თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და ტაქსების რეფორმის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, ტაქსის მომსახურების გადახდა მობილური ტელეფონის საშუალებით - QR კოდითაც იქნება შესაძლებელი, რომელიც A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელებს საქართველოს ბანკისგან უფასოდ გადაეცემა.

„ტაქსით მგზავრობის საფასურის გადახდა QR კოდით ხდება შესაძლებელი. ეს არის საქართველოს ბანკის საკმაოდ საინტერესო პროექტი, რომელმაც მოწონება დაიმსახურა. ტაქსით მგზავრობის დროს, ხურდის არარსებობა გარკვეულ დისკომფორტს იწვევს. აღნიშნული კოდი კი, რომელიც A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მქონე მძღოლებს გადაეცემა, პირდაპირ მიბმული იქნება მძღოლის საბანკო ანგარიშთან და გადახდილი თანხა მას ჩაერიცხება. ამ გზით, მძღოლი ერთგვარ საბანკო ისტორიასაც შეიქმნის, რადგან ხშირია შემთხვევა, რომ ტაქსის მძღოლებს არ აქვთ საბანკო ანგარიშები, ისტორია და ეს მათთვის გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, QR კოდი საქართველოს ბანკის აპლიკაციის მეშვეობით მარტივად ფუნქციონირებს, რომლის გადმოწერაც სმარტფონებშია შესაძლებელი.

„ღილაკზე ერთი დაჭერით ირთვება კამერა, რომელიც QR კოდს აფიქსირებს. თავადვე მიუთითებ მგზავრობის თანხას, რომელიც საბანკო ანგარიშიდან ჩამოგეჭრება და პირდაპირ ტაქსის მძღოლის საბანკო ანგარიშზე აისახება. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, კოდი A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მქონე მძღოლებს უფასოდ გადაეცემა. მინდა, საქართველოს ბანკს ამ სიახლისთვის და თანამშრომლებისთვის მადლობა გადავუხადო. დარწმუნებული ვარ, პროცესში სხვა ბანკებიც ჩაერთვებიან და როგორც ტაქსის მძღოლებს, ასევე, ამ სერვისის მომხმარებლებს გარკვეულ პროდუქტებს შევთავაზებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ტაქსის მფლობელებს ვაუჩერების გაცემის ვადის ამოწურვის შესახებ შეახსენა და მათ აღნიშნულ პროცესში აქტიურობისკენ მოუწოდა.

„მინდა, მივმართო ლიცენზიის მქონე ყველა ტაქსის მძღოლს, იაქტიურეთ, რადგან 10 აგვისტოს ვაუჩერების გაცემა იწურება. მთავრობის ყველა სხდომაზე ამასთან დაკავშირებით ვაკეთებთ განცხადებებს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე - taxi.tbilisi.gov.ge-ზე, სადაც დეტალურად მიიღებთ ინფორმაციას, თუ სად არის შესაძლებელი, როგორც ფირის გადაკვრის, ასევე, ქიმწმენდის ვაუჩერების მიღება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა. ზოგადად, როცა სიახლე შემოდის, ძალიან ბევრი ახსნა-განმარტებაა საჭირო, რატომ შემოდის და რა სარგებელს მიიღებს ორივე მხარე. საკმაოდ შრომატევადი სამუშაო იყო და მოგვიწია, ბევრი კომუნიკაციის განხორციელება. მიხარია, რომ ერთხელ და სამუდამოდ ტაქსების სფერო იქნება მოწესრიგებული, როგორც ეს განვითარებულ, ევროპულ ქალაქებშია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მუნიციპალიტეტის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ დედაქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების დროს, უსაფრთხოების რეგულაციების უგულებელყოფის შემთხვევაში, პროვაიდერები და მერიის კონტრაქტორი კომპანიები დაჯარიმდებიან.

თბილისის მერმა მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, გიორგი ბაგრატიონს დაავალა, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, განახორციელოს ყველა პროვაიდერი თუ კონტრაქტორი კომპანიის კონტროლი და რეგულაციების უგულებელყოფის შემთხვევაში, დააჯარიმოს ისინი, რათა ფეხით მოსიარულეები და ავტომანქანის მძღოლები დაცული იყვნენ დაზიანებისგან.

