ისნის რაიონში ახალი გზის მშენებლობა მიმდინარეობს

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ახალი გზის მშენებლობა დაიწყო. საგზაო სამუშაოების საწყის ეტაპს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი, გვერდმიმღებები და ხელოვნური ნაგებობები მოეწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალი გზა დავითაიას ქუჩას მერვე ლეგიონის დასახლებასთან, მთისძირის ქუჩასთან დააკავშირებს.

„ისნის რაიონში, დავითაიას ქუჩაზე ახალი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აქ მანამდე ძალიან პატარა, ვიწრო გრუნტის გზა იყო, რომლით სარგებლობაც ადგილობრივებისთვის პრობლემას წარმოადგენდა. პროექტის დასრულების შემდეგ, დავითაიას ქუჩა პირდაპირ მეტრომშენისა და მერვე ლეგიონის დასახლებებს დაუკავშირდება და ამ კვანძით კახეთის გზატკეცილსა და თბილისის ზღვაზე გადასვლა მარტივად გახდება შესაძლებელი. საკმაოდ საინტერესო პროექტია. გზის სიგრძე ერთ კილომეტრს აჭარბებს, სამუშაოები კი მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამშენებლო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „ბლექ სი ჯგუფი“ განახორციელებს. ახალი გზის მშენებლობაზე 2 500 000 ლარი დაიხარჯება.

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ირაკლი აბუსერიძე და ლევან დავითაშვილი იმყოფებოდნენ.

24 ივნისი 2019