თბილისის მერია შშმ პირთა დღის ცენტრების თანადაფინანსებას იწყებს

თბილისის მერია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრების 18 წლის ასაკის ზემოთ ბენეფიციარებს დაეხმარება. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა და თბილისის შშმ პირთა 11 დღის ცენტრის ხელმძღვანელმა 2 ივნისს თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. 

გელა ჩივიაშვილის განცხადებით, 2015 წლის ივნისიდან თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური „შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში“ 101 ბენეფიციარის „დღის ცენტრებით“ სარგებლობას ვაუჩერული ფორმით დააფინანსებს, რისთვისაც ყოველთვიურად 5 600 ლარი გამოიყოფა. 

„დღის ცენტრების“ ხელმძღვანელთა განცხადებით, შშმ პირთა დღის ცენტრების სახელმწიფო ქვეპროგრამის ფარგლებში, 2015 წლიდან ჯანდაცვის სამინისტრო 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარებს 100%-ით, ხოლო 18 წლის ზემოთ დიფერენცირებულად აფინანსებს. კერძოდ, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირები 100%-იან დაფინანსებას იღებენ, ხოლო სხვა დანარჩენი პირები - 75%-ს. დარჩენილი 25%-ის დაფარვის თხოვნით თბილისის მერიას დახმარებისთვის დღის ცენტრების ხელმძღვანელებმა მშობლების თხოვნის საფუძველზე მიმართეს. 

თბილისის მერიასა და დღის ცენტრებს შორის გაფორმებული მემორანდუმის შემდეგ მომსახურება გაუმჯობესდება და ბენეფიციარებს სრულყოფილი სერვისი მიეწოდება.

02 ივნისი 2015