• სპორტული ღონისძიებები 

ქვეპროგრამა მოიცავს ღონისძიებებს, რომლებიც ორიენტირებულია: სპორტის განვითარებაზე, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, სპორტის სხვადასხვა სახეობის საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი გუნდების მომზადებასა და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირში) მონაწილეობის ხელშეწყობაზე, საქართველოს ჩემპიონატებისა და პირველობების ჩატარებაზე, სპორტული რეზერვისა და მაღალი კლასის სპორტსმენების მომზადებაზე. ეს ყოველივე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებასა და პოპულარიზაციას, ადგილობრივი ან საერთაშორისო მაღალი რანგის შეჯიბრებებზე თბილისის ნაკრები გუნდების წევრთა მიერ საპრიზო ადგილების დაკავებას. ქვეპროგრამა გულისხმობს სპორტის სხვადასხვა სახეობაში პირველობების, ჩემპიონატების, თასების გათამაშებების, მასობრივი სპორტული ღონისძიებების, სახელობითი და საერთაშორისო ტურნირების, სასწავლო-საწვრთნო შეკრებების ჩატარებას და სპორტსმენთა მივლინებას საერთაშორისო ტურნირებზე; ქართული საბრძოლო ხელოვნების ხელშეწყობას; მასობრივი სპორტის პოპულარიზაციაზე და ქალთა სპორტის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ხელშეწყობას. მსოფლიო, ევროპის და საქართველოს ჩემპიონატებში მიღწეული წარმატებებისათვის თბილისელი სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების მატერიალურ წახალისებას, ფედერაციების საჭირო ინვენტარით და სპორტსმენთა ეკიპირებით უზრუნველყოფას, აგრეთვე, სპორტის სხვადასხვა სახეობის ეროვნული და თბილისის ფედერაციების, წყალბურთის და ჭადრაკის, სპორტის სხვადასხვა სახეობის თბილისის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრების საქმიანობის ხელშეწყობას და სხვა.

 

  • მწვრთნელთა მხარდაჭერა 

ქვეპროგრამის ფარგელებში გათვალისწინებულია ბავშვთა ჯგუფებთან მომუშავე მწვრთნელ-მასწავლებელთა ფინანსური მხარდაჭერა, რაც ზრდის მწვრთნელების დაინტერესებასა და მოტივაციას. მათი აქტიური მუშაობა დედაქალაქში სპორტის სხვადასხვა სახეობაში პერსპექტიული მოზარდებისა და ახალგაზრდების მოძიების, მათ სპორტულ ჯგუფებში ჩაბმისა  და მაღალი შედეგების მიღწევის წინაპირობაა.

პროგრამაში მწვრთნელ-მასწავლებელთა ჩართვა ხდება სპორტის შესაბამისი ფედერაციების წარდგინების საფუძველზე, მწვრთნელ-მასწავლებელთა მიღწევებისა და დამსახურებების გათვალისწინებით.

 

  • სპორტული მოედნების მშენებლობა, რეკონსტრუქცია

 

ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ქ. თბილისის სკვერებში გარე გამოყენების

სავარჯიშო მოწყობილობების მოწყობა დაველოპარკინგების მოწყობა.

 

  • სპორტული დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და მშენებლობა

 

ქვეპროგრამა შექმნილია თბილისში თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით, რომელშიც საუკეთესო სავარჯიშო პირობები ექნებათ დამწყებ და პროფესიონალ სპორტსმენებს. ამასთან, ყალიბდება საუკეთესო პირობების მქონე სპორტული ინფრასტრუქტურა ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებების ჩატარებისათვის. სპორტული დაწესებულებების ბაზების თანამედროვე სტანდარტების დონეზე მოწყობა, ხელს შეუწყობს სპორტის სხვადასხვა სახეობაში სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების უკეთეს პირობებში ჩატარებას, მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, სპორტული ობიექტების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, რაც, შესაბამისად, დადებითად აისახება სპორტის პოპულარიზაციასა და განვითარებაზე. ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული სპორტული ცენტრების სარეაბილიტაციო სამუშაოები, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვა და მიმდინარე რეაბილიტაციის სხვა ღონისძიებები.

 

  • წარმატებული სპორტსმენი ბავშვების წახალისება

 

ქვეპროგრამა ითვალისწინებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში მოასპარეზე 18 წლამდე ასაკის პერსპექტიული სპორტსმენების ფინანსურ წახალისებას, რაც გაზრდის მათ მოტივაციას სასწავლო-საწვრთნო პროცესის მიმართ, ასევე ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და ბავშვთა და მოზარდთა შორის თავისუფალი დროის სწორ მენეჯმენტს. სპორტსმენთა წარდგენას ახორციელებს სპორტის შესაბამისი სახეობის თბილისის ფედერაცია ეროვნულ ფედერაციასთან შეთანხმებით, სხვადასხვა შეჯიბრებაში მიღწეული შედეგების გათვალისწინებით ან/და საერთო სარეიტინგო ქულების საფუძველზე.

 

  • პარასპორტის განვითარების ხელშეწყობა

 

ქვეპროგრამის მიზანია: შშმ პირთა საზოგადოებაში და საერთაშორისო პარასპორტულ სამყაროში ინტეგრაცია, რესოციალიზაციაში დახმარება; თბილისში პარასპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარება; სპორტის სახეობების პოპულარიზაცია შშმ პირებს შორის; დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ჩართვა პარასპორტულ ღონისძიებებში და რესოციალიზაციის პროცესში მათი დახმარება. სასპონსორო და საგრანტო დაფინანსების მოპოვება; თბილისელი პარასპორტსმენების მონაწილეობის უზრუნველყოფა საერთაშორისო პარასპორტულ ტურნირებში; კვალიფიციური მწვრთნელ-მასწავლებლების და მენეჯერების მოზიდვა კონკურენტუნარიანი სპორტსმენების აღსაზრდელად. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ინტენსიური საწვრთნელ-სარეაბილიტაციო პროცესი ეტლით ფარიკაობაში, პარამშვილდოსნობაში, პარამკლავჭიდში, ამპუტანტთა ფეხბურთში, პარა მაგიდის ჩოგბურთში, პარაჩოგბურთში, უსინათლოთა ფეხბურთში, ბოჩაში, პარაძიუდოში, მჯდომარე ფრენბურთში, ეტლით მოსარგებლეთა კალათბურთში, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების ფეხბურთში, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების კალათბურთში და წოლჭიმში. პარასპორტის ცენტრის მიზანია დამატებით სხვა პარასპორტული სახეობების განვითარება, შესაბამისად მოხდება მრავალი შშმ პირის მოზიდვა მათი რესოციალიზაციის მიზნით.