თბილისის მერიის განცხადება

 დღეს თბილისის მერიასთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა გამართეს შოუ, რომელშიც საკრებულოს წევრი ირაკლი აბესაძეც მონაწილეობდა. 

ძალიან სამწუხაროა, რომ საკრებულოს წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან აირჩია სრულიად გაუმართლებელი, პოპულისტური და არასაქმიანი მიდგომა თბილისის მთავრობის სხდომაზე მოსახვედრად. მთავრობის სხდომაზე საკითხების დაყენებას თავისი წესები და პროცედურები აქვს, რაც მას არ გაუვლია. 

მიუხედავად ამისა, თბილისის მერი აპირებდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ მიეცა მისთვის შესაძლებლობა, თბილისის მთავრობის წევრებს შეხვედროდა და ესაუბრა იმ საკითხზე, რისთვისაც მერიაში იყო მოსული. 

სამწუხაროდ, ბატონი აბესაძე მერიის შენობასთან სხდომის დაწყების წინ 15 წუთით მოვიდა და უკანვე გაბრუნდა. მისი ეს ქმედება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მას რეალურად არა საკითხის დაყენება თუ მისი გადაწყვეტა აინტერესებს, არამედ დგამს შოუს, არ აინტერესებს იმ ე.წ. უკანონოდ გათავისუფლებულთა ბედი და მათით მანიპულირებს. 

რაც შეეხება ატესტაციის გადავადებას იმ მიზეზით, რომ გათავისუფლებულთა ძალიან მცირე ნაწილმა სასამართლოს მიმართა და მერია მის გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს, ნამდვილად ვერ გავიზიარებთ. ატესტაციის ჩატარების ვადებს გვიდგენს კანონმდებლობა და ჩვენ კანონს ვერ და არ დავარღვევთ. ამასთან, როგორც ჩანს, აბესაძემ არ იცის, რომ იმ ადამიანთაგან, ვისაც სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი, თუ სასამართლო რომელიმე მათგანზე მიიღებს სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილებას, ჩვენ ამ შემთხვევაშიც მოგვიწევს დავემორჩილოთ კანონს.

რაც შეეხება უსაფუძვლო ბრალდებებს, რომ მერიიდან ან მისი სტრუქტურული ერთეულებიდან თანამშრომელთა გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით ხდება, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არის სიცრუე. იმ მოხელეთაგან, ვინც მერიაში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლამდე მუშაობდა,  95% ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას. ამიტომ გათავისუფლების ცალკეული შემთხვევები პოლიტიკურ დისკრიმინაციასთან არანაირ კავშირში არ არის. მათი ნაწილი პირადი განცხადების საფუძველზე, ნაწილი კი ადმინისტრაციული დარღვევების გამო გათავისუფლდა.

08 ოქტომბერი 2014