თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

თბილისის მერიამ დედაქალაქში დამატებით ის 12 ქუჩა განსაზღვრა, სადაც მიკროავტობუსებს გაჩერება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილებში შეეძლებათ. კერძოდ, მიკროავტობუსები გაჩერებას ქეთევან დედოფლის, თამარ მეფის, აკაკი წერეთლის, დავით გურამიშვილისა და გრიგოლ რობაქიძის გამზირებზე, ასევე, ნუცუბიძის, ცოტნე დადიანის, სულხან ცინცაძის, ვაჟა ჩაჩავას ქუჩა, პეტრე ქავთარაძის, აწყურისა და ჯავახეთის ქუჩებზე მხოლოდ გაჩერებებზე შეძლებენ.

„ზუსტად ერთი წლის თბილისის მერიამ მიკროავტობუსებისთვის რეგულაციები აამოქმედა. ადრე, მიკროავტობუსებს ჰქონდათ უფლება და შესაძლებლობა, სადაც მოესურვებოდათ, ყველგან გაეჩერებინათ. ეს ქალაქში ყველანაირი თვალსაზრისით, პრობლემას წარმოადგენდა. ჩვენ შარშან, როდესაც ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ, 14 ცენტრალური ქუჩა შევარჩიეთ. ეს იყო ერთგვარი საპილოტე პროექტი და მიკროავტობუსების მძღოლები დავავალდებულეთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილებში გაეჩერებინათ. ამ რეგულაციებმა გაამართლა. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ანალოგიური მიდგომა დამატებით, 12 ცენტრალურ ქუჩაზე გავრცელდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, გზის ნებისმიერ მონაკვეთში მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერება მოქალაქეებს უბიძგებს, ქუჩა საფრთხის შემცველ მონაკვეთებშიც გადაჭრან, რაც პირველ რიგში, მათი უსაფრთხოებისთვის და ზოგადად, მძღოლებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

„ძალიან ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდებოდა აღნიშნულის გამო და საცობების თვალსაზრისითაც, დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ეს ყველაფერი უნდა დავარეგულიროთ და მისი მოწესრიგება ეტაპობრივად უნდა მოხდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, დღეს კიდევ 27 ოჯახს გადაეცემა. მათგან 22 ოჯახი წლებია, მუხაძის ქუჩის მიმდებარედ ცხოვრობს, დანარჩენი ხუთი ოჯახი კი - პოლიტკოვსკაიას N48-ში, ვარკეთილი 3-ის მესამე მიკრორაიონში, ჟორესის ქუჩა N13-ში, მუხიანის დასახლების პირველი მიკრორაიონის N1 კორპუსსა და ოცხელის ქუჩის N4-ში.

„ჩვენ ეს პროგრამა დაწყებული გვაქვს. უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც მერია ამ ადამიანებს ხელს უწყობს და თანადგომას უცხადებს. ძალიან მიხარია, რომ დღეს 27 ოჯახს ვაბედნიერებთ. მათ დაუკანონდებათ ის საცხოვრებელი ფართები, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. მინდა, მივულოცო ამ ოჯახებს. მათ უკვე საკუთრებაში ექნებათ საცხოვრებელი ფართები, სადაც წლებია ცხოვრობენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა 3D რუქაზეც ისაუბრა, რომელიც დედაქალაქს უახლოეს მომავალში ექნება. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა და გამარჯვებულმა კომპანიამ მუშაობა პირველი მარტიდან დაიწყო.

„თბილისს მალე 3D რუქა ექნება, რომლის ნახვაც მოქალაქეებს შეეძლებათ. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ტენდერი და გამარჯვებული კომპანია მუშაობას პირველი მარტიდან შეუდგა. საბოლოო პროდუქტი მერიას დაახლოებით, ივლისში ჩაბარდება. აღნიშნულ მონაცემებს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურები თავის საქმიანობაში გამოიყენებენ. „გუგლის“ რუქისგან განსხვავებით, აღნიშნული 3D რუქა მოგვცემს შესაძლებლობას, სხვადასხვა პარამეტრები გაიზომოს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, 3D რუქის მონაცემები მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე - maps.tbilisi.gov.ge.

