არასასურსათო მაღაზიებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ღონისძიებების ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში არასასურსათო მაღაზიებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ესწრებოდა.

შეხვედრის მონაწილეებს თბილისის მერმა და ეკონომიკის მინისტრმა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები და ახალი რეგულაციები გააცნეს.

დედაქალაქის მერის განცხადებით, მთავრობა სხვადასხვა ღონისძიებას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს, რათა მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული.

„ეკონომიკის მინისტთან ერთად, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შევხვდით. შეხვედრას სხვადასხვა დარგისა და კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა კიდევ ერთხელ ავუხსენით. იცით, რომ არსებობს გარკვეული სავაჭრო ობიექტების დახურვის რეკომენდაცია, რათა ხალხმრავალ ადგილებს მოვერიდოთ. ჩვენ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ვიღებთ, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ. კიდევ ერთხელ მინდა, ბიზნესსექტორს მადლობა გადავუხადო ამ რთულ პერიოდში თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. ასევე, მინდა დავაიმედო ყველა, რომ ჩვენი, სახელმწიფოს მხრიდან აუცილებლად იქნება მხარდაჭერა და თანადგომა. პირველი და მნიშვნელოვანი დღეს ისაა, რომ ყველა ერთად ღირსეულად გამოვიდეთ ამ უმძიმესი მდგომარეობიდან, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი რეგულაციის თანახმად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის გარდა, როგორებიცაა სასურსათო მაღაზიები, სააფთიაქო, ბენზინგასამართი, საფოსტო გზავნილების ქსელები და საბანკო განყოფილებები, ყველა სავაჭრო ობიექტი დროებით წყვეტს ფუნქციონირებას.

20 მარტი 2020