დედაქალაქის მერი ჭავჭავაძის გამზირზე გზის დახაზვის სამუშაოებს გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, გვიან ღამით ჭავჭავაძის გამზირზე იმყოფებოდა, სადაც თაქთაქიშვილის ქუჩიდან უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე გზის გამყოფი ხაზების, საგზაო მონიშვნებისა და ქვეითთა გადასასვლელების დახაზვის სამუშაოები დაიწყო, ასევე, მოირეცხა ტროტუარები. სამუშაოებს "თბილსერვის ჯგუფი" აწარმოებს.

თბილისის მერის განცხადებით, 8 დეკემბრიდან 8 იანვრამდე ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროცესი დროებით შეჩერდება და ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგება. 8 იანვრიდან კი საგზაო სამუშაოები ვაკის პარკამდე გაგრძელდება.

„ჭავჭავაძის გამზირზე ამჟამად ტროტუარების დასუფთავება მიმდინარეობს, რომლებიც ახალი ფილებით არის მოპირკეთებული. რაც შეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, დარჩენილი მონაკვეთის მოასფალტება ხვალ დილით დაიწყება და დღის ბოლომდე დასრულდება. 8 დეკემბერს ეს მონაკვეთიც დაიხაზება და ჭავჭავაძის გამზირზე გზა გაიხსნება. დაგეგმილი საგზაო სამუშაოები 8 იანვრამდე შეჩერდება. შუქნიშნები დაიდგმება და მოძრაობა აღდგება ისე, როგორც ეს გამზირის რეაბილიტაციამდე იყო. ჩვენ გავაგრძელებთ ტოტუარების მოწესრიგებას და გამწვანების სამუშაოებს. საგზაო სამუშოები კი 8 იანვრიდან განახლდება და ვაკის პარკამდე გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გამზირზე საგზაო სამუშოების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება ახალი წლის პერიოდის გამო მიიღეს, რადგან ამ პერიოდში ქალაქში ავტომანქანების მოძრაობა გადატვირთულია.

ადგილზე თბილისის მერთან ერთად „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე და ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე იმყოფებოდნენ.

07 დეკემბერი 2019