ჰოლივუდის ბლოკბასტერის გადაღება თბილისში

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის „UNIVERSAL PICTURES“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმის „Fast and Furious 9“ (ფორსაჟი 9) ეპიზოდის გადაღება თბილისში 19 აგვისტოს დაიწყება. პროექტთან დაკავშირებით სასტუმრო „სტამბის“ ამფითეატრში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ პროექტში მერიის ჩართულობაზე ისაუბრა.

„ქართული კინოინდუსტრიის განვითარების თვალსაზრისით, პროექტი თავისი მნიშვნელობით უპრეცედენტოა. როგორც იცით, გადაღებების პროცესში ქართული კინოინდუსტრიიდან 400-მდე ადამიანია ჩართული. ასევე, მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისა და თბილისის პოპულარიზაციისთვის. დიდი იმედი გვაქვს, რომ ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, ჩვენს დედაქალაქს რამდენიმე ათასით მეტი ტურისტი ეწვევა. არსებობს სტატისტიკური მონაცემები, მსგავსი ტიპის ბლოკბასტერის გადაღების დროს კონკრეტულ ქალაქებში ტურიზმის ზრდის რა პროცენტული მაჩვენებელია. იმედი მაქვს, საქართველო მოხვდება მნიშვნელოვანი და წამყვანი კინოინდუსტრიების ფოკუსში და ეს არ იქნება პირველი და უკანასკნელი ბლოკბასტერი, რომელსაც საქართველოში გადაიღებენ. რაც შეეხება, თავად ფილმის გადაღების ტექნიკურ მხარეს, სატრანსპორტო სქემები უკვე შეთანხმებულია. მოსახლეობის ინფორმირება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „აწარმოე საქართველოში“ და ფილმის გადამღებ ჯგუფს, რომლებიც გვეხმარებიან და "კარდაკარ"-ის პრინციპით მოსახლეობის ინფორმირებას ახდენენ. რასაკვირველია, გარკვეული შეზღუდვები ფეხით მოსიარულეთათვისაც იქნება. იმედი გვაქვს, მოსახლეობა ამას გაგებით მოეკიდება“, - განაცხადა სოფო ხუნწარიამ.

16 აგვისტო 2019