღეს მონაწილეობა. 

 

  


 

 

ახალი წელი 2015 

25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით რიყის პარკში, სხვადასხვა საბავშვო, სპორტული და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.

პარკში „საშობაო ბაზრობა“ მოეწყო. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ნაირგვარი ტკბილეული დაეგემოვნებინათ და საახალწლო აქსესუარები შეეძინათ; ამასთან, პარკის ტერიტორიაზე განლაგებულ სხვადასხვა სახის ატრაქციონზე ყველა ასაკის დამთვალიერებელს შეეძლო გართობა.

მოეწყო პონების ვოლიერი და ყინულის მოედანი, რომლებმაც ბავშვების დიდი მოწონება დაიმსახურეს. რიყის პარკის ამფითეატრში გაიმართა თბილისის ხელოვნების სკოლების მოსწავლეთა კონცერტები. ბავშვებს ასევე მასპინლობდნენ  თოვლის ბაბუა, სანტა კლაუსი, ზღაპრებისა და მულტიპლიკაციური ფილმების გმირები და სხვა.

2014 წლის  25 დეკემბრიდან 2015 წლის 7 იანვრის ჩათვლით, ძველ თბილისში, ერეკლე II-ის ქუჩაზე,  „ნაძვის ხეების ფესტივალი“ გაიმართა. ბიზნეს და ტელეკომპანიების, ასევე, შემოქმედებით ჯგუფების მიერ წარმოდგენილი, სხვადასხვა მასალისგან დამზადებული თემატური ნაძვის ხეები დამთვალიერებელს ორი კვირის განმავლობაში შეეძლო ენახა და, სურვილისამებრ, ხმა რომელიმე მათგანისთვის მიეცა. გამარჯვებული სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა - საუკეთესო ნაძვის ხის ავტორობისთვის  ტელეკომპანია GDS-ს მერიის სიმბოლური პრიზი გადაეცა.

25 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ცენტრალური ნაძვის ხე ტრადიციულად აინთო. თბილისის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ თანამოქალაქეებს დამდეგი ახალი წელი პირდაპირი ეთერით მიულოცეს. თოვლის ბაბუამ და სანტა კლაუსმა სადღესასწაულო საახალწლო მარხილით რუსთაველის გამზირზე ჩაიარეს და თბილისის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან  ერთად, ღონისძიების დამსწრე ბავშვების თანდასწრებით, ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აანთეს. 

საახალწლო გალა-კონცერტი ევროპის მოედნის მთავარ  სცენაზე გაიმართა.  კონცერტში თბილისის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ-ბენდი“, თანამედროვე მუსიკალური ბენდები და სოლისტები მონაწილეობდნენ.

 

 


 

თბილისობა 2014

„თბილისობა 2014“ -ის გახსნის ღონისძიების ფარგლებში, საკრებულოს შენობაში, ქართული ანსამბლების  -  „ქართული ხმებისა“ და „შვიდკაცას“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

რიყის პარკში  მოეწყო  ხელნაკეთი  ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ერთ-ერთ  საბავშვო სივრცეში განლაგდა საბავშვო ატრაქციონები, რომლებმაც „თბილისობის“ სტუმარი უამრავი ბავშვი მიიზიდა.

პანტომიმის სახელმწიფო თეატრმა წარმოადგინა პროექტი „ქართველი მეფეები ქანდაკებაში“. ქანდაკების ფაქტურით შემოსილი მსახიობები წარმოადგენდნენ ქართველ მეფეებს, მთხრობელი კი დაინტერესებულ დამთვალიერებელს მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციას აცნობდა.

რიყის პარკის  რამდენიმე სცენასა და ევროპის მოედნის მთავარ სცენაზე, ორი დღის განმავლობაში, არაერთი კონცერტი გაიმართა.  კონცერტები ყველა  თაობისა და გემოვნების მსმენელისთვის იყო გათვალისწინებული.

ფრანგულმა დასმა „La Compagnie des Quedams"  სპექტაკლი `ჰერბერტის სიზმარი~ მეტეხის მიმდებარე ტერიტორიაზე,  ღია ცის ქვეშ წარმოადგინა.

მეტეხის ხიდზე გაიმართა „თბილისობის“ ტრადიციად ქცეული ავტოშოუ, რარიტეტული და ახალი ავტომობილების გამოფენა, მოტოდრიფტი. როგორც ყოველთვის, „ავტოშოუ“ პატარებისა და უფროსებისთვისაც თანაბრად საინტერესო აღმოჩნდა.

„თბილისობის“ ფარგლებში, „საქართველოს ჩაისა და თაფლის მწარმოებელთა ასოციაციის“ ინიციატივით, ჩაისა და თაფლის ფესტივალი უკვე რამდენიმე წელია იმართება. ამჯერადაც, სიონის სკვერში, ჩაისა და თაფლის ქართველმა და უცხოელმა მწარმოებლებმა და დისტრიბუტორებმა დამთვალიერებელს  საკუთარი პროდუქცია შესთავაზეს. გაიმართა კონკურსი „საუკეთესო ჩაის“ სხვადასხვა ნომინაციაში.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ბაზიერები, ორი დღის განმავლობაში, გორგასლის მოედანზე მონადირე ფრინველებს წარმოადგენდნენ, დამთვალიერებლებს ფრინველით ნადირობის ტრადიციების შესახებ საინტერესო ისტორიებს აცნობდნენ და მათ შეკითხვებს პასუხობდნენ. ამასთან, მსურველებს ულამაზეს მტაცებელ ფრინველებთან უშუალო კონტაქტი და  ფოტოების გადაღება შეეძლოთ.

„საქართველოს ფოკლორის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით, აბანოთუბანში თბილისში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა შემოქმედებითი კოლექტივებისა და ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის  ანსამბლების ტრადიციული კონცერტები გაიმართა.

„თბილისობის“ ერთ-ერთი, უკვე ტრადიციად ქცეული ღონისძიება „ხილის ფესტივალია“. სხვადასხვა ხილითა და ყვავილებით,  შემოდგომის ფერებში, ორიგინალურად გაფორმებული სიონის სკვერის მიმდებარე ტერიტორია და გემოვნებიანი მუსიკა ცნობილი ქართული მუსიკალური ბენდების ცოცხალი შესრულებით - ამ ყველაფერმა  წელსაც უამრავი დამთვალიერებელი მიიზიდა.

25 ოქტომბრის  სადღესასწაულო ღონისძიებები თანამედროვე ქართული როკ-ჯგუფების კონცერტით დასრულდა, 26 ოქტომბერი კი  პოპულარული ქართული ანსამბლების კონცერტმა დააგვირგვინა.