თბილისის მერიის განცხადება ატესტაციასთან დაკავშირებით

თბილისის მერიასა და გამგეობებში ატესტაციის თარიღი მიმდინარე კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.ატესტაციის თარიღის გამოცხადებისთანავე, ტესტების ნიმუში, ატესტაციის წესებთან ერთად, გამოქვეყნდება თბილისის მერიისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდებზე, ასევე, გამოიკვრება მერიაში, საქალაქო სამსახურებსა და რაიონულ გამგეობებში, რათა საჯარო მოხელეები წინასწარ იყვნენ ინფორმირებული, თუ რა სახის ტესტები იქნება ატესტაციაზე.

აქვე, გვსურს გამოვეხმაუროთ თბილისის მერიასა და მუნიციპალიტეტებში თანამშრომელთა ატესტაციასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს იმის თაობაზე, თითქოს საგამოცდო ტესტები წინასწარ დაურიგდა თანამშრომელთა ნაწილს. ამასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ატესტაცია არ ეხება მერიის ადმინისტრაციასა და სხვა საქალაქო სამსახურებში, ასევე, გამგეობებში დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულ პირებს, ვინაიდან, კანონის თანახმად, მათ კონკურსში უნდა მიიღონ მონაწილეობა. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახლად დანიშნული თანამშრომლებისთვის წინასწარ გახდა ცნობილი ტესტები, რათა კარგად მოემზადონ ტესტირებისთვის, არ შეესაბამება სინამდვილეს.

რაც შეეხება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ ტესტების ნიმუშს, ეს არის 2013 წლის ივლისში დუშეთის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე ატვირთული დოკუმენტი, რომლის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: http://www.dusheti.org.ge/?m=4&sm=4&ID=221#Doc221.

15 ოქტომბერი 2014