ირაკლი ხმალაძე - როგორც დღეს ხდება სამშენებლო მასალის მიმოქცევა ქალაქის მაშტაბით, მიუღებელია!

ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი დიდი მიზეზი არის სამშენებლო მასალები - უსისტემოდ და რეგულაციის გარეშე მიმოქცევაში გაშვებული სამშენებლო მასალები. ერთ-ერთი ლოკაცია მათ შორის არის ელიავას ბაზრობა. ამის დაკავშირება იმასთან, რომ ელიავას ბაზრობა გადაგვაქვს, არასწორია.

ელიავას ბაზრობის გადატანა-არგადატანაზე შეიძლება მსჯელობა და ამაზე პოზიციას დღეს ვერ ვიტყვი, მაგრამ მსჯელობას საერთოდ არ ექვემდებარება ის, როგორც დღეს ხდება სამშენებლო მასალის მიმოქცევა ქალაქის მაშტაბით. ეს მიუღებელია! შესაბამისად, ჩვენი ინიციატივა სამშენებლო მასალების, მეორადი საბურავების, ჰაერში ამტვერებადი მასალების, ფეთქებადი და საშიში ნივთიერებების რეალიზების და განთავსების წესების გამკაცრება ემსახურება მიზანს, რომ მოხდეს პრევენცია ჰაერის დაბინძურების შემცირების და უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით.

მე ასე პირდაპირ ამ საკითხს ელიავას ბაზრობასთან არ დავაკავშირებდი, მაგრამ დაგიდასტურებთ, რომ ერთ-ერთი ადგილი, სადაც ხდება მოქალაქეების უფლებების შელახვა, ჰაერის დაბინძურება, არის ელიავას ბაზრობა ისევე, როგორც სხვა ისეთი ადგილები, სადაც ხდება საშენი მასალების უსისტემოდ და რეგულაციების გარეშე განთავსება და მათი გაფრქვევა ჰაერში.

ეს ცვლილებები, რა თქმა უნდა, შეეხება ელიავას ბაზრობასაც ისევე, როგორც სხვა ადგილებს, სადაც ხდება ასეთი ტიპის მასალებით ვაჭრობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ელიავას ბაზრობას გადავიტანოთ ქალაქგარეთ. ეს კიდევ შეიძლება მსჯელობას დაექვემდებაროს.

დღევანდელი თბილისი აღარ არის ელიავას ბაზრობის სტანდარტი, შესაბამისად, უნდა გავაუმჯობესოთ, აუცილებლად. რახან ეს თვითნებურად აქამდე არ მოხდა, ამას მერია გააკეთებს და თავის სათქმელს იტყვის. არ არის ჩვენი სამიზნე ის, რომ ვიღაცამ პროდუქცია ვერ გაყიდოს, მაგრამ დავუდგენთ პროდუქციის განთავსების და ტრანსპორტირების წესებს.

13 მარტი 2019