„თქვენც ხედავთ, დედაქალაქში რამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, ხშირად პარალელურ რეჟიმშიც კი. ეს გარკვეულწილად დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას, თუმცა მთავარი შედეგია და იგი მიმართულია დედაქალაქისა და მოსახლეობის კეთილდღეობისკენ. ყველას გვინდა, ხვალინდელი თბილისი იყოს ყველაზე მოწესრიგებული, გამართული ინფრასტრუქტურით, მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემის გარეშე, გამწვანებული და უსაფრთხო. ზოგადად, როდესაც ასეთი მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს ძალიან დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს უსაფრთხოების თემებს. მე, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში მიწევს სამუშაოების დათვალიერება და არის შემთხვევები, როდესაც უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული. მაგალითად, შეიძლება კონკრეტული ადგილი იყოს ამოთხრილი და შემაკავებელი ჯებირები არ იდგეს, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს როგორც ქვეითად მოსიარულეებისთვის, ასევე, მძღოლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მსგავსი ტიპის დარღვევებზე მყისიერი რეაგირება უნდა მოხდეს, კონტრაქტორი კომპანია კი, დაჯარიმდეს.

„მინდა, დავავალო მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, გიორგი ბაგრატიონს, მაქსიმალური ყურადღება გაამახვილოთ ამ მიმართულებით. ჩვენ ყველა კონტრაქტორი გვყავს გაფრთხილებული, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული იყოს. შესაბამისად, ვინც დაარღვევს ამ მოთხოვნებს, მყისიერი რეაგირება მოახდინეთ, არ დაინდოთ არავინ, რადგან ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ადამიანების უსაფრთხოება, მათი სიცოცხლე. ამიტომ, როდესაც ასეთი პროექტები ხორციელდება, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ნორმების დაცვა უნდა იყოს ძალიან მაღალ დონეზე აყვანილი. ჩვენ ამას ვთხოვთ კომპანიებს, რომლებიც კორპუსებს და სასტუმროებს აშენებენ და პირველ რიგში, ჩვენმა კონტრაქტორებმა უნდა დაიცვან უსაფრთხოების წესები. შესაბამისად, დღეიდანვე იმოქმედეთ ამ მიმართულებით და მიიღეთ მკაცრი ზომები, რათა მაქსიმალურად მოწესრიგებული იყოს ეს ყველაფერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერია ცოტნე დადიანის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის დამაკავშირებელი დამატებითი ერთდონიანი გზის მშენებლობის საკითხსაც განიხილავს.

„ჩვენ განვიხილავთ ცოტნე დადიანის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის ერთმანეთთან დაკავშირების საკითხს. იცით, რომ ფრანგული კომპანია „სისტრა“ გვეთანამშრომლება, რათა დედაქალაქში მოწესრიგებული იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მარშრუტების მიმართულება. მათ მოგცეს პროექტის სახით დასამუშავებლად, რამდენად შესაძლებელი იქნება მისი განხორციელება. მინდა, დავავალო ჩემს მოადგილე ირაკლი ბენდელიანს, დაიწყეთ მუშაობა, თუ არის შესაძლებელი ამ პროექტის განხორციელება, რომ დადიანის ქუჩა დავაკავშიროთ თამარ მეფის გამზირთან. შესაბამისად, სატრანსპორტო ნაკადები გადმოვა თამარ მეფის ხიდზე. ამჟამად, ცოტნე დადიანის ქუჩიდან თამარ მეფის გამზირის მიმართულებით პირდაპირი სატრანსპორტო კავშირი არ არსებობს და ვფიქრობთ, ამ გზის მშენებლობა ძალიან მნიშვნელობა იქნება. ალბათ ერთდონიანი პანდუსის პროექტი უნდა განხორციელდეს. ვნახოთ, თუ კვლევები მოგვცემს ამის შესაძლებლობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის რაიონული სერვისცენტრების მოდერნიზება-რეაბილიტაციის სამუშაოები იწყება. სამუშაოების შედეგად, მოქალაქეებს შეეძლებათ, მუნიციპალური სერვისები მათივე რაიონში, კომფორტულ გარემოში მიიღონ.

