ილია ელოშვილი პოლონეთის ქვემო სილეზიის დელეგაციას შეხვდა

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ პოლონეთის ქვემო სილეზიის მარშალს, სეზარ პრჟიბილსკისა და მის თანმხლებ დელეგაციას უმასპინძლა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი თბილისსა და ქალაქ ვროცლავს შორის ურთიერთობის გარღმავებასა და თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. გამოითქვა ორმხრივი სურვილი, სხვადასხვა მიმართულებით, ქალაქებს შორის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები განიხილონ.

„პოლონეთი საქართველოს დიდი მეგობარია. შესაბამისად, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც დაახლოებისკენ გადაიდგმება, ძალიან მნიშვნელოვანია. მით უფრო, როდესაც საუბარია ორი ასეთი ისტორიული ქალაქის დამეგობრებაზე. თბილისი გახსნილია ასეთი თანამშრომლობისთვის. რაც შეეხება თანამშრომლობის სფეროებს, ბევრ შესაძლებლობას ვხედავ, რადგან თბილისი შესაძლებლობების ქალაქია“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

თავის მხრივ, სილეზიის მხარის მარშალმა (გუბერნატორმა) მზადყოფნა გამოთქვა, მუნიციპალიტეტის მთავრობას იმ პროცესების სწორად წარმართვაში გამოცდილება გაუზიაროს, რომელიც ვროცლავმა წარმატებით გაიარა.

შეხვედრის ბოლოს, დელეგაციის წევრებმა თბილისის მერი და მერიის წარმომადგენლები სილეზიის მხარეში მიიპატიჟეს.

20 მარტი 2019