„გარდა იმისა, რომ არქიტექტურის, ურბანული განვითარების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურებს, მუნიციპალურ ინსპექციას, მიწის ლეგალიზების კომისიას და რაიონულ გამგეობებს ყოველდღიურ საქმიანობაში გამოადგებათ ეს პროდუქტი, ასევე, მისი მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეებისთვის ვებგვერდზე - maps.tbilisi.gov.ge. გარდა ამისა, 516 კვადრატულ კილომეტრზე შემუშავდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი - თბილისის ორთოფოტო გეგმა. ჯამში, ორივე პროექტის ღირებულება დაახლოებით, მილიონი ლარი იქნება. გვგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია განახლება-მოწესრიგება და განსაკუთრებით 3D ფორმატი, სადაც მომხმარებელს ყველაფრის ნახვა შეეძლება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა, სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ახალი კონცეფციაა, რომელსაც კახა კალაძე საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობს.

მისი თქმით, შენობების ექსპლუატაციაში მიღების წლების განმავლობაში არსებულმა პრაქტიკამ უსაფრთხოების მხრივ გარკვეულ პრობლემები დააგროვა და, შესაბამისად,   მუნიციპალიტეტის მხრიდან არსებული წესების გადახედვის საჭიროება შექმნა.

„მუნიციპალური ინსპექციის ვალდებულებაა, როგორც სამშენებლო პროცესის, მათ შორის სამშენებლო უსაფრთხოების კონტროლი, ასევე, დასრულებული სამშენებლო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება. ამ მიმართულებით, ვიცით, რომ პრობლემები გვაქვს, რომელიც ბოლო წლებმა გვაჩვენა. ადამიანებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ისეთ შენობა-ნაგებობებში ეცხოვრათ, რომელიც ექსპლუატაციაში არ იყო მიღებული, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ამ მიმართულებით წესების გადახედვა და დახვეწაა საჭირო. სწორედ ამიტომ შევუდექით მუშაობას და შევიმუშავეთ კონცეფცია, როგორც ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებასთან, ისე მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. უახლოეს მომავალში ვაპირებ, საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდო იმ ცვლილებებთან და გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტმა მიიღო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ზაარბრიუკენისა და მშრალი ხიდების, ასევე, დედა ენისა და 9 მარტის ბაღების სრული რეაბილიტაცია იწყება.

„2019 წელი ჩვენი ქალაქისთვის ინფრასტრუქტურული პროექტებისა და იმ გამოწვევების ღირსეულად გადაჭრის თვალსაზრისით, რომლებიც ქალაქში არსებობს და თითოეულ ჩვენგანს გვაწუხებს, სრულიად განსაკუთრებულია. თუ გასულ წლებს შევადარებთ, წელს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ბიუჯეტი გვაქვს. ამით გვეძლევა შესაძლებლობა, რომ რაც შეიძლება მეტი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ. დღეს ვიწყებთ ზაარბრიუკენისა და მშრალი ხიდების, ასევე, დედა ენისა და 9 მარტის ბაღების სრულ რეაბილიტაციას. ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. სამუშაოების ღირებულება დაახლოებით, ათი მლნ ლარია. ეს კონკრეტული ადგილები ქალაქის ცენტრში მდებარეობს, მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისითაც და პირდაპირ უკავშირდება ორბელიანის მოედანს, რომლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ახალი აღმაშენებელი, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდები, დედა ენისა და 9 მარტის ბაღები ორბელიანის განახლებულ მოედანს დაუკავშირდება და დიდი ტურისტული სივრცე შეიქმნება.

„რაც შეიძლება, მეტი ასეთი სივრცე უნდა შევქმნათ ქალაქში, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ისტორიულ შენობა-ნაგებობებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ვამაყობთ. შესაბამისად, რეაბილიტაციის ფარგლებში, თითოეულ დეტალზე იქნება ყურადღება გამახვილებული, რათა აღნიშნული პროექტი რაც შეიძლება ხარისხიანად და სწრაფად განხორციელდეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

20 მარტი 2019