ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურში მიმდინარე პროექტები

ენერგოეფექტური პროექტები

მზის ენერგიაზე მომუშავე დეკორატიული ნაგებობა (მზის ხე)

ენერგოეფექტურობის პოპულარიზაციის მიზნით, თბილისში მზის ენერგიაზე მომუშავე დეკორატიული ნაგებობის განთავსება იგეგმება. ნაგებობა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ლეპტოპების, მობილურების და მცირე ელექტრო მოწყობილობების ელექტროკვებისათვის იქნება გათვალისწინებული.

პროექტის განხორციელების მთავარ მიზანს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების პოპულარიზაცია და CO2-ის ემისიის შემცირება წარმოადგენს და სრულად პასუხობს „მერების შეთანხმებით“ თბილისის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

პროექტის განხორციელების შედეგად, 300 ვტ. დადგმული სიმძლავრის მოწყობილობის გამოყენებით, CO2-ის ემისია წელიწადში 439 კგ-ით შემცირდება.

 

მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრი

თბილისის მერიაში მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრი ამოქმედდება.

მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრის შექმნის მიზნით თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და ევროკავშირის პროგრამა INOGATE-ის ტექნიკურ სამდივნოს შორის მიმდინარე წლის 30 აპრილს გაფორმდა.

ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრის შექმნის ძირითად მიზანს მდგრადი ენერგეტიკის პოპულარიზაცია, ენერგიის განახლებადი წყაროებისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრი საზოგადოებისთვის სადემონსტრაციო ფიზიკური სივრცის შექმნას გულისხმობს. ცენტრში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების შესახებ ინფორმაციისა და კონსულტაციის მიღება, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების, მოწყობილობების, ექსპონატების, საინფორმაციო მასალების გაცნობა და დათვალიერება შეეძლება. მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრის გახსნა სრულად პასუხობს თბილისის მიერ 2010 წელს „მერების შეთანხმებით“ აღებულ ვალდებულებებს.

 

ენერგოეფექტური ღონისძიებები თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატისთვის

აპრილის თვეში დაიწყო სამუშაოები თემქის მოხუცებულთა პანსიონატში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და ენერგომოხმარების შემცირების მიზნით. პანსიონატში დამონტაჟდაცენტრალური გათბობის სისტემა და რიგი ენერგოეფექტური ღონისძიებები გატარდა.

აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად შემცირდება ენერგიის მოხმარება, გაუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები, ხოლო მზის ენერგიის გამოყენებით შესაძლებელი გახდება CO2-ის ემისიების შემცირება.

ამასთან, იგეგმება განახლებადი ენერგო წყაროების გამოყენება შენობის ცხელი წყლით მომარაგებისთვის, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება „მერების შეთანხმებით“ ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში.

 

თბილისიენერგო ქალაქების ასოციაციისწევრი გახდა

2015 წელს თბილისი გაწევრიანდა „ენერგო ქალაქების ასოციაციაში“, რაც დედაქალაქს მდგრადი ენერგოპოლიტიკის უკეთ დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობას აძლევს.

კონკრეტულად, ასოციაციის წევრობა თბილისის ხელმძღვანელობას საშუალებას აძლევს:

  • მიიღოს დახმარება ენერგოეფექტურობის სტრატეგიის შემუშავებისას;
  • გაიზიაროს ევროპული ქალაქების წარმატებული გამოცდილება ენერგოპროექტების დაგეგმვისა და განხორციელების კუთხით;
  • მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა ევროპულ კამპანიებსა და პროექტებში;
  • მიიღოს მონაწილეობა თემატურ სამუშაო შეხვედრებში, სემინარებსა და გენერალურ ასამბლეაში;
  • მიიღოთ მონაწილეობა თბილისის საჭიროებებზე მორგებულ სასწავლო ტურებში. 

 

დასაქმებისა და ბიზნესის მხარდაჭერა 

თბილისის მერიის პროგრამის „მეწარმეობის მხარდაჭერა“ ფარგლებში ხორციელდება იაფი ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობის პროექტი, რომელიც მეწარმეებს სესხის 6%-ად აღების საშუალებას აძლევს.

იაფი სესხის მისაღებად მეწარმემ მერიაში უნდა წარადგინოს საპროექტო განაცხადი და პარტნიორი ბანკი აირჩიოს. განაცხადს შესაბამისი სამსახური, შემდეგ კი მეწარმის მიერ არჩეული ბანკი განიხილავს. პროექტის დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას თბილისის მერია მიიღებს. თანხა მთლიანად მერიის ბიუჯეტიდან გაიცემა. მეწარმეებს საშუალება ექნებათ სესხი წლიურ 6%-ად მიიღონ. სესხის მაქსიმალური ხანგრძლივობა 5 წელია და მსესხებელი განთავისუფლებულია ყველანაირი დამატებითი გადასახადისგან (დამტკიცების, გაცემის და სხვა საკომისიოები). სესხის პირობების მიხედვით, მეწარმეს შეუძლია ისარგებლოს მისი ბიზნესის სპეციფიკაზე მორგებული საშეღავათო პერიოდით და გადახდის მოქნილი გრაფიკით.

სესხით სარგებლობა შეღავათიანი პირობებით შეუძლიათ სტიქიური მოვლენის/სტიქიური უბედურების, ასევე ხანძრის ან შენობა-ნაგებობის დაზიანების/დანგრევის შედეგად დაზარალებული მეწარმეებს. აღნიშნული კატეგორიის მეწარმეებს საშუალება აქვთ იაფი სესხი წლიური 6%-ის ნაცვლად 3%-ად და 7 წლის ვადით  მიიღონ.

დაინტერესებულ მეწარმეებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ დაუკავშირდნენ თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურს 2 378 381,  2 378 382. 

