კახა კალაძე მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, 9 მარტის და დედაენის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, 9 მარტის და დედაენის ბაღების რეაბილიტაციის მიმდინარეობას მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

თბილისის მერის თქმით, ხიდების რეაბილიტაციის შედეგად შეიქმნება ერთიანი კეთილმოწყობილი სივრცე, რომელიც აღმაშენებელსა და ორბელიანის მოედანს ერთმანეთთან დააკავშირებს.

„პროექტი მიმდებარე ტერიტორიების რეაბილიტაცია-განახლებასა და კეთილმოწყობას ითვალისწინებს. დედაენისა და 9 მარტის ბაღები ერთმანეთს გვირაბით დაუკავშირდება. ასევე, აღნიშნულ ბაღებში ახალი ხე-მცენარეები დაირგვება და ტერიტორია სრულად კეთილმოეწყობა.

გარდა ამისა, დაგეგმილია კიდევ ერთი პროექტი დედაენის ბაღიდან ბარათაშვილის ხიდამდე. ეს არის „მტკვართან დაახლოების პროექტი“,   რომლის განხორციელებასაც უახლოეს პერიოდში დავიწყებთ. ანალოგიური პროექტი ბევრ ქალაქშია განხორციელებული. აღსანიშნავია, რომ თბილისის გენგეგმაშიც არის გარკვეული რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, რომ მტკვრის გამოყენება უფრო აქტიურად უნდა მოხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოების ფარგლებში, მშრალი ხიდის განაპირა ბურჯების და თაღის მალის ნაშენის ქვის და აგურის წყობის რესტავრაცია-კონსერვაციის სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, ხორციელდება 9 მარტისა და დედაენის ბაღების სარწყავი სისტემების სარეაბილიტაციო და ბაღებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბის სამშენებლო სამუშაოები.

ამასთან, ამ ეტაპზე ბაღებში ვიდეომეთვალყურეობის ქსელის მონტაჟი, გარე განათების სისტემების სარეკონსტრუქციო სამუშაოები და ზაარბრიუკენის ხიდის მოაჯირების რესტავრაცია მიმდინარეობს.

ზაარბრიუკენის ხიდის ნაწილზე ტროტუარების, სავალი ნაწილის დამცავი ფენის დემონტაჟის შემდეგ, ახალი დამცავი ბეტონის ქვედა ფენის მოწყობა, ჰიდროიზოლაციის სამუშაოების განხორციელება, ტროტუარებზე საკომუნიკაციო გვირაბ-არხების აღდგენა, ტროტუარებზე გრანიტის ქვაფენილების კეთილმოეწყობა, გარე განათების ქსელების, ელექტრომომარაგების ბოძების და საკაბელო არხების სრულად შეცვლა იგეგმება.

პროექტი, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს, მიზნად ისახავს ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახლადრეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას, ტურისტულად მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრის - მშრალი ხიდისა და მიმდებარე არეალის ადაპტაციას სტუმრების და ძირითადი მომხმარებლების მოთხოვნებთან.

იგეგმება რეაბილიტირებული არეალის კეთილმოწყობაც, რაც გულისხმობს მხატვრების გამოფენა-გაყიდვისა და ძველი ნივთებით სავაჭრო სივრცის მოწესრიგებას.

სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 9 მილიონ 679 520 ათას ლარს შეადგენს. პროექტი 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი ალექსანდრე ტოგონიძე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები.

05 ივლისი 2019