თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებს ნობათები ურიგდებათ

თბილისის ათივე რაიონის მასშტაბით, ხანდაზმულებს საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარების ნივთები და მედიკამენტები ურიგდებათ.

აქცია, მოხალისეების ინიციატივით, რაიონული გამგეობების დახმარებითა და თბილისის საკრებულოს ჩართულობით მიმდინარეობს. დედაქალაქის მასშტაბით, ნობათების დარიგების პროცესი ხვალამდე გაგრძელდება.

რაიონული გამგეობების თანამშრომლები და მოხალისეები საჭირო პროდუქტებს 370 ოჯახში მიიტანენ. ასევე, ნობათები დაურიგდებათ თბილისის რამდენიმე თავშესაფრის ბენეფიციარებს, მათ შორის თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის მობინადრეებს.

საინიციატივო ჯგუფი “დავეხმაროთ მოხუცებს” სოციალურ ქსელში შეიქმნა, რომლის მიზანიც სოციალურად დაუცველ ხანდაზმულთა საკვებით, მედიკამენტებით და ჰიგიენური საშუალებებით დახმარებაა. საინიციატივო ჯგუფმა საკუთარი სახსრებით შეიძინა 600-მდე ხანდაზმულისთვის საჭირო საკვები, მედიკამენტი, სადეზინფექციო საშუალებები და სხვა.

18 მარტი 2020