თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

თბილისის მერი პირველ რიგში, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილების საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ დღეს საცხოვრებელი ფართებით ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე დასახლებაში დამატებით, 57 ოჯახი დაკმაყოფილდება.

„კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილების შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. 3 000-მდე ოჯახია დაზარალებული, რომელთაც პირობა მივეცით, რომ აღნიშნულ პრობლემას აუცილებლად მოვაგვარებდით. მახსოვს, არჩევნების წინ უამრავ ადამიანს ვხვდებოდი, უამრავი ადამიანი მოდიოდა ამ პრობლემით. გულწრფელად ვიტყვი, რომ არავის სჯეროდა, რომ ჩვენ ამ პროექტის განხორციელებას და აღნიშნული პრობლემის მოგვარებას დავიწყებდით. დღეს, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 57 ოჯახს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე დასახლებაში, საცხოვრებელ ფართებს გადავცემთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ოჯახების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი დაბალი სარეიტინგო ქულაა.

„ერთდროულად ყველა ოჯახის დაკმაყოფილება ვერ მოხდება. ამიტომ, მათი შერჩევის მთავარი კრიტერიუმი დაბალი სარეიტინგო ქულაა. ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, პირველ ეტაპზე, იმ ადამიანებისთვის მოხდება ბინების გადაცემა. ჩვენ ასევე, გამოცხადებული გვაქვს ინტერესთა გამოხატვა სხვადასხვა ადგილზე და მომდევნო თვეების განმავლობაში, როდესაც ეს კორპუსები აშენდება, ფართებით დაახლოებით, 300 ოჯახის დაკმაყოფილება მოხდება. მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც საცხოვრებელ ფართებს წლების განმავლობაში ელოდებოდა და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიქნებით ის მთავრობა, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს. ასევე, მინდა, იმ 57 ოჯახს მივულოცო, რომელსაც საცხოვრებელ ფართებს დღეს გადავცემთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებისა და მეტროსადგურების მოდერნიზების საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, თბილისის მეტროში ოთხი ახალი შემადგენლობის დამატების მიზნით, ტენდერი გამოცხადდა, რომლის ღირებულებაც 20 მილიონი ლარია.

„დედაქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, როგორც ავტობუსების განახლება, ასევე, მეტროს ვაგონებისა და სადგურების რეაბილიტაცია, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. დღეს ვაცხადებთ ტენდერს მეტროს ოთხი ახალი შემადგენლობის დამატების მიზნით, რომლისთვისაც 20 მილიონი ლარია გამოყოფილი. ჩვენი მიზანია, რომ განსაკუთრებით პიკის საათებში, მოცდის დრო სამ წუთზე ნაკლები გავხადოთ, ხოლო მეტროს სადგურები და ვაგონები რეაბილიტირებული და განახლებული იყოს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ბოლო დროს მეტროში არსებულ მდგომარეობასთან და ვაგონების დაზიანებებთან დაკავშირებით, ინფორმაცია ხშირად ვრცელდება, თუმცა მსგავსი შემხვევები წლების წინაც ხდებოდა.

კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობის მიზანია, რომ მსგავსი პრობლემები მთლიანად აღმოიფხვრას და თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოწესრიგდეს.

„ბოლო დღეების განმავლობაში, ძალიან აქტიურად ვრცელდება ფოტოები და ინფორმაციები მეტროში არსებულ სიტუაციასთან და ვაგონების მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით. ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემაა, რომელიც დღეს და გუშინ არ დაწყებულა. წლების განმავლობაში, თანხები სწორად არ იყო მიმართული, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო. 2018-2019 წლებში 100 მილიონი ლარი დაიხარჯება, როგორც მეტროს ვაგონების რეაბილიტაციის, ასევე, სიგნალიზაცია-ვენტილაციის პროექტის განხორციელებისთვის. აქედან 70 მილიონი ლარი დედაქალაქის ბიუჯეტიდან გამოიყო, ხოლო 15 მილიონი დოლარი აზიის განვითარების ბანკისგან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მეტროში დაზიანებების შესახებ არსებულ სტატისტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში მგზავრთა ნაკადი გაზრდილია.

