თბილისის მერიის განცხადება

გვსურს, გამოვეხმაუროთ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, თბილისში მდებარე პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამი ცენტრის თანამშრომლების დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. აღნიშნულ განცხადებაში, სხვადასხვა სახის ავტოტრანსპორტთან ერთად, მოხსენიებულია დედაქალაქში მოძრავი ე.წ. ყვითელი ავტობუსები.

როგორც გამოძიების შედეგად დადგინდა, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლების მხრიდან რაიმე სახის ჩარევას ადგილი არ ჰქონია და დანაშაულებრივი ქმედება ან რაიმე სახის გადაცდომა არ გამოვლენილა.

ჩვენთვის უცნობია, რის საფუძველზე გასცემდნენ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის თანამშრომლები ყალბ საბუთებს და იმედი გვაქვს, ამას გამოძიება დაადგენს.

შევახსენებთ საზოგადოებას, რომ თბილისის მერიის მთავარი პრიორიტეტი სატრანსპორტო პოლიტიკა და დედაქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ზრუნვაა. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა და დაიწყო მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროცესი.

თბილისის მერია ყოველთვის გამოდიოდა და დღესაც გამოდის ტექნიკური დათვალიერების ზომების გამკაცრების წინადადებით, რადგან ყოველი გაუმართავი ავტოტრანსპორტი დიდ დარტყმას აყენებს დედაქალაქს.

10 მაისი 2019