საკარანტინო სივრცის დატოვების შემდეგ მოქალაქეების რეგიონებში გამგზავრება თბილისის მერიამ უზრუნველყო

თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შექმნილი საკარანტინო სივრცე 38 ადამიანმა დატოვა. 18 ადამიანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში თბილისის მერიის მიერ სპეციალურად გამოყოფილი 4 მიკროავტობუსით გაემგზავრა. საკარანტინო ზონაში მოქალაქეები იტალიიდან დაბრუნების შემდეგ გადაიყვანეს. მოქალაქეები ორი კვირის განმანმავლობაში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ და სრულიად ჯანმრთელები დაუბრუნდენ ოჯახებს.

თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა .

„თბილისის მიკროავტობუსებმა გამოყვეს 4 ავტობუსი, რითიც ეს ადამიანები 4 რეგიონში გადანაწილდებიან. ეს არის იმერეთი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და კახეთი. მადლობა მინდა გადავუხადო მძღოლებსა და იმ კომპანიის თანამშრომლებს, რომლებიც ამ პროცესში არიან ჩართულები. მინდა ყველას ვუსურვო ჯანმრთელობა და იმედია, რომ ძალიან მალე ბევრი ადამიანი დატოვებს საკარანტინო ზონებს“,- განაცხადა ილია ელოშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა სასტუმროებთან ახალი საკარანტინო ზონების შესაქმნელად. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველყოფს კარანტინში მყოფი პირების ტრანსპორტირებას, განთავსებას და სამჯერად კვებას. ადმინისტრაცია ახდენს საკარანტინო ზონების მართვასა და ოპერირებას.
25 მარტი 2020