თბილისის მერიის განცხადება

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკში მიმდინარეობს ჯანსაღი ხეების ჭრა. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დაახლოებით 10 დღეა დაიწყო აღნიშნული პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები. რეაბილიტაციის პროექტის დენდროლოგიური ნაწილი ითვალისწინებს ზეხმელი და დაავადებული ხეების სანიტარიულ ჭრას და მათ ჩანაცვლებას ჯანსაღი, დიდი ზომის ხეებით.

პარკის ტერიტორიაზე დაგეგმილია 10 000 ძირი ხე-მცენარის დარგვა. მათ შორისაა, 774 ძირი ხე და 665 ძირი ბუჩქი. გარდა ამისა, 7880 ძირი მცენარე გამოყენებული იქნება 1600 მეტრამდე სიგრძის ცოცხალი ღობის შესავსებად, ხოლო 390 ძირი მცენარით შეიქმნება 78 მეტრის სიგრძის კიდევ ერთი ცოცხალი ღობე. დენდროლოგიური პროექტი ითვალისწინებს ვერტიკალურ გამწვანებასაც 280 ძირი სუროთი და 11 ძირი გლიცინიათი.

პარკის ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 71 313 კვადრატული მეტრია, მოეწყობა საბავშვო და სპორტული მოედნები, სამაგიდო თამაშების და შინაური ცხოველების სასეირნო არეალები, ღია საგამოფენო სივრცე და ამფითეატრი და ე.წ. მშრალი ტიპის შადრევანი. ასევე, პარკის ირგვლივ ველო და სარბენი ბილიკი გაკეთდება. პარკის ტერიტორიაზე განხორციელდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და დაირგვება 850-მდე სხვადასხვა სახეობის მცენარე. ასევე, განახლდება ცოცხალი ღობეები და მოეწყობა განათება. პროექტის ღირებულება 4 722 237 ლარს შეადგენს.

16 აპრილი 2019