თბილისის მერი კინოფესტივალ „პრომეთეს“ გახსნის ცერემონიას დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩ ჯასტინ მაკკენზისთან ერთად, თბილისის 20-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნის ცერემონიას დაესწრო და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. კახა კალაძემ ფესტივალის სტუმრებს და მონაწილეებს საიუბილეო 20 წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა. მისი განცხადებით, წლებია თბილისის მერია აღნიშნული ფესტივალის მხარდამჭერია.

„თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი იძლევა საშუალებას, რომ კინოში მოღვაწე ნიჭიერმა ახალგაზრდებმა თავიანთი შესაძლებლობები სრულყოფილად გამოავლინონ. მე ვმეგობრობ ბევრ მათგანთან და კარგად ვიცი ის პრობლემებიც, რაც მათ აქვთ. სწორედ ამიტომ, თბილისის მერია გვერდით უდგას და მხარს უჭერს ამ ფესტივალის დამფუძნებლებს და ორგანიზატორებს. როგორც ვიცი, პროგრამა წელსაც გამორჩეული და საინტერესოა,“- აღნიშნა კახა კალაძემ.

კინოფესტივალის გახსნის ღონისძიებას ასევე დაესწრო თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია.

კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება 100-მდე მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ნამუშევრებს წარმოადგენენ დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, შვედეთიდან, ფინეთიდან, იტალიიდან, უკრაინიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ბრაზილიიდან, ჩინეთიდან, ირანიდან და სხვ.

ფესტივალის საპატიო სტუმარია მექსიკელი რეჟისორი - კარლოს რეიგადასი - თბილისის მერიის მხარდაჭერით მისი მასტერკლასები 3-4 დეკემბერს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში გაიმართება.
ქართული პანორამის ჟიურის წევრები არიან: გერმანელი კინოკრიტიკოსები და კინომცოდნეები - ულრიხ და ერიკა გრეგორები, მექსიკელი პროდიუსერი - ნიკოლას სელისი (ოსკაროსანი ფილმის, ალფონსო კუარონის “რომას” პროდიუსერი) , ბრიტანეთის კინოინსტიტუტის (BFI) კრეატიული დირექტორი - ჰეზერ სტიუარტი და არგენტინელი ჟურნალისტი - პაბლო დე ვიტა.

კინოფესტივალი 1 დეკემბერს გაიხსნა და 8 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

01 დეკემბერი 2019