დედაქალაქის მერია ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის მიზნით, ორ ახალ ვებპლატფორმას შექმნის

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ეკონომიკური სექტორის - ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური ორ ახალ ვებპლატფორმას შექმნის.

პროექტები ბიზნესაქსელერატორ „სპარკთან“ თანამშრომლობით ხორციელდება, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით, 2019 წლიდან ოპერირებს და რომლის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაა.

პირველი პროექტი ტურიზმის მიმართულებით ახალი ონალაინპლატფორმის შექმნას გულისხმობს, რომელზეც თბილისში რეგისტრირებულ ტურისტულ კომპანიებს საშუალება ექნებათ, კომპანიის საქმიანობისა და მომსახურებების შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე სრულყოფილი ინფორმაცია განათავსონ.

გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა ვებგვერდსა და საინფორმაციო პორტალზე ინფორმაცია ხშირად ძველი ან არასრულია, განახლებული მონაცემებით, ახალი ბაზა შეიქმნება. პროექტის ფარგლებში, ასევე, იგეგმება ინფორმაციის გაზიარება იმ საერთაშორისო ასოციაციებსა და ორგანიზაციებისთვის, რომლებთანაც დედაქალაქის მერია თანამშრომლობს.

ამასთან, ტურიზმის სექტორში პირდაპირ თუ ირიბად მოქმედ პირებსა და ობიექტებს (ტურისტული გიდები, საკვები ობიექტები, ღვინის ბარები, კონცეპტუალური მაღაზიები და ა.შ.) საშუალება ექნებათ, ვებგვერდზე შეთავაზებები, სიახლეები ან ახალი წამოწყების შესახებ ინფორმაცია განათავსონ, რომლის გაცნობაც ფართო საზოგადოებისთვის სურთ და რომლის მიზანიც ტურისტების მოზიდვა და აღნიშნული სექტორის განვითარების ხელშეწყობა იქნება.

მეორე პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ტურიზმის სფეროში დასაქმებულ პირებს კრიზისის მართვასა და ახალი პროექტების განხორციელებაში, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და ტურიზმის სფეროში არსებული კვლევების, ასევე, უახლესი ინფორმაციის გაცნობაში.

ვებგვერდზე შეიქმნება ელექტრონული ბიბლიოთეკა, სადაც ტურიზმის ინდუსტრიის შესახებ სხვადასხვა ტიპის მასალა: ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული კვლევები, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა (UNWTO) და სხვათა ანგარიშები, სასწავლო მასალები, სტატიები და სექტორული სიახლეები განთავსდება. მენტორთა ქსელის საშუალებით, ვებგვერდი ინტერაქციული იქნება.

პლატფორმის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, სხვადასხვა მიმართულებით (კვების ობიექტები, ტურისტული კომპანიები, სასტუმროები, ტრანსპორტი, შემოქმედებითი ინდუსტრია, საცალო ვაჭრობა და ა.შ.), პრობლემური საკითხები განათავსონ, რომელთა გადაჭრისთვისაც პროფესიონალური მხარდაჭერა ესაჭიროებათ. შესაბამისი მიმართულების არჩევის შემდეგ, განმცხადებელს მიენიჭება მენტორი, რომელიც უსასყიდლოდ გაუწევს დახმარებას, მიაწვდის ინფორმაციას, პრაქტიკულ რჩევებსა და რეკომენდაციებს. ვებგვერდზე ასევე, განთავსდება ინფორმაცია საგანმანათლებო ღონისძიებების შესახებ.

აღნიშნული პროექტების განხორციელება შიდა ტურიზმის პოპულარიზაციასა და სექტორში დასაქმებული პირების უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავს მიზნად.

15 მაისი 2020