სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების აქცია გრძელდება

სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების აქციას ამჯერად ბიზნესკომპანიები „აქსის თაუერსი“, X2, „არდი“, „ავერსი“, „გალფი“, „ეფლ სითი“, „კრწანისი ვილა რეზიდენსი“, „გუდ კომპანი“ და „ბადაგონი“ შეუერთდნენ.

თბილისის მერიისა და „საქართველოს წითელი ჯვრის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციის ფარგლებში, კომპანიებმა ხანდაზმულებისთვის გადასაცემი ნობათები ამ მიზნით შერჩეულ სპეციალურ ფართში მიიტანეს. პროცესს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან ილია ელოშვილთან და სოფიო ხუნწარიასთან ერთად დაესწრო.

„ვაგრძელებთ აქტივობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმ კონკრეტული ადამიანებისთვის, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს და დახმარებას ჩვენგან საჭიროებს. ამ პროცესში ჩართულია ბიზნესსექტორი, ასევე, რიგითი მოქალაქეები, რომლებიც როდესაც შედიან სუპერმარკეტებში სურსათის შესაძენად, ასევე ყიდულობენ ჩვენ მიერ „წითელ ჯვართან“ ერთად შერჩეულ პროდუქტს ხანდაზმულთა დასახმარებლად. მინდა, ყველას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. დიდია აქტიურობა, სოლიდარობა და მხარდაჭერა. დღეს აქ წარმოდგენილია რამდენიმე კომპანია: „აქსის თაუერსი“, რომელმაც 1000 ოჯახისთვის მოგვაწოდა საკვები პროდუქტები, ასევე, X2, „არდი“, „ავერსი“, „გალფი“, „ეფლ სითი“, „კრწანისი ვილა რეზიდენსი“, „გუდ კომპანი“ და „ბადაგონი“. დიდი მადლობა ყველას იმ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რომელსაც მათგან ამ დღეების განმავლობაში ვგრძნობთ. მადლობა მათ იმ მოხუცების და შეჭირვებული ოჯახების სახელით, რომელთაც ვეხმარებით“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების კამპანია გრძელდება. ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ. ნობათს, რომელიც როგორც საკვებ პროდუქტს, ისე პირველად საჭიროების ნივთებს მოიცავს, მარტოხელა მოხუცებს „წითელი ჯვრის“ მოხალისეები და გამგეობების თანამშრომლები გადასცემენ, რომელთაც უსაფრთხოების მიმართულებით სპეციალური ტრენინგი აქვთ გავლილი.

08 აპრილი 2020