ინფორმაცია ტენდერის გამოცხადების წესთან დაკავშირებით

ქ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის მიერ შეწყვეტილ იქნა 31 ინფრასტრუქტურული ტენდერის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–7 მუხლი პირველი პუნქტის გ1 ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმადაც „შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში, ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“.
განხილვის შედეგად, სატენდერო კომისიამ დაადგინა, რომ ახლადაღმოჩენილი გარემოებების გათვალისწინებით, ზემოაღნიშნულ სატენდერო დოკუმენტაციასა და ხელშეკრულების პროექტებში არ იყო გათვალისწინებული რიგი მნიშვნელოვანი პირობები, შესაბამისად, სატენდერო კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა მიმდინარე ტენდერების შეჩერება და ხელშეკრულებების პირობებში მეტი სიცხადის, მხარეთა ვალდებულებების მკაფიოდ განსაზღვრისა და პროექტების მართვის გაუმჯობესების მიზნით, ცვლილებების განხორციელება, კერძოდ:

  • ხარისხის უზრუნველყოფის გარანტია.

სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველა ინფრასტრუქტურულ ტენდერში, მიზანშეწონილია გამოყენებული იქნეს შესრულებული სამუშაოს ხარისხის გარანტია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.  შესაბამისად, სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 5%. დაკავებული 5%-დან 2,5%-ის გადახდა განხორციელდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2,5%-ის გადახდა მოხდება ხარვეზების აღმოფხვრისა და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.

  •  სამუშაოების წარმოების გეგმა–გრაფიკი და მისი შემადგენელი ეტაპები.

სამუშაოების შესრულების ვადა უნდა დაიყოს ეტაპებად. სამუშაოების დაწყებიდან, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს და შემსყიდველთან შეათანხმოს დეტალურად განფასებული შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების გეგმა-გრაფიკი სამუშაოს მოცულობების მითითებით, კალენდარული გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული დაწყებისა და დასრულების ვადების შეუცვლელად, რაც საშუალებას მისცემს შემსყიდველ ორგანიზაციას ხელშეკრულების მოქმედების  ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს კონტროლი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.

  • სანქციები.

სამუშაოების წარმოების გეგმა–გრაფიკის ეტაპებად დაყოფამ და მასში სამუშაოების მოცულობების ასახვამ, მხარეთა მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაძლებელი გახადა  საჯარიმო სანქციების ფორმის, ოდენობისა და გადახდის ვადების დახვეწა. მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა  გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შეუსრულებელი ნაწილის წინასწარგანსაზღვრული პროცენტული ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთანავე,  ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ორჯერ დარღვევის ან სამუშაოს საბოლოო შესრულების ვადის დათქმული ვადით გადაცილების ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ჩამოერთმევა სრულად შემსყიდველის სასარგებლოდ. აღნიშნული მექანიზმის გამოყენება შემსყიდველს საშუალებას მისცემს, სამუშაოების ყველა ეტაპზე, აკონტროლოს მიმწოდებლის მიერ სამუშაოების შესრულების უწყვეტი რეჟიმი და იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ვერ ასრულებს მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, შემსყიდველს შეუძლია დროულად  მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ.

  • საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება.

უმეტეს შემთხვევაში, (სამუშაოების მოცულობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე) მიმწოდებელმა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე საკუთარი ხარჯებით უნდა წარმოადგინოს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს მიერ გაცემული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა. შემსყიდველის მხრიდან შესრულებული სამუშაოები დასრულებულად ჩაითვლება მხოლოდ მიმწოდებლის მიერ სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს დადებითი დასკვნის წარმოდგენის შემდგომ.

  • ხელშეკრულების შესრულების გარანტია.

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო მიმწოდებლის მიერ წარმოსადგენი ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტის ოდენობა 2%-იდან გაიზარდა  5%-მდე.

  • ანგარიშსწორების პირობები.

წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსის) გამოყენების შემთხვევაში, პრეტენდენტებისთვის თვალსაჩინო უნდა გახდეს ამ თანხების დაკავების მექანიზმი. წინასწარი გადახდის თანხების (ავანსი) დაკავება ხორციელდებოდა „ქ. თბილისის ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებებიდან ფაქტობრივი ხარჯების გაწევამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასწარ გადახდილი სახსრების დამოწმების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 14 იანვრის №01.11.11 დადგენილების შესაბამისად, თუმცა ამის შესახებ პრეტენდენტებისათვის ტენდერის მიმდინარეობის ეტაპზე არ იყო ცნობილი, მიმწოდებლისათვის ავანსის გამოქვითვის ზემოაღნიშნული მეთოდის შესახებ ცნობილი ხდებოდა, უშუალოდ, მიღება–ჩაბარების აქტის წარმოდგენის საფუძველზე ანგარიშსწორების განხორციელებისას, როცა მას სამუშაოების გასაგრძელებლად ჩაერიცხებოდა იმაზე ნაკლები თანხა, ვიდრე ჰქონდა გათვალისწინებული.

