დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა

დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა. დეზინფექცია ჩატარდა საზოგადოებრივი თავშეყრის ძირითად ადგილებში, სადაც გაჩერებები და მეტროსადგურის ამოსასვლელებია.

„ჩავატარეთ თბილისის ქუჩების დეზინფექცია სპეციალური ხსნარებით. ძირითადად, დამუშავდა მოქალაქეების თავშეყრის ადგილები. ეს პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და თბილისის ყველა ქუჩას და უბანს სრულად მოვიცავთ“, - განაცხადა თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, ვიქტორ წილოსანმა.

ღონისძიებას თბილისის მერია და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტო ერთობლივად ახორციელებს. სადეზინფექციო სამუშაოები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკის და სპეციალისტთა ჯგუფების საშუალებით ჩატარდა.

სპეციალური სადეზინფექციო ხსნარები დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ არის რეკომენდებული და აბსოლუტურად უვნებელია მოსახლეობისთვის. ღონისძიება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ტარდება და კორონავირუსის გავრცელების რისკის მინიმუმადე შემცირებას ისახავს მიზნად.
25 მარტი 2020