თბილისის მერი სავაჭრო კომპლექს “სითი მოლი საბურთალო“-ს გახსნის ღონისძიებას დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე სავაჭრო კომპლექს “სითი მოლი საბურთალო“-ს გახსნის ცერემონიას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

კახა კალაძის განცხადებით, მსგავსი პროექტების განხორციელება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია,

„საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ახორციელებენ ქართულ ინვესტიციას, ქმნიან სამუშაო ადგილებს, ხელს უწყობენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას . რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება მხარდაჭერა და თანადგომა, რათა ბიზნესი განვითარდეს. ძალიან მიხარია , რომ თბილისში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, სადაც ერთად იქნება თავმოყრილი დასასვენებელი სივრცე, კინოთეატრი, სავაჭრო ზონა და გასართობი სივრცე ბავშვებისთვის“,- განაცხადა კახა კალაძემ.

"სითი მოლი საბურთალო" თანამედროვე კონცეფციის ახალი სავაჭრო და გასართობი კომპლექსია . 120 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული, ენერგოეფექტური, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისი, მრავალფუნქციური კომპლექსი 200-ზე მეტ უახლესი კონცეფციისა და გამორჩეული კოლექციების მქონე ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების მაღაზიებს, კაფეებსა და რესტორნებს აერთიანებს. კომპლექსში გათვალისწინებულია საქართველოში უდიდესი კინოთეატრი, უნიკალური კონცეფციის მქონე ბავშვთა გასართობი და ბოულინგის ცენტრები, ტექნიკის, ავეჯის, დეკორის, თავის მოვლის საშუალებებისა და პარფიუმერიის, სათამაშოების, წიგნების, სამკაულებისა და სასაჩუქრე მიმართულების ბრენდული მაღაზიები.

ვაჟა-ფშაველას N70-ში მდებარე სავაჭრო ცენტრი, აღჭურვილია მიწისქვეშა ორდონიანი, 1500 ავტომობილზე გათვლილი, ავტოსადგომით.

26 ოქტომბერი 2019