  • ინსპექტირება–კონტროლის ხელშეწყობა სამუშაოების მაღალხარისხოვნად ჩატარების მიზნით.

მიმწოდებლის მხრიდან  შესასრულებელი სამუშაოების მაღალხარისხოვნად წარმოების მიზნით, ხელშეკრულების შესრულების კონტროლის (ინსპექტირების) ეტაპზე ამ უკანასკნელმა საკუთარი რესურსებით უნდა უზრუნველყოს შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) ჩატარებისათვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებებითა და სხვა სამუშაო პირობებით. კერძოდ:

ა) მიმწოდებელი ვალდებულია ფორმა №2-თან ერთად წარმოადგინოს სამუშაოების მიღების საშემსრულებლო ნახაზები აბსოლუტურ ნიშნულებში (x, y, z), სამშენებლო მასალების წარმოშობისა და ხარისხის სერთიფიკატები;

ბ) მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით აწარმოოს სამუშაოების ხარისხის კონტროლი და ზედამხედველობა, კერძოდ: შესრულებული სამუშაოთა მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, მოქმედი სამშენებლო ნორმების შესაბამისად, შემსრულებელი ვალდებულია, მასალების გამოცდისათვის საჭირო სპეციალიზირებულ ლაბორატორიაში, ჩაატაროს გამოსაყენებელი მასალების (ასფალტბეტონის, ცემენტბეტონის, ღორღის,  ქვიშის, მინერალური ფხვნილის, ბიტუმის, გრუნტების და სხვა) ხარისხის ყველა საკონტროლო ლაბორატორიული გამოცდები და შემოწმებები მათი გამოყენების ვარგისიანობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამუშაოების შესრულების დროს, შემსრულებელი ვალდებულია წარმოადგინოს  გამოყენებული მასალების (ასფალტბეტონის, ცემენტბეტონის, ღორღის, ქვიშის, მინერალური ფხვნილის, ბიტუმის, გრუნტების და სხვა) ლაბორატორიული დასკვნები და რეცეპტები, მათი  ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებსა და ნორმებს. მიმწოდებელი ვალდებულია ისარგებლოს მარტო იმ ასფალტობეტონის ქარხნით, რომლის მიერ გამოშვებულ პროდუქციას ექნება ლაბორატორიული დასკვნა ამ ქარხნის პროდუქციის გამოყენების ვარგისიანობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში სამუშაოები არ იქნება მიღებული.

მასალები უნდა ინახებოდეს დახურული წესით, გარდა იმ მასალებისა, რომელიც ნორმების მიხედვით ინახება ღია ცის ქვეშ.

ამასთანავე, გარდა ზემოაღნიშნული ძირითადი ცვლილებებისა, შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი სამსახურების მიერ გადაიხედა  და დაიხვეწა ყველა ტენდერის ტექნიკური დავალება.

სატენდერო კომისიამ, სწორედ აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, გამოაცხადა სხვადასხვა ტენდერი, მათ შორის ქ. თბილისში, ზაჰესის დასახლებასთან არსებული სარკინიგზო გზაგამტარისა და ხიდი-აკვედუკის სარეკონსტრუქციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისა და ქ. თბილისში, წინამძღვრიშვილის (ზაჰესი) ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის ტენდერი, რომელთა ნახვა შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელეტრონული სისტემის ვებ–გვერდზე შემდეგ მისამართბეზე:

თქვენთვის საჭირო ყველა ინფორმაცია ამ ეტაპზე მიმდინარე ტენდერების შესახებ (მათ შორის სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია) შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ ბმულებზე:

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=124392&lang=ge

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=124390&lang=ge

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=124389&lang=ge

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=124387&lang=ge

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=124386&lang=ge

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=124270&lang=ge

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=124269&lang=ge

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=124268&lang=ge

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=124267&lang=ge

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=124146&lang=ge

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=124145&lang=ge

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=124144&lang=ge

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=124143&lang=ge

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=124026&lang=ge

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=124010&lang=ge

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=123614&lang=ge

 

დამატებით გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში გამოცხადდება ყველა ის ინფრასტრუქტურული ტენდერი, რომლის შეწყვტის აუცილებლობაც დადგა ზემოთმოყვანილი გარემოებების გამო.

22 სექტემბერი 2014