„როდესაც უფლებამოსილების განხორციელებას შევუდექით, ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო მუნიციპალური სერვისების დახვეწა-გაძლიერება. რაც მთავარია, კომფორტი უნდა შეგვექმნა მოსახლეობისთვის მუნიციპალური სერვისების მიღების თვალსაზრისით. შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს ჰქონდა ეს პროექტი ჩაბარებული და მის განხორციელებას ვიწყებთ. მოსახლეობას თავიანთი რაიონების სერვისცენტრებში ექნება შესაძლებლობა, ყველა ის სერვისი მიიღოს, რაც დღეს მერიაში არსებობს. ჩვენ უკვე გავიარეთ სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები, დასრულდა პროექტირება, დიზაინის მომზადება და როგორც აღვნიშნე, პროექტის განხორციელებას დავიწყებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ვაჟა-ფშაველას გამზირის N83-ის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე არსებული მეტროს 50-ე შახტის რეაბილიტაცია დასრულდა.

„დავასრულეთ რამდენიმე თვის წინ დაწყებული მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. ეს არის ვაჟა-ფშაველას გამზირზე, N83-ში მდებარე მეტროს შახტი, რომელიც გამნიავებლის ფუნქციას ასრულებდა. ათეული წლებია, ეს შახტი სერიოზულ პრობლემას ქმნიდა იმ თვალსაზრისით, რომ შემოღობილი იყო. ამ ტერიტორიაზე განთავსებული იყო შენობა-ნაგებობები და ავტომობილებს უწევდათ შემოვლითი გზით გადაადგილება. პროექტი უკვე დასრულებულია. შახტი თავისი ფუნქციით რჩება, მაგრამ ისეა გაკეთებული, რომ ავტომობილებს მოძრაობა შეუფერხებლად შეუძლიათ, გზის აქცევის გარეშე. ძალიან მალე დავიწყებთ იქ სკვერის მოწყობის პროექტის განხორციელებასაც. გარდა ამისა, დარჩენილია დახაზვითი სამუშაოები, რომელსაც რამდენიმე კვირაში დავიწყებთ. ეს ყველაფერი ძალიან მიხარია, რადგან ბევრი წერილი და მოთხოვნა შემოდიოდა იმასთან დაკავშირებით, რომ გაგვეთავისუფლებინა ეს სივრცე, რათა თავისუფლად ყოფილიყო შესაძლებელი გადაადგილება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კიდევ ერთი დასრულებული პროექტი, რომელსაც კახა კალაძე გამოეხმაურა, გლდანის მე-6 მიკრორაიონში არსებული პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებია. დედაქალაქის მერმა პროექტში ჩართულ თითოეულ ადამიანს მადლობა გადაუხადა.

„არაჩვეულებრივი პროექტი გამოვიდა. ამ ყველაფერში ჩართული იყვნენ ჩემი მოადგილეები და მინდა, მადლობა გადავუხადო მაია ბითაძეს და ირაკლი ბენდელიანს. ასევე, მადლობა მინდა მოვახსენო ყველა იმ ადამიანს, ვინც პირადად იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში - გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს, გიგა გიგაშვილს, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს, გალაქტიონ ბუაძეს, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს, ლევან ჯღარკავას. ძალიან დიდი მადლობა გლდანის გამგებელს, ბექა მიქაუტაძეს, რომელიც გლდანის მე-5 მიკრორაიონში ასევე, კარგ პროექტს ახორციელებს პარკის სახით.

მიხარია, რომ ქალაქში არსებული ბევრი პრობლემის მიუხედავად, ასე ერთიანი ძალისხმევით წინ მივიწევთ, იქმნება მნიშვნელოვანი სივრცეები, მნიშვნელოვანი პროექტები და მერწმუნეთ, რომ ამას საზოგადოება ხედავს. მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი ზოგჯერ ადგილობრივებისთვის დისკომფორტს წარმოადგენს, მოქალაქეები ამასაც გაგებით ეკიდებიან, რადგან ხედავენ, რამდენად მნიშვნელოვანია ამ სამუშაოების წარმოება, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებით, რათა მომავალში ხელახლა არ მოგვიწიოს ახლადრეაბილიტირებული ქუჩების გადათხრა. სწორედ ამიტომ, მადლობა მინდა გადავუხადო საზოგადოებას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, ასევე, მადლიერება გამოვხატო თითოეული ჩემი თანამშრომლის მიმართ, ვინც 24 საათის განმავლობაში მუშაობს, რათა ხვალინდელი თბილისი უკეთესი იყოს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

07 აგვისტო 2019