თბილისის მერის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის ორდღიან ღონისძიებაში - Day of Cities

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, 8-9 აპრილს, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ქალაქ ჟენევაში, სადაც მონაწილეობა მიიღო Day of Cities ორდღიან ღონისძიებაში. ღონისძიებაში ევროპის ქალაქების მერები და მერის მოადგილეები მონაწილეობდნენ. ღონისძიების ფარგლებში, დედაქალაქის მერის მოადგილე სიტყვით გამოვიდა სესიაზე - Planning Sustainable Infrastructure and Cities for the Future: Notable Projects and Initiatives.

მაია ბითაძემ საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა თბილისის მდგრადი ურბანული განვითარების მიზნით, მერიის მიერ შემუშავებულ მიდგომაზე, რომელიც ურბანულ განვითარებას, ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას, გარემოს დაცვას, ჰაერის დაბინძურების პრევენციას ისახავს მიზნად და შესაბამისობაშია მდგრადი განვითარების მიზნებთან. მერის მოადგილემ ისაუბრა ქალაქების როლსა და ადგილობრივი ხელისუფლებების პასუხისმგებლობაზე მდგრადი განვითარების პროცესში და აღნიშნა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს მნიშვნელოვანი ბერკეტები იმისთვის, რომ სათანადო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მეშვეობით მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების სტილი მდგრადი განვითარების შესაბამისი გახადოს.

მაია ბითაძემ, ასევე, მონაწილეობა მიიღო UNECE-ის და ჟენევის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ პარალელურ ღონისძიებაში თემაზე: Sustainability Education for Future Urban Leadership”. ახალგაზრდების ურბანული განათლების თემისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მერის მოადგილემ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დედაქალაქის უნივერსიტეტებში ურბანული დაგეგმარების ფაკულტეტების არარსებობა დაასახელა.

ამასთან, მერის მოადგილემ ქალაქის ურბანული განვითარების საკითხების მიმართ ახალგაზრდების მხრიდან გამოხატულ ინტერესზეც ისაუბრა და მაგალითად თბილისის მერიის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმის „შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში მათი აქტიურობა მოიყვანა.

ვიზიტის ფარგლებში მაია ბითაძე, ასევე, დაესწრო UNECE-ის 68-ე სესიას, სადაც მრგვალი მაგიდის ფორმატის ერთ-ერთ შეხვედრას უწევდა მოდერატორობას. შეხვედრის მთავარ თემას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში UNECE-ის სამართლებრივი ინსტრუმენტების როლი წარმოადგენდა.

10 აპრილი 2019