თბილისის მერის მოადგილემ სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ 71 ოჯახს ნობათები გადასცა

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს გელა ჩივიაშვილთან ერთად, ორხევში მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ 71 ოჯახს ნობათები გადასცა.

მოქალაქეთა დასახმარებლად დედაქალაქის მერიის მიერ წარმოებული კამპანიის ფარგლებში, ინდუსტრიული ჰოლდინგ Ai Group-ის მიერ შეგროვებული ნობათი არამალფუჭებად პროდუქტსა და საყოფაცხოვრებო მოხმარების პირველად საშუალებებს მოიცავს.

„ორხევში მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ 71 ოჯახს არამალფუჭებადი პროდუქტი გადავეცით. მინდა, მადლობა გადავუხადო Ai Group-ს, რომელმაც სოციალური პასუხისმგებლობა აიღო და სხვადასხვა პროდუქტით გვეხმარება. მსგავსი ტიპის აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

Ai Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კახა გულედანმა აღნიშნა, რომ გუშინ, სამგორის რაიონში მცხოვრებ 50 ოჯახს ნობათები უკვე გადაეცა.

„საყოველთაო კრიზისის პირობებში, ჩვენი ერთ-ერთი მიზანია, მოსახლეობამ და განსაკუთრებით მათ, ვისაც სოციალური პრობლემები აქვთ, ბიზნესისა და სახელმწიფოს მხრიდან თანადგომა იგრძნონ. ჩვენ ჩვენი მცირედი წვლილი შეგვაქვს ამ საქმეში და შესაძლებლობების ფარგლებში, მსგავს ღონისძიებას სხვა რაიონებშიც გავარძელებთ“, - განაცხადა კახა გულედანმა.

თბილისის მერია სოციალური საცხოვრისებისთვის დახმარებას მომავალშიც განაგრძობს. შემდეგში ნობათებს ვარკეთილისა და დიდი დიღმის სოციალური სახლების ბინადარი 64 ოჯახი მიიღებს.

31 მარტი 2020