„2017 წელს დაფიქსირდა 326 დაზიანება, მათ შორის, მგზავრების ევაკუაციის 95 შემთხვევა; 2018 წელს იყო 305 დაზიანება, მათ შორის, მგზავრების ევაკუაციის 92 შემთხვევა; 2019 წელს კი გვაქვს 100 შემთხვევა, მათ შორის, მგზავრების ევაკუაციის 26 შემთხვევა. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ მგზავრების რაოდენობა გაზრდილია. მაგალითად, 2016 წელს დღეში მგზავრის საშუალო რაოდენობა იყო 273 000, ხოლო 2019 წელს ეს მაჩვენებელია 100 ათასით გაიზარდა. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული გამოწვევა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველანაირად მოწესრიგებული იყოს, როგორც ავტობუსები, ასევე, მეტროს ვაგონები და სადგურები. ამდენი ხნის განმავლობაში, რამდენიმე ჩამონგრეული მეტროს სადგური ვერ გავაკეთეთ გარკვეული პრობლემების გამო - ხან პროექტი არ ვარგა, ხან ისეთს მოგვაწვდიან, რომლის გაკეთებაც უბრალოდ სირცხვილია, ხან კიდევ ტენდერი ვარდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მერის მოადგილეს მიმართა, რომ მეტროს სადგურების რეაბილიტაციის მიზნით, პირდაპირი წესით შესყიდვები რაც შეიძლება სწრაფად გამოცხადდეს.

„ჩემი თხოვნაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოაცხადოთ პირდაპირი წესით შესყიდვები. ამას საზოგადოება უყურებს, ერთი წელი გავიდა და „ვარკეთილის“ ჩამონგრეული ჭერი ვერ გაგვიკეთებია, რაც სირცხვილია. ვიმოქმედოთ სწრაფად და ხარისხზე ორიენტირებული ვიყოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ საავტობუსო ზოლებსა და ველობილიკებზე უსაფრთხოების კამერების განთავსების აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, ოთხი მილიონი ლარი დაიხარჯება. თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ე.წ. ჭკვიანი კამერების დასამონტაჟებლად, ტენდერი გამოცხადდება.

მისი თქმით, „ჭკვიანი კამერები“ ქალაქის ასეულობით წერტილში დამონტაჟდება, რომელიც დარღვევების დაფიქსირებასა და დამრღვევი პირებისთვის შესაბამისი სანქციების გამოწერას უზრუნველყოფს.

„მოძრაობის უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისა და ველობილიკებზე მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, საავტობუსო ზოლებზე და ველობილიკებზე უსაფრთხოების კამერების დაყენების მიზნით, ტენდერს ვაცხადებთ. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს ვცდილობთ, ევროპული სტანდარტი დავნერგოთ, რადგან წინააღმდეგგ შემთხვევაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მხოლოდ ახალი ავტობუსების შეძენით ვერ მოგვარდება. ქალაქში საცობების თვალსაზრისით, სერიოზული პრობლემაა. სწორედ ასეთი პროექტებითაა შესაძლებელი, არსებული პრობლემა მოგვარდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მაგალითისთვის კოსტავა-შარტავას ქუჩები მოიყვანა, სადაც აღნიშნული თვალსაზრისით ვითარება მოწესრიგებულია, თუმცა მისივე თქმით, ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ავტომფლობელები ავტობუსის სავალ ნაწილზე გადადიან ან ველობილიკებზე აპარკინგებენ, რაც აღნიშნულ ინფრასტრუქტურას პრაქტიკულად, აზრს უკარგავს.

მთავრობის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლის პოზიციაზე კიდევ ექვსი ქალი დასაქმდა. ექვსივე მათგანმა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ გადამზადების შესაბამისი პროგრამა წარმატებით გაიარა.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ დამატებით, ექვსი ქალი დასაქმდა. მათ დანარჩენი ქალი მძღოლების მსგავსად, გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს, რომელსაც „სატრანსპორტო კომპანიისა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დახმარებით ვახორციელებთ. აღნიშნული გადამზადების პროგრამა დღეისთვის, 21 ქალს აქვს გავლილი. მათ D კატეგორიის მართვის მოწმობაც აიღეს. ქალი მძღოლები დედაქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებს იმ ახალი მუნიციპალური ავტობუსებით მოემსახურებიან, რომლებიც თბილისში უახლოეს დღეებში ჩამოვა. მათი ნაწილი კი უკვე ჩამოსულია“, - განაცხადა თბილისის მერმა.  

კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ბიბლიოთეკების რეფორმის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება. დედაქალაქის მერმა ბიბლიოთეკების თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ აღნიშნული რეფორმის შედეგად, ისინი მუშაობას უფრო ღირსეულ გარემოში გააგრძელებენ.

„ჩვენ ვიწყებთ ახალ პროგრამას, რომელიც ბიბლიოთეკების მედიათეკებში გადატანას გულისხმობს. დღეს ბიბლიოთეკებში არსებული სიტუაცია ნამდვილად არ არის სახარბიელო. მკითხველს იქ მისვლისა და წიგნის წაკითხვის არანაირი სურვილი არ გაუჩნდება. ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს. გვახსოვს, ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს, ადგილი ჰქონდა თანამშრომლების სამსახურიდან გაშვებას. ბიბლიოთეკების თანამშრომლების წინაშე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მათ სამსახურიდან არავინ გაუშვებს. ბიბლიოთეკარები მუშაობას უფრო კარგ და სუფთა გარემოში გააგრძელებენ“, - განაცხადა თბილისის მერმა.  

მთავრობის სხდომაზე მერის მოადგილე სოფია ხუნწარიამ ბიბლიოთეკების რეფორმის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ რეფორმის მთავარი მიზანი ბიბლიოთეკების კულტურის ცენტრებად ქცევა და იქ მკითხველთა რაოდენობის გაზრდაა.

მისივე თქმით, დედაქალაქს დიდ დიღომსა და ვარკეთილში მალე ორი მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა შეემატება.

„მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო, ბიბლიოთეკებში მიმდინარე რეფორმას. ამ კვირაში სრულდება რეფორმის პირველი ეტაპი, რაც ბიბლიოთეკების - ა(ა)იპ მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებში ადაპტირებას გულისხმობს, სადაც უკვე სამი მედიათეკა გაერთიანდა. შედეგად, ორი დამოუკიდებელი სტრუქტურა ერთ სტრუქტურად უნდა ჩამოყალიბდეს. მინდა ვთქვა, რომ არ იგეგმება თანამშრომლების გაშვება და ჩვენთან თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში, ყველა ბიბლიოთეკარი საკუთარ სამუშაო ადგილს შეინარჩუნებს. აქვე მსურს, გამოვეხმაურო ოპონენტებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ ვაპირებთ ბიბლიოთეკების ნგრევას, რაც, რა თქმა უნდა, არასწორი ინფორმაციაა. თბილისს კიდევ ორი ახალი ბიბლიოთეკა შეემატება. ეს იქნება მულტიფუნქციური შენობები დიდ დიღომსა და ვარკეთილში, სადაც შენობის უმთავრესი ნაწილი, სწორედ მედიათეკას ეთმობა. ვფიქრობ, ჩვენი რეფორმა წარმატებით დასრულდება და ჩვენ ჩვენს ბიბლიოთეკარებთან ერთად, მკითხველთა რაოდენობის გაზრდას შევძლებთ“, - განაცხადა სოფია ხუნწარიამ.

ბოლო საკითხი, რომელზეც თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებია. აღინიშნა, რომ ხიდის რეაბილიტირებულ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა ხვალიდან აღდგება.

„ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი სრულდება. თავდაპირველად, სატრანსპორტო მოძრაობა რეაბილიტირებულ ნაწილზე აღდგება. შემდეგ უკვე გადავალთ მეორე ეტაპზე, რომელსაც ასევე მოვაწესრიგებთ. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ხარისხია, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ზოგადად, ჩვენი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია ის მიდგომა, რომ იმ პროექტებმა, რომელსაც ვახორციელებთ, ათეულ წლებს უნდა გაუძლოს. სხვანაირად შეუძლებელია და თანხის წყალში გადაყრა გამოგვივა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.

10 აპრილი 2019