 

სამეწარმეო უნარ-ჩვევების ამაღლება

ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური მეწარმეებს სამეწარმეო უნარ-ჩვევების ამაღლებაში ეხმარება. ამ მიზნით თბილისის მერიისა და "თიბისი ბანკის" თანამშრომლობით ნოემბერსა და დეკემბერში ჩატარდა პროფესიული ტრენინგები; 200-მა მეწარმემ ტრენინგ კურსი შემდეგ მიმართულებებში გაიარა: სტრატეგიული მენეჯმენტი, ბიუჯეტირება, დაგეგმვა და ანალიზი. ტრენინგში მონაწილეობდნენ როგორც მოქმედი, ასევე დამწყები მცირე და საშუალო მეწარმეები. 

 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გადამზადება

ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ორგანიზებით გრძელდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გადამზადება. პირველ ეტაპზე დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით ტრენინგკურსი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 60-მა პირმა გაიარა. პროექტის მიზანი შშმ პირების დასაქმების უნარების გაძლიერება და მათი დასაქმების ხელშეწყობაა. პროექტი პირველ ივნისს დაიწყო. ტრენინგკურსი შემდეგ მოდულებს მოიცავს: დასაქმების შესაძლებლობები, სექტორების მიმოხილვა; ღირებულებების განსაზღვრა და მიზნების ჩამოყალიბება სამსახურის ძებნის პროცესში; შესაფერისი ვაკანსიის მოძიება და ეფექტური CV-ს შედგენა; ეფექტური სამოტივაციო წერილის მომზადება; თანამშრომელთა შერჩევის პროცესი - ტესტირება, გასაუბრება. ასევე დაგეგმილია შშმ პირების სტაჟირება მათი სამომავლო დასაქმების მიზნით. 

 

თბილისი - ტურისტულად მიმზიდველი ქალაქი

თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ქალაქის ტურისტული პოტენციალის ამაღლება და ტურისტებისთვის მაქსიმალურად მიმზიდველი გარემოს შექმნაა. სპეციალურად ვიზიტორებისთვის თბილისში დაიდგა ელექტრონული საინფორმაციო აპარატები, რომელთა მეშვეობითაც ქალაქის ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ მათთვის აუცილებელი და საჭირო ყველა ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე; ვიზიტორებს შეუძლიათ, მოიძიონ ინფორმაცია ტრანსპორტის განრიგისა და მიმართულების, კვების ობიექტების, სასტუმროების (მათ შორის საოჯახო ტიპის), გასართობი და რეკრეაციული ადგილების და თბილისის ტურისტული ტურების შესახებ. ვიზიტორებს ასევე შეეძლებათ მიიღონ ინფორმაცია თბილისში დაგეგმილი ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიების შესახებ. ტურისტული აპარატები აღმაშენებლის გამზირზე და შარდენის ქუჩაზე უკვე დაიდგა, ასევე განთავსდება რუსთაველის გამზირზეც. მათი ჩართვა უახლოეს მომავალში მოხდება. დაგეგმილია ტურისტული ღირსშესანიშნაობების აღჭურვა ბარკოდებით.

 

 

თბილისი - ევროპის მთავარ ქალაქთა ქსელის (EUROCITIES) სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე

2014 წლის ნოემბერში ევროპის მთავარ ქალაქთა ქსელის ყოველწლიურ გენერალურ შეხვედრაზე თბილისი არჩეულ იქნა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარედ.

EUROCITIES-ის წესების შესაბამისად, თბილისი თავმჯდომარის სტატუსით გათვალისწინებულ მოვალეობებს ორი წლის განმავლობაში შეასრულებს.

ევროპის მთავარ ქალაქთა ქსელში აქტიური მონაწილეობის მიზანია ქალაქის საერთაშორისო რეპუტაციისა და ცნობადობის ამაღლება; საზღვარგარეთ თბილისის ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენა; არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობების განმტკიცება და ახალ პარტნიორებთან ურთიერთობების დამყარება; ევროპულ ინიციატივებთან მიერთება. უცხოურ ქალაქებთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარება საერთო პროექტების განხორციელების მიზნით.

თბილისი ევროპის მთავარ ქალაქთა ქსელის წევრი 2009 წელს გახდა. 2011-2012 წლებში მას ერთხელ უკვე ეკავა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის პოზიცია. სხვადასხვა წლებში თბილისი არჩეული იყო ამავე სამუშაო ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარის პოზიციაზეც.

 

დარგობრივი ეკონომიკური კვლევები

ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური გეგმავს დარგობრივი ეკონომიკური კვლევის ჩატარებას განათლების და სამედიცინო სფეროში არსებული მდგომარეობის შესასწავლად და პოტენციური ინვესტორების მოძიების შესაძლებლობების გამოსავლენად.

 

თბილისის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია

ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური მიმდინარე წელს გეგმავს თბილისის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის კონცეფციის შემუშავებას.

სტრატეგია მიზნად ისახავს რაიონებში არსებული შესაძლებლობების, რაიონების კონკურენტუნარიანობის კვლევას, სტრატეგიული პრიორიტეტების გამოვლენასა და პროექტების კონცეფციების შექმნას. ანალიზის საფუძველზე, თითოეული რაიონის შესაძლებლობიდან გამომდინარე, დაიგეგმება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია.

კვლევის მიზანია, გამოავლინოს თითოეულ რაიონში არსებული მდგომარეობა შემდეგი მიმართულებით:

  • ცხოვრების ხარისხი და მისი გაზრდის შესაძლებლობები;
  • ეკონომიკური პოტენციალი და განვითარების შესაძლებლობები.

სტრატეგიის მიზანია, კვლევაზე დაფუძნებული ყველა იმ მიმართულების გამოვლენა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს რაიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და ცხოვრების ხარისხის